ნატალია ჯვარიძე
31.03.2026

საპატრიარქოსთვის გაუგებარია, რა საფუძველი აქვს რუსეთის დაზვერვის განცხადებას, რომ თითქოს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს და პატრიარქის თანამდებობაზე ორ კანდიდატს უჭერს მხარს.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთი უკვე პირდაპირ იყენებს „ბასრ ძალას", რაც ქართული საზოგადოების გახლეჩვას გულისხმობს.

რუსეთის დაზვერვა ირწმუნება, რომ მსოფლიო პატრიარქს, რომელმაც მანამდე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა, გამოიწვია რა ამით მოსკოვის გულისწყრომა, სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე მისი პროტეჟე დაწინაურდეს.

„ფანარიოტს ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისეთი წარმომადგენლის დაწინაურება სურს, რომელზე დაყრდნობასაც შეძლებს. ბართლომეოსი ამ როლისთვის კანდიდატებად განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). ის მათ თავის უახლოეს გარემოცვაში წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ვახტანგ მაისაია: „ეს არის კარგად ორგანიზებული დეზინფორმაცია, ე.წ. შავი ფეიკნიუსი, რომლის მიზანი ქართულ საზოგადოებაში არასტაბილურობის ელემენტების შემოტანა და მოსახლეობის გახლეჩვაა"

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „უცნობია ამ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველი".

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ კარგად შენიღბულ „ფეიკს" ავრცელებს, რომლის ფარგლებში ქვეყანაში არასტაბილურობა უნდა შემოიტანოს.

„სადაზვერვო უწყების სახით, რუსეთის ფედერაცია პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და იყენებს ბასრ ძალას. ეს არის სხვა ქვეყნების საქმიანობაში ჩარევის სპეციალური ელმენტები, რომლის ძირითადი მიზანი ამა თუ იმ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე გავლენის მოხდენაა.

„ჰიბრიდული ომი გრძელდება და რუსეთი გავლენის ოპერაციებს ატარებს საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის კარგად ორგანიზებული დეზინფორმაცია, ე.წ. შავი ფეიკნიუსი, რომლის მიზანი ქართულ საზოგადოებაში არასტაბილურობის ელემენტების შემოტანა და მოსახლეობის გახლეჩვაა, რატა მერე ეს საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ასე რომ, პირიქით ხდება, რუსეთი ერევა ჩვენს საქმეებში და არა მსოფლიო პატრიარქი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×