
პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
როგორც მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იოსებ ჯორბენაძემ განაცხადა, კანონპროექტი ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებს.
„თანამშრომლებში ვგულისხმობ დირექტორს, მის მოადგილეებს და სხვა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს - იმ კატეგორიას, რომელთაც აქამდე არსებული კანონის რედაქციით დამატებით, პარალელურად სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის უფლება არ ჰქონდათ. ეს ადამიანები არიან სამედიცინო განათლების მქონე პრაქტიკოსი ექიმები და ექთნები და ამ ცვლილებიდან გამომდინარე, მათ უფლება ეძლევათ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში არამენეჯერული სამედიცინო საქმიანობა შეასრულონ“, - განაცხადა იოსებ ჯორბენაძემ.
კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული პირები სხვა სამედიცინო დაწესებულებაში საქმიანობას განახორციელებენ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.