
საწვავის გაძვირებისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის მიუხედავად, პურის ფასის შენარჩუნებას მწარმოებლები ამ ეტაპზე მაინც ახერხებენ. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ძირითადი პროდუქტი მომხმარებლამდე უცვლელ ფასად მივა, თუმცა პარალელურად ამბობენ, გლობალური პროცესებმა და ენერგორესურსების გაძვირებამ ფასზე გავლენა შეიძლება მომავალში მოახდინოს.
როგორც ცნობილია, საქართველოში საწვავზე ფასებმა ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაახლოებით, 50 თეთრით მოიმატა. ამასთან, უკვე 1-ელი აპრილიდან ძვირდება ელექტროენერგიის ტარიფიც. როგორ აისახება ტარიფების მატება პურის ფასზე, ახლა მთავარი კითხვა ესაა.
საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ ელექტროენერგიის გაძვირება პურის ფასზე გავლენას ამ ეტაპზე არ მოახდენს, ამბობს, რომ პროდუქტი მომხმარებლამდე, მიუხედავად გაზრდილი ენერგოტარიფებისა, იგივე ფასად მივა. აღნიშნავს, რომ დენის გაზრდილი ტარიფი პურის ფასზე ჯერ არ ასახულა და არც უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი.
- მალხაზ დოლიძე: „ამ ომებმა თავისი დაღი ყველაფერს დააჩინა, ყველაფრის ფასი იცვლება, მაგრამ რაც შეეხება პურს, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ფასი არ შეიცვლება"
„მინდა იცოდეთ, რომ მასიურად ამ პროდუქციის ფასი არ შეიცვლება, რა ფასადაც იყიდებოდა, იმ ფასად გაიყიდება. წინასწარ პროგნოზს ვერავინ ვერ გააკეთებს, ამ ომებმა თავისი დაღი ყველაფერს დააჩინა, ყველაფრის ფასი იცვლება, მაგრამ რაც შეეხება პურს, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ფასი არ შეიცვლება."
კითხვაზე, რა მოცემულობაა მარაგების თვალსაზრისით, ამბობს: „მარაგები ივსება, არის კარგი ტენდეცია, ძველი მარაგებიდან თავისუფლდებიან, რიგითობით ხდება შევსება. მოგეხსენებათ, პურის ფასის განმსაზღვრელია ხორბალი, ფქვილის ფასიც დღეს სტაბილურია, სადღაც 53-54 ლარია. ვფიქრობ, ეს ფასი ნორმალურია, ამიტომ ჯერჯერობით ფასები ასე სტაბილურად იქნება," - დასძინა დოლიძემ.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა კი აქცენტს იმ პრობლემებზე აკეთებს, რას მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს. კითხვაზე, როგორ აისახება ელექტრონერგიის გაძვირება საბოლოო პროდუქტზე, ამბობს, რომ ნამდვილად აისახება.
„წისქვილკომბინატები მოიხმარენ ელექტროენერგიას, რაც თავისთავად ასახვას პოვებს საბოლოო პროდუქტზე. ელექტროენერგიის დაახლოებითი პროცენტი 25%-ია. თავისთავად ცხადია, ეს აისახება კალკულაციაში. ცვლილება იქნება სავარაუდოდ არაუმეტეს ერთი ლარისა - ანუ 1 ლარი ტომარაზე. რაც ადრე ღირდა 53-54 ლარი, შეიძლება გახდეს 54-55 ლარი. ისიც სავარაუდოდ ახლა არ იქნება, რადგან მარაგები ჯერ არის, გამოშვებული პროდუქცია დევს და მიწოდებელია პურის ქარხნებში.
- ლევან სილაგავა: „ამ წუთისათვის მსოფლიოშო საკმაოდ რთული მდგომარეობაა. იმის გამო, რომ საწვავთან დაკავშირებით დიდი გამოწვევებია, თავისთავად ეს მოქმედებს კალკულაციაზეც"
„თუ სხვა გამოწვევები არ იქნება ბოლო თვეების განმავლობაში, შემიძლია გითხრათ, რომ სიტუაცია იქნება სტაბილური, თუმცა ვხედავთ, რომ მსოფლიოში ძალიან სწრაფად იცვლება ვითარება."
მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, სილაგავა ხორბლის მიწოდების რისკებზე ამახვილებს ყურადღებას.
„ამ წუთისათვის მსოფლიოშო საკმაოდ რთული მდგომარეობაა. იმის გამო, რომ საწვავთან დაკავშირებით დიდი გამოწვევებია, თავისთავად ეს მოქმედებს კალკულაციაზეც. მეორე საკითხია სასუქი, რომელზედაც ასევე დიდი გამოწვევაა, ეს უფრო მომავლის თემაა, მაგრამ ფასზე ასახვა ახლაც შეიძლება ჰპოვოს."
კითხვაზე, როგორ გავლენას მოახდენს ეს რისკები საბოლოო პროდუქტზე, ამბობს:
„მე ჩამოვთვალე რისკები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფიზიკურად ხორბლის ჩვენთან არსებობა და არა ფასი. ამ წუთას ფასთან მიმართებაში გამოწვევები არ არის."-განაცხადა ბრიფინგზე სილაგავამ.