
მოვისმინეთ იმის დადასტურება, რომ ორბანი და სიიარტო პოლიტიკურად დამოკიდებული არიან მოსკოვზე, რთულია ვინმემ რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინოს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ირლანდიელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტრაგედია იმაშია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ - თავად ორბანმა და მინისტრმა სიიარტომ - ფაქტობრივად დატოვეს ევროკავშირი.
რაც შეეხება უნგრელ ხალხს, პოლონეთის პრემიერის თქმით, პოლონეთს უყვარს უნგრეთი და პოლონელებს უყვართ უნგრელები, შესაბამისად, მოხარულები არიან ევროპული საზოგადოების ნაწილად ყოფნით უნგრელ ხალხთან ერთად.
"რაც მოვისმინეთ, რასაც უკვე ვეჭვობდით, ვიქტორ ორბანის მთავრობისა და მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი სიიარტოს, მოსკოვზე ღრმად შემაშფოთებელი პოლიტიკური დამოკიდებულების, უბრალოდ დადასტურებაა.
დიდი ხანია არ მომისმენია, თუ ოდესმე მომისმენია, ასეთი გულდასაწყვეტი რამ. რაც ამ ჩანაწერებმა გამოავლინა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბუდაპეშტის მოსკოვზე პოლიტიკური დამოკიდებულება; ამან გამოააშკარავა რეალურად რამდენად მიუღებელი და უცნაურია ეს ურთიერთობები.
ევროპული ქვეყნის, ევროკავშირის წევრის, საგარეო საქმეთა მინისტრი ანგარიშს აბარებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავალების შესრულებაზე და მოთმინებას სთხოვს, ვინაიდან, იცის, რომ კიდევ რამდენიმე დავალება უნდა შეასრულოს?! რთულია ვინმემ რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინოს. სრულიად მადისკვალიფიცირებელია...
პოლონეთს უყვარს უნგრეთი, და პოლონელებს უყვართ უნგრელები; ჩვენმა მეგობრობამ ათწლეულები და საუკუნეები გაძლო. ამიტომაა ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ უნგრეთში ყველამ გაიგოს ეს: ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა. გვიხარია ევროპული საზოგადოების ნაწილად ყოფნა უნგრელ ხალხთან ერთად.
ტრაგედია იმაშია, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობამ - ნამდვილად თავად ორბანმა და მინისტრმა სიიარტომ - ფაქტობრივად დატოვეს ევროკავშირი დიდი ხნის წინ", - განაცხადა ტუსკმა.
თავის მხრივ, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა სიიარტოს ლავროვთან საუბრის ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომ "ეს მიუღებელია" და აღნიშნა, რომ "ეს ადასტურებს ბევრის ეჭვს, რომ უნგრეთის მთავრობა დიდი ხანია რუსეთის საქმეს აკეთებს ევროკავშირში".