
ინფლაციასთან დაკავშირებული პროგნოზი უარესობისკენ იცვლება. ამ მხრივ გარკვეული გავლენა გეოპოლიტიოკურმა ვითარებამ მოახდინა. სულ ახლახან დენის ტარიფის ზრდასთან მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი რისკები კიდევ უფრო გაზარდა. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს და შესაძლოა, საგანგაშო ნიშნულამდე ავიდეს.
"გალტ ენდ თაგარტის" პროგნოზით წლევანდელი ინფლაცია 3-დან 4.2%-მდე გაზარდა. საინვესტიციო ბანკის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ელექტროენერგიის გაძვირების ეფექტი ინფლაციაზე 0.7 პროცეტული პუნქტი იქნება.
"ჩვენი შეფასებით, ტარიფის ცვლილების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტი ინფლაციაზე, აპრილიდან მოყოლებული 0.7 პროცენტული პუნქტი იქნება. ეს შეიძლება ჩაითვალოს ერთჯერადად, რის გამოც შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული რეაგირება არ მოახდინოს, თუმცა გასათვალისწინებელია არაპირდაპირი ეფექტებიც, რაც მცირე ბიზნესისთვის ტარიფის გაძვირებით არის განპირობებული.
თუ წლის დასაწყისში საშუალო წლიურ ინფლაციას 3%-ის ფარგლებში ველოდით, ახლა პროგნოზი 2026 წლისთვის 4.2%-მდე გავზარდეთ. ეს გათვლა ეყრდნობა დაშვებას, რომ ირანის ირგვლივ არსებული ესკალაცია 2-3 თვეში გადაიჭრება, რის შემდეგაც ნავთობზე ფასი შემცირდება, თუმცა ომამდელ ნიშნულს (65-70 დოლარი) მაინც ვერ დაუბრუნდება და წლის ბოლომდე 80 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება.
იმ შემთხვევაში თუ ნავთობის ფასი 100-დოლარიან ნიშნულს ზემოთ ჩვენს სცენარზე დიდხანს იქნება, ინფლაცია 4.2%-იან პროგნოზს გადააჭარბებს. ასეთ სცენარში არ არის გამორიცხული, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასაც მიმართოს", - განაცხადა ქავთარაძემ.
ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სურსათის ფასებზე გავლენის შეფასება, მარეგულირებლის კომპეტენციას სცილდება და ქვეყანაში ინფლაციის ანალიზი, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს - ასეთია სემეკის პოზიცია.
“რასაკვირველია, მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში არ შედის ინფლაციის მაჩვენებლების პროგნოზი და ანალიზი, თუმცა ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს ტარიფები არის ის აუცილებელი შემოსავლის წყარო კომპანიებისთვის, რომლითაც მათ მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის სტაბილური და შეუფერხებელი მიწოდება უნდა უზრუნველყონ.
ტარიფების ცვლილება ამ სამთვიანი კონსულტაციების პირობებში მოსალოდნელი იყო, რასაკვირველია, ყველა დეტალური ინფორმაცია მიწოდებული იქნა საქართველოს მთავრობისთვის და ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, საჯაროა“, - განაცხადა სემეკის წევრმა გივი სანიკიძემ.
დენის ტარიფის გაძვირებას ინფლაციაზე პირდაპირ ზეწოლად მიიჩნევს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი და ხაზს უსვამს რომ ეს დანამდვილებიტ გაზრდის სამომხმარებლო ხარჯებს.
,,დენის ტარიფის გაძვირება პირდაპირი ზეწოლაა ინფლაციაზე. ელექტროენერგია შედის ბევრი პროდუქტის თვითღირებულებაში. შესაბამისად, ხარჯის დასაფარად მოხდება გაძვირებაც. პარალელურად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი თუ გაგრძელდება, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასი შენარჩუნდება, რაც დამატებითი პრობლემა იქნება. ეს ეროვნულმა ბანკმაც იცის და მართალია, ჯერ არ გაუზრდიათ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, თუმცა მომდევნო სხდომაზე ალბათ გაზრდიან.
ამ შემთხვევაში, ერთადერთი, რაც სახელმწიფოს შეეძლო ის იყო, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი არ გაეზარდა. შესაძლებელი იყო გადმოგვეღო სხვა ქვეყნების მაგალითი, რომლებმაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისიდან გამომდინარე გადასახადები შეამცირეს ნავთობპროდუქტებზე. ამით ნაკლები წნეხი იქნებოდა ინფლაციაზე, მაგრამ ეს ფული ბიუჯეტს დააკლდებოდა, რაც ცალსახად, პრობლემაა. მოკლედ, ძალიან კომპლექსური ამბავია, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია და არ აკეთებს.
მართალია, ელექტროენერგიის 5 თეთრი გაძვირება თითქოს ნაკლებად ჟღერს, მაგრამ ეს ძალიან დიდი მატებაა. ინფლაციის ზრდასაც საკმაოდ უწყობს ხელს. თუ რამდენად შეიძლება გადააჭარბოს მიზნობრივს, ამის პროგნოზირება ძნელია. თანაც ძალიან ვართ დაოკიდებული ნავთობის ფასებზე და რთულია პროგნოზი გააკეთო. ერთი რამ ცხადია, ხელოვნურად ფასებს ვერ გააჩერებ. ერთადერთი რაც დარჩა, ნავთობპროდუქტებზე გადასახადების დროებით შემცირებაა", - აღნიშნა ბერიკაშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.
იგივე მოსაზრებას იზიარებს და დიდი ინფლაციის მოლოდინები აქვს ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილსაც. მისი ვარაუდით, შესაძლოა, შარშანდელ მაჩვენებელს ბევრად გადააჭარბოს და 2-ჯერ ან უფრო მეტადაც გაიზარდოს.
,,სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ინფლაციური მოლოდინია. ცხადია, ის დაგეგმილს ბევრად გადააჭარბებს და ამას ყველა ჩვენგანი საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. ფასების ზრდის დიდი ტალღა იქნება. რასაც ხელს ელექტროენერგიის 33%-იანი გაძვირება უწყობს. მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის კრიზისის წინაშე დგას, ჩვენ ელექტროენერგიას ვაძვირებთ. შედეგად მივიღებთ იმას, რომ მოკვდება წარმოება ან ყველაფერი ძალიან გაძვირდება.
ერთბაშად გაიზარდა ტარიფი და წარმოუდგენელია ამან სხვა პროდუქციის ფასებზე ასახვა არ ჰპოვოს. ელექტროენერგიისა და საწვავის გაძვირება გამოიწვევს ყველაფერზე ფასის მატებას. ამ შოკების მიმართ რამდენად ვართ მზად, ეს ცალკე საკითხია.
ძალიან მკაცრი და ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, გაძვირების კიდევ ერთი სერიოზული ტალღა იქნება, რაც ყველაზე მძიმედ მოსახლეობას დააწვება. უკვე ვხვდებით გაზრდილი ფასებით, რაც არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელიც ჩვენვე გვღუპავს.
ძალიან უხეშად, რომ ვთქვათ, თუ 3% გვაქვს მიზნობრივი ინფლაცია, შეიძლება გაორმაგდეს და 6%-მდე ავიდეს ან უფრო მეტიც იყოს. ახლა მაინც რთულია პროგნოზირება", - განაცხადა ,,რეზონანსთან" ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ რაღაც დონეზე ეროვნულ ბანკს შეუძლია მართოს შოკი, მაგრამ თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება, მარტო ის ვერაფერს გახდება. შესაბამისაად, სახელმწიფო დონეზე სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ამ მხრივ ბევრმა ქვეყანამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯებიც.