თამთა ჩაჩანიძე
01.04.2026

ირანის ომმა შესაძლოა დასავლური უსაფრთხოება დიდი ცვლილების ზღვარზე დააყენოს, აშშ უკვე სერიოზულად აანონსებს, რომ ამ კონფლიქტის შემდგომ ნატოს-თან ურთიერთობის გადახედვა გარდაუვალი იქნება. ანალიტიკოსთა შეფასებით, ვაშონგტონმა შესაძლოა გადააფასოს თანამშრომლობის ფორმატი, სამხედრო ვალდებულებები და უსაფრთხოების სტრატეგია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონში ირანის ომამდეც და ახლაც სულ უფრო აქტიურად განიხილება ალიანსში ტვირთის გადანაწილების საკითხი, რაც გულისხმობს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ამ ფონზე კი, დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურა ახალი რეალობის წინაშე დგება - დარჩება ნატო უცვლელი ფორმით, თუ გარდაიქმნება.

დასავლური მედიები იმასაც კი წერენ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ნატო-დან გასვლას უკვე რეალურად განიხილავს.

დიდი ცვლილებების ზღვარზე?

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპელი მოკავშირეებით უკმაყოფილოა და ახლა აშშ მოკავშირეებს ფაქტიურად ახალ კონცეფტს სთავაზობს.

  • კორნელი კაკაჩია: "ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ისეც არაა, რომ აშშ ერთი ხელისმოსმით ნატო-ზე უარს იტყვის, უბრალოდ აქცენტები შეიცვლება"

"რაც ახლა ირანის გარშემო ხდება, აშკარაა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თავისი ევროპელი მიკავშირეებით უკმაყოფილოა. ტრამპს მიაჩნია, რომ აშშ უფრო მეტს აკეთებს და უფრო მეტი დახარჯეს (რაც სიმართლეცაა) ნატოს უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულებში, ვიდრე დანარჩენმა მოკავშირეებმა.

"აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დგება, უბრალოდ სხვადასხვანაირად ესმით ცივი ომის შემდგომი ნატო-ს ფუნქცია, როგორც აშშ-ს, ისე ევროპულ პოლიტიკურ ელიტას. ნატო ცივი ომის პერიოდში შეიქმნა და ახლა აშშ ალიანსს ფაქტიურად ახალ კონცეფტს სთავაზობს.

"ანუ წინათ თუ ის თავდაცვითი ბლოკი იყო, ახლა აშშ უკმაყოფილოა, რომ ნატოს წევრები არ ეხმარებიან მისი სამოქმედო არეალის გარეთ. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას მიაჩნია, რომ ეს უკვე ალიანსის მანდატს სცილდება, თუმცა იყო შემთხვევები, თუნდაც ავღანეთში, როდესაც ევროპის ქვეყნები ნატოს არეალის გარეთ ეხმარებოდნენ",- განაცხადა მან.

კაკაჩია ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არც ისაა გამორიცხული, რომ ნატოს წესდების შეცვლაზეც მიდგეს სააქმე.

"ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ისეც არაა, რომ აშშ ერთი ხელისმოსმით ნატო-ზე უარს იტყვის, უბრალოდ აქცენტები შეიცვლება. აშშ-ს თავისებური გააზრების ახალი კონცეპტის შეთავაზება სურს და მთავარია, რამდენად დათანხმდებიან ევროპელი მოკავშირეები, რადგან ევროპაშიც უკვე მიდის საუბარი - გამომდინარე იქიდან, რომ აშშ გარანტიას არ იძლევა, თვითონ ევროპაში შეიქმნას, ახალი ალიანსი, ევროპელები ცდლობენ მეტი იმუშაონ ევროპის სტრატეგიულ ავტონომიაზე, რა გამოვა დრო გვაჩვენებს",- განაცხადა კაკაჩიამ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას თქმით, აშშ ნატოდან არ გამოვა, თუმცა შესაძლოა თანამშრომლობის სტრატეგია შეცვალოს.

"ნატო-ში ამერიკა დარჩება და ამაში ორი აზრი არაა, რამდენიმე ვარიანტია, რაც შეიძლება აშშ-მა გააკეთოს - შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი არაფორმალური გაერთიანება შექმნას სამხედრო-პოლიტიკურ კონტექტში, სადაც შეიძლება შევიდნენ ტრამპის პოლიტიკასთან უფრო ახლოს მდგომი ევროპული სახელმწიფოები.

"მეორე ვარიანტი ალბათ ისაა, რომ როგორც ჩანს, ტრამპი კატეგორიულ მოთხოვნას დააყენებს, რომ ალიანსში ტვირთი და პასუხისმგებლობა თანაბრად გადანაწილდეს, რომ ყველა ქვეყანამ თავდაცვის ხარჯები 5%-მდე გაზარდონ, ან პირიქით აშშ-მა შეამციროს.

"მესამე კი ისაა, რომ გარკვეულწილად ახალი სტრატეგიული კონცეფცია შეიმუშაონ.

  • ვახტანგ მაისაია: "როგორც ჩანს, ტრამპი კატეგორიულ მოთხოვნას დააყენებს, რომ ალიანსში ტვირთი და პასუხისმგებლობა თანაბრად გადანაწილდეს, რომ ყველა ქვეყანამ თავდაცვის ხარჯები 5%-მდე გაზარდონ, ან პირიქით აშშ-მა შეამციროს"

"არ გამოვრიცხავ ტრამპმა ნატოს წევრ სახელმწიფებს ულტიმატუმი წაუყენოს, რომ მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები გაფართოვდეს. შეიცვალოს და კოლექტიური თავდაცვიდან, საერთაშორისო უსაფრთხოების მისია აიღოს და გაუტოლდეს საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსს",- განაცხადა მაისაიამ.

რას ამბობს ტრამპის ადინისტრაცია

"ტელეგრაფის" ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატო-დან გაყვანას მას შემდეგ, რაც ალიანსი ირანის წინააღმდეგ მის ომში არ ჩაერთო. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი" უწოდა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ალიანსიდან გასვლა „გადახედვას არ ექვემდებარება".

„დიახ, ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას არ ექვემდებარება. ნატო-მ ვერასდროს გადამარწმუნა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვი" იყვნენ და პუტინმაც, სხვათა შორის, ეს იცის", - განუცხადა დონალდ ტრამპმა "ტელეგრაფ"-ს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით კი, ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს და არსებობს პოტენციალი, რომ ორ მხარეს შორის გარკვეულ მომენტში „პირდაპირი შეხვედრა" შედგეს.

„მიმდინარეობს შეტყობინებების გაცვლა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არსებობს პოტენციალი, რომ გარკვეულ მომენტში პირდაპირი შეხვედრაც შედგეს", - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ირანთან ომის შემდეგ ვაშინგტონს ნატო-სთან ურთიერთობების გადახედვა მოუწევს.

„საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, მოგვიწევს გადახედვა, ემსახურება თუ არა ეს ალიანსი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგად ემსახურებოდა ამ ქვეყანას, კვლავ ამ მიზანს, თუ ის ახლა ცალმხრივ ქუჩად იქცა, სადაც ამერიკა უბრალოდ ევროპის დასაცავად დგას, მაგრამ როდესაც ჩვენი მოკავშირეების დახმარება გვჭირდება, ისინი გვიკრძალავენ ბაზების გამოყენების უფლებას და გვიკრძალავენ ფრენას", - აღნიშნა რუბიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×