
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გამოყენება მათთვის მიუღებელია და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი თარიღები არ უნდა იქცეს პოლიტიკური დაყოფის ინსტრუმენტად, რადგან ეს აზიანებს, როგორც პოლიტიკურ პროცესს, ისე საზოგადოებრივ კონსენსუსს.
ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ ანალიტიკოსებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ოპოზიციის ალიანსი" ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება".
ამ ინფორმაციას კი მმართველ პარტიაში კრიტიკულად გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ "ოპოიციას საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანა სურს". ანალიტიკოსებს კი
რას ფიქრობენ გახარიას პარტიაში
"გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატი ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ 26 მაისის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის დაუშვებელია.
"ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელ პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან შეხვედრები და მათთან მუდმივად საუბარი, თუმცა საქართველოს ბედი და ჩვენი პოლიტიკური ვითარება უნდა წყდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხალხის მიერ. ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი - ჩვენი ქვეყნის ბედი მშვიდობიანი ფორმით გადაწყდეს.
"რაც შეეხება 26 მაისს, ეს არის ეროვნული დატვირთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ჩვენი გუნდისთვის ეროვნულობა, სუვერენიტეტი და ქვეყნის დამოუკიდებლობა არის ზეპარტიული საკითხები და ამის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური ფლანგის მიერ საკუთარი სარგებლისთვის, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.
"შესაბამისად, 26 მაისის გამოყენება და 26 მაისის „ოცნების" მხარდამჭერებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა ჩვენთვის, მიუღებელია. ეს დღე არის ჩვენი და ჩვენი ხალხის დღე. მნიშვნელოვანია, რომ რაღაც თარიღებზე არ იყოს ჩამოკიდებული ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა.
"ჩვენთვის შარშანაც 26 მაისი უმნიშვნელოვანესი, ეროვნული მნიშვნელობის მატარებელი დღე იყო. არ მახსოვს აქციის ფორმა ჰქონდა ამას თუ რა ფორმა ჰქონდა, თუმცა იმას, კონკრეტული ადამიანი მონაწილეობს თუ არა ამ პროცესში, მგონი ნაკლებად აქვს მნიშვნელობა", - განაცხადა ხვედელიანმა.
სახელმწიფო მნიშვნელობის თარიღები პოლიტიკაში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 26 მაისი აქციისთვის კარგი დროა, რადგან მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რის საფუძველზეც ოპოზიციამ ხალხის სიმრავლე უნდა აჩვენოს.
- ნიკა ჩიტაძე: გახარიას პარტიას თავისი რაღაც მიმართულება აქვს... მათი პოზიცია შეიძლება ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამდეს, მაგრამ ამავე დროს ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ, ოპოზიციასაც, რაღაცნაირად ხომ უნდა გაამართლონ პარლამენტში შესვლა"
"მემგონი 26 მაისი კარგი დროა, რადგან მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, იგივე რეგიონებში შეხვედრები. ოპოზიციამ ხალხის სიმრავლე უნდა აჩვენოს, იმ ადამიანების, ვისთვისაც დღევანდელი ხელისუფლება მიუღებელია. გახარიას პარტიას თავისი რაღაც მიმართულება აქვს, რომ ერთის მხრივ ძირითად ოპოზიციას აკრიტიკებს და მეორეს მხრივ ხელისუფლებას, თითქოს იმის ჩვენება სურთ რომ სწორედ ისაა რეალური მესამე ძალა.
"ეს მათი პოზიცია შეიძლება ხელისუფლების წისქვილზე წყალს ასხამდეს, მაგრამ ამავე დროს ხელისუფლებასაც აკრიტიკებენ, ოპოზიციასაც, რაღაცნაირად ხომ უნდა გაამართლონ პარლამენტში შესვლა. შესაძლოა "ლელომაც" 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით იგივე პოზიცია დაიკაოს, თუმცა ვფიქრობ, რომ ის შეცდომას უშვებს, რადგან არსად არ ფიქსირდება. თუმცა არ გამოვრიცხავ რაღაც ზეწოლას ჰქონდეს ადგილი, ვიცით, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს მილიონი ლარის გირაო დაადეს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია თარიღებით მანიპულირებს და ამით გამოჩნდა, რომ სუსტია.
"მეც მგონია, რომ ეს თარიღებით სარგებლობაა. რამდენიმე თარიღია - 9 აპრილი, 26 მაისი და ა.შ. როდესაც ხალხი თავისი ნებით გამოდის, ოპოზიცია იმდენად სუსტია, ხალხი ვერ გამოჰყავს, ამიტომ არსებულ თარიღებს აჯდება. კარგად არ მოიქცნენ, ეს იგივეა, როცა ადგილობრივი არჩევნების დღით რომ რევოლუცია დანიშნეს.
"დაენიშნათ 27-28 მაისს, ხალხი გამოეყვანათ მაგ დღეებში რა პრობლემაა, თუ შეუძლიათ. 26 მაისს მაინც უამრავი ადამიანი გამოდის, მათ შორის ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრეები, ნეიტრალური ადამიანები, რომლებიც არჩევნებშიც კი არ მონაწილეობენ. ეს ოპოზიციაზე კარგად არ მეტყველებს, ეს აღიარებითი ჩვენებაა, რომ მათ ხალხის გამოყვანა არ შეუძლიათ და ამიტომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან დღეს დანიშნეს აქცია. არაა საჭირო თარიღებით მანიპულირება.
"ეს არაკეთილსინდისიერი პოლიტიკაა, "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეებსაც კი, მაგალითად მე, მიმაჩნია რომ კარგია რომ აქტიურობენ, ნებისმიერი სხვა თარიღი რომ ნეიტრალური დაენიშნათ ვიტყოდი, რომ ყოჩაღ, მაგრამ თავიანთ ღონისძიებას რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან თარიღს ასვამენ, ეს არასწორია.
- პაატა ზაქარეიშვილი: "ეს ოპოზიციაზე კარგად არ მეტყველებს, ეს აღიარებითი ჩვენებაა, რომ მათ ხალხის გამოყვანა არ შეუძლიათ და ამიტომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან დღეს დანიშნეს აქცია. არაა საჭირო თარიღებით მანიპულირება"
"ამიტომ, ვფიქრობ უნდა დაფიქრდნენ, რადგან მომავალში ასე მაინც ნუ მოიქცევიან, წინ არჩევნებია და საჭიროა უფრო კორექტულები იყვნენ და პატივი სცენ, როგორც თავის ამომრჩევლებს, ისე იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ეს რეჟიმი მიუღებელია,მაგრამ მათთან არ არიან",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.