
მიუსაფარ ძაღლებზე ამტყდარ სკანდალმა უკვე პოლიტიკური სახე მიიღო. უფლებადამცელების მტკიცებას, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუჩიდან აყვანილი ცხოველები გორის კრემატორიუმში ცოცხლად დაწვა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა. დავით სონღულაშვილმა გავრცელებულ ცნობებს ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ დეფინფორმაციის გავრცელებაში ყველა პასუხს აგებს. ცხოველთა მოყვარულები კი, თბილისსა და ბათუმში აქციას მართავენ.
დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა წარმატებით ხორციელდება, ხოლო ამ პროგრამის წინააღმდეგ ცილისწამების ფაქტები იქნება გამოძიებული და ვინც ჩართულია დეზინფორმაციასა და ზეწოლაში, პასუხს აგებს კანონის ფარგლებში.
- დავით სონღულაშვილი: „ეს პროცესები პროვოცირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ემოციური განწყობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის."
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ პროგრამის წინააღმდეგ გავრცელებული გარკვეული განცხადებები და კამპანიები არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს. ეს პროცესები პროვოცირებულია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ემოციური განწყობის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვნად აფერხებს პროგრამის ეფექტიან განხორციელებას და ზიანს აყენებს, როგორც საზოგადოებრივ ინტერესს, ისე თავად ცხოველთა დაცვის საქმეს.
„ამასთანავე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე. ყველა ასეთი ცილისწამების ფაქტი იქნება სათანადოდ გამოძიებული და თითოეული პირი, რომელიც ჩართულია მიზანმიმართულ დეზინფორმაციასა და ზეწოლაში, აგებს პასუხს კანონის ფარგლებში", - განაცხადა სონღულაშვილმა.
4 აპრილს, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად, თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა. კერძოდ, 4 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველები აქციას გამართავენ, ლოზუნგით: „არა მიუსაფრების გენოციდს, იყავი მიუსაფრების ხმა".
იმავე დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლოზუნგით - „არა მიუსაფარი ცხოველების გენოციდს".
მოვლენათა ქრონოლოგია
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა ცხოველების დაცვასთან დაკავშირებით ახალ გადაწყვეტილებას. #412 დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებმა უნდა უზრუნველყონ:
• ცხოველების ჰუმანური დაჭერა (არ შეიძლება სასტიკი მეთოდები);
• მათი გადაყვანა შესაბამის ცენტრში/თავშესაფარში;
• ვეტერინარული პროცედურები;
• ვაქცინაცია;
• სტერილიზაცია/კასტრაცია;
• საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა;
• და შემდეგ - გარემოში დაბრუნება ან თავშესაფარში დატოვება.
ამან ცხოველთამოყვარულებში პროტესტი გამოიწვია და ითხოვენ ამ პუნქტის გაუქმებას, რადგან, მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას.
- ცხოველთა დამცველები: „გვიან ღამით თავშესაფარში შესულა სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანები, ნახევარ საათში კი ჩაირთო კრემატორიუმი, რომელიც 5 საათის განმავლობაში მუშაობდა. ხელმძღვანელმა დაადასტურა - კი, ძაღლები დავწვითო."
ამის გამო 29 მარტიდან მცირე აქციებიც კი გაიმართა. თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხვადასხვა რეგიონში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ცხოველების მასიურად აყვანა ქუჩიდან. ისინი ამბობდნენ, რომ ცხოველებს ჩაუტარდებოდათ ვეტერინარული მანიპულაციები და ისევ დააბრუნებდნენ, ოღონდ საზოგადოების თავშეყრის ადგილებიდან შორს.
ამას მოჰყვა ცხოველთა მოყვარულების პროტესტი, განსაკუთრებით მათი, ვისაც ცხოველები მიკედლებული ჰყავდათ - უვლიდნენ, აჭმევდნენ და ა.შ. ისინი ამბობდნენ, რომ ცხოველები უკვე დამუშავებული იყვნენ და არ საჭიროებდნენ არანაირ ჩარევას.
„ფეისბუქში" ვირუსულად გავრცელდა გორში არსებული ცხოველების კრემატორიუმის ვიდეოები, საიდანაც კვამლი ამოდიოდა. ამბობდნენ, რომ მიდიოდა ცხოველთა დაწვა. ერთი ვერსიით ქუჩიდან აყვანილ ძაღლეს ცოცხლად წვავდნენ და ახლომახლო დამწვარი ბეწვისა და ხორცის სუნი იდგა.
1-ლ აპრილს, გორში, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფართან აქცია გაიმართა, სადაც ადგილობრივებს თბილისიდან ჩასული აქტივისტები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა თავშესაფრის ადმინისტრაციასთან შეხვედრა და ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გასაჯაროება მოითხოვეს, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, რეალურად რა ხდება თავშესაფარში.
მათი განცხადებით, აუცილებელია ვითარების გამჭვირვალობა.
„როგორც თვითმხილველები ამბობენ, გუშინ გვიან ღამით თავშესაფარში შესულა სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანები, ნახევარ საათში კი ჩაირთო კრემატორიუმი, რომელიც 5 საათის განმავლობაში მუშაობდა. დაურეკიათ თავშესაფრის ხელმძღვანელთან, რომელსაც დაუდასტურებია და უთქვამს, რომ - კი, ძაღლები დავწვითო. ამასთან, რამდენიმე მკვდარი ძაღლი, რომელიც ვითომ გორში იპოვეს და დაწვეს, ამას კრემატორიუმის 5-საათიანი მუშაობა არ სჭირდებოდა. გონივრული ეჭვიც არ სჭირდება, პირდაპირ ფაქტი არსებობს, რომ ბევრი ძაღლი დაწვეს", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოგვიანებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წლის 10 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის რეგიონებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აყვანილია 502 ძაღლი (კახეთი - 423, იმერეთი - 22, ზუგდიდი - 57).
მათივე ცნობით, ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი ვეტერინარული მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები. როგორც საააგენტოში აღნიშნავენ, 435 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება.
განსხვავებულს ამტკიცებენ ცხოველთა დამცველები. ორგანიზაცია „ენიმალ პროჯექტის" წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სააგენტოს უკვე სტერილიზებული ცხოველები გადაჰყავთ.
„ხშირად მიჰყავთ უკვე სტერილიზებული საჭდიანი ცხოველებიც. ამ ფაქტებს ადასტურებენ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდანაც მთელი საქართველოს მასშტაბით.
„გვაქვს შემთხვევები წავკისშიც და თბილისშიც, მათ შორის ფონიჭალაშიც მიუხედავად იმისა, რომ თბილისს ეს საპილოტო პროგრამა არ ეხება. ბოლო პერიოდში ვირუსულად გავრცელდა კადრები ზუგდიდიდანაც, სადაც ადგილობრივმა მოქალაქემ, სალომე ფარცვანიამ შეძლო და გადაიღო ვიდეო-ფოტო მასალები, სადაც, სავარაუდოდ, მისი მიკედლებული ძაღლიც წაიყვანეს და ნათლად ჩანს ამ ფოტომასალაში, რომ სტერილიზაციისთვის გადაყვანილ ცხოველებს უკვე უკეთიათ საჭედები, თუმცა ცხოველები მაინც წაიყვანეს.
„სურსათის ეროვნული სააგენტო საჯაროდ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ამბობს, რომ აღნიშნული ძაღლები გადაყვანილი არიან მანიპულაციებისთვის ქუთაისში და რომ ისინი დაბრუნდებიან უკან. სინამდვილეში, ფარცვანიასთან პირად საუბრებში ასევე რამდენიმე სხვა დაინტერესებულ პირთან - ვეტერინარებთან, ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირად საუბრებში აღნიშნეს, რომ ცხოველების უმეტესობა უკან აღარ დაბრუნდება. თუ სად მიჰყავთ ცხოველები, ამაზე მათი პასუხი გახლავთ - „ბუნებაში გავუშვით".
„ნებისმიერ შემთხვევაში, გასტერილებული ცხოველების სხვა ტერიტორიებზე გადასახლება და მით უმეტეს მათი დაუსახლებელ ტერიტორიებზე დატოვება, არის ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, არაჰუმანური აქტი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის, რომელიც 2025 წლის ივლისში თავადვე მიიღო „ქართულმა ოცნებამ".
„გუშინ ზუგდიდელი ძაღლების ნაწილი მართლაც დააბრუნეს. ზუგდიდელი აქტივისტები დილის 7 საათიდან პატრულირებენ ქუთაისის თავშესაფართან, რომ ენახათ სად წაიყვანდნენ ძაღლებს. დაახლოებით 28 ძაღლი ჩამოსვეს სრულიად უკაცრიელ ტერიტორიაზე, სადაც მხოლოდ 1 მანქანაა და არის ავტომაგისტრალი", - აღნიშნავენ ცხოველთა დამცველები.
მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელმა ბექა გიუნაშვილმა კი განაცხადა, რომ არსებული კრემატორიუმი გამოიყენება მხოლოდ სხვადასხვა ქირურგიული და ვეტერინარული მანიპულაციის შედეგად მიღებული ნარჩენების და უკვე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაციისათვის.
სურსათის ერევნულმა სააგენტომ გავრცელებულ ინფორმაციას ასევე ტყუილი უწოდა. მათი ინფორმაციით, პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება, ითვალისწინებს ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და კასტრაცია/სტერილიზაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ისინი დაავადებებისგან, ასევე, დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება.
პოლიტიკური შეფასებები
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცხოველების დაწვის არანაირი ფაქტი არ არსებობს.
„მგონი ყველამ კარგად დავინახეთ, რა იდგა ამ ყველაფრის უკან, სამწუხაროა, როდესაც მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. ზოგადად, მიუსაფარი ძაღლების თემა სენსიტიურია და ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს ამ საკითხს. ამის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია. საზოგადოებამ დაინახა პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. რაც შეეხება პრობლემას, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის.
თბილისის მაგალითზე შემიძლია ვისაუბრო, თუ რას ვაკეთებთ. ბოლო წლები იმდენი სტერილიზაცია-კასტრაცია ჩატარდა, რაც არ მგონი არასდროს გაკეთებულა. გარდა ამისა, ახალი 2 პროექტი ხორციელდება, ერთი გლდანში - თავშესაფარი 500 ძაღლზე. ზოგადად, ამ საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება მიუღებელია და დაუშვებელია. როდესაც მძიმე ფატებზე საუბრობენ, ამბობენ, ძაღლებს ცოცხლად წვავენო, არანაირი ფაქტი არ არსებობს! კონკრეტული ერთი ფაქტი არ წარმოუდგენია არავის. ეს არის მიზანმიმართული ტყუილი",- აღნიშნავს კალაძე.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლაშა ავალიანმა განაცხადა, რომ შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით.
„ზოგიერთ ვიდეოში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი ის, რაც რეალობას არ შეესაბამება. შინაურ ბინადარ ცხოველებთან მიმართებაში ღონისძიებები მიმდინარეობდა კახეთსა და იმერეთში; ასევე, გამოიყო ჯგუფი, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დაიწყო ოპერირება და პირველი გასვლა ადგილობრივ მერიასთან ერთად განხორციელდა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო არც ერთ სხვა რეგიონში და მუნიციპალიტეტში არ შესულა და არც ერთ სხვა თავშესაფარში ცხოველები არ მიუყვანია", - განაცხადა ლაშა ავალიანმა.