
სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, პრემიერი ნიკოლ ფაშინიანისა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მცირე სკანდალით დასრულდა. პუტინმა სომხეთის ლიდერს პრაქტიკულად ღიად მოსთხოვა, რომ არჩვნებში მონაწილეობა მიიღონ პრორუსულმა ძალებმა და მათ შრის პატიმრობაშ მყოფმა პოლიტიკოსებმა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ სომხეთში პოლიტიკური პროცესებში ჩართული პირები პატიმრობაშ არ არიან, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის მმართველმა პარტია „სამოქალაქო თანხმობამ" ფაშინიანი პრემიერობის კანდიდატად უკვე დაასახელა. მის მეტოქეებს შორის არიან ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსი" - რომელსაც 101-წევრიან პარლამენტში ამჟამად 29 მანდატი აქვს; პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი" და ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი".
ფაშინიანის „გაჯიუტებას" კი უკვე მოყვა პირველი მინიშნება კრემლიდან - სომხეთის ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ბოლო პერიოდში საეჭვოდ გაიზარდა სომხური პროდუქციის იმპორტი რუსეთში და ხშირ შემთხვევაში ამ პროდუქციის ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია.
პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა მოსკოვში გაიმართა. ჟურნალისტების თანდასწრებით გამართული საუბრისას რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში არსებული პრორუსული ძალები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მათ შორის ისინიც, ვინც პატიმრობაში იმყოფებიან. ასევე ახსენა, რომ, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 2 მილიონი სომეხი ცხოვრობს.
- ვლადიმირ პუტინი: „(სომხეთში) ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია. ვიცით, რომ ბევრი მათგანი ციხეებშია მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსული პასპორტები აქვთ... გვსურს, რომ მათ შიდაპოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეძლონ".
„ჩვენ სომხეთში ბევრი მეგობარი გვყავს. ასევე, რუსეთის ფედერაციაში ბევრი სომეხი ცხოვრობს, 2 მილიონზე მეტი. ამის სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. (სომხეთში) ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია. გვსურს, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკოსს არჩევნების დროს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეეძლოს. ვიცით, რომ ბევრი მათგანი ციხეებშია, მიუხედავად იმისა, რომ მათ რუსული პასპორტები აქვთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია და ჩვენ არ ვერევით, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, გვსურს, რომ მათ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა შეძლონ", - განაცხადა პუტინმა.
ფაშინიანმა პუტინს პირდაპირ უპასუხა, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილეები ციხეებში არ ჰყავს. ასევე აღნიშნა, რომ 7 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა კონსტიტუციით მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.
„გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ციხეებში პოლიტიკური პროცესის მონაწილეები არ გვყავს...
„მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობის მქონე პირებს შეუძლიათ. რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, არ შეიძლება ისინი დეპუტატობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები იყვნენ", - აღნიშნა ფაშინიანმა.
- ნიკოლ ფაშინიანი: „რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, არ შეიძლება ისინი დეპუტატობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები იყვნენ".
მოგვიანებით პრემიერმა ფაშინიანმა სიტუაციის განმუხტვა სცადა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტი არ იყო ინფორმირებული იმ დეტალებზე, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ეხება.
„ხომ წარმოგიდგენიათ რუსეთის პრეზიდენტის დღის წესრიგი, რომელიც ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი მოთამაშეა? უნდა შეესწავლა თუ არა მას საფუძვლიანად სომხეთის კონსტიტუცია და კანონმდებლობა? რა თქმა უნდა, არა... მე უბრალოდ ვაცნობე მას ეს", - აღნიშნა ფაშინიანმა.
ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის („როსსელხოზნადზორი") ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერმა განაცხადა, რომ რუსეთში სომხეთიდან იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე „რამდენიმე წლის წინ წამოჭრილი საჩივრების საქმე კვლავ გაგრძელდება". მისი თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს საინფორმაციო სისტემების ინტეგრაცია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მიკვლევადობას.
„სომხეთიდან შემოსული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა მიუთითებს, რომ ყველა მათგანი სომხური წარმოშობის არ არის. ჩვენ ეს საკითხი როგორც 2024, ასევე 2023 წლებში განვიხილეთ", - განაცხადა დანკვერტმა.
მისი თქმით, პირველ რიგში საუბარია პროდუქციის გადაზიდვების არალოგიკურ ზრდაზე, რაც ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, ბაზარზე წვდომის გამარტივებული რეჟიმის შედეგია.
„მაგალითად, სამი წლის განმავლობაში სომხეთმა ყვავილების გადაზიდვები 36 მილიონიდან 100 მილიონ ცალამდე გაზარდა. ასევე გაიზარდა სხვა პროდუქტების გადაზიდვები. ჩვენ იძულებული გავხდით ფიტოსანიტარიული შემოწმება საზღვართან ახლოს გადაგვეტანა...
„ასევე დავინახეთ, რომ რუსეთისთვის განკუთვნილი პროდუქციის დიდი რაოდენობა დანიშნულების ადგილამდე არ აღწევდა", - ამბობს დანკვერტი.
მან ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს პრობლემები აქვს მეცხოველეობის პროდუქტების მომარაგების კუთხითაც:
„გადაზიდული ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება ასევე იყოს არასომხური წარმოშობის... ვნახეთ ისეთი პროდუქტების გადაზიდვები, რომელთა კვალის მიკვლევადობა შეუძლებელია, როგორიცაა კარაქი, ყველი და კალმახი. კალმახი სომხეთის მთის მდინარეებიდან არანაირად არ შეიძლება იყოს ნორვეგიულის მსგავსი".
დანკვერტის თქმით, ამ ყველაფერმა გამოიწვია სომხეთიდან გადაზიდვებზე უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესება.