მარიამ ვეკუა
02.04.2026

10 დღეში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია, რომელსაც ევროპელი ანალიტიკოსების უმრავლესობა ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტად მიიჩნევს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ 16 წლის განმავლობაში ძალაუფლებაში მყოფი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდ გამოწვევას წინაშე დგას, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს რუსეთთან დაკავშირებული სკანდალი მმართველი პარტიის წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

ამ არჩევნების შედეგები საქართველოზეც იქონიებს გავლენას, რადგანაც უნგრეთი ევროკავშირში „ქართული ოცნების" მთავარი მოკავშირეა. თუკი მისი პარტია „ფიდესი" არჩევნებზე მთავრობის ფორმირებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მიიღებს, ქვეყანაშ ხელისუფლება შეიცვლება და სავარაუდოდ, შეიცვლება უნგრეთის საგარეო პოლიტიკაც. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მნიშნელოვანი მოკავშირის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

გარდა ამისა, უნგრეთის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვისაც, რადგან, როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო წლებში ევროკავშირის არცერთ წევრ სახელმწიფოს არ შეუშლია ხელი საერთო საგარეო, თავდაცვის, ენერგეტიკული და მიგრაციული პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის, როგორც უნგრეთს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში, უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა და უკრაინისთის 90 მილიარდი ევროს მოცულობის შეღავათიანი სესხების პაკეტის გადაცემასაც ეწინააღმდეგება.

გამოკითხვები

სხვადასხვა წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, უნგრეთის მთავარ ოპოზიციურ პარტია „ტიზას" ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 50% აქვს, რაც „ფიდესს" დაახლოებით 10 პროცეტით უსწრებს. ოთხშაბათს გამოქვეყნებული ორი გამოკითხვის თანახმად, მათ შრის სხვაობის კიდევ უფრო მეტად ზრდა შეიმჩნევა.

ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია „ტიზას", რომელსაც ყოფილი სამთავრობო ფიგურა პიტერ მადიარი ხელმძღვანელობს, მხარს გამოკითხულთა 56% უჭერს, რაც მარტის დასაწყისში დაფიქსირებულ 53%-თან შედარებით მაღლია - აღნიშნულია ორგანიზაცია „21 რისერჩ ცენტრის" კვლევაში. ამავე კვლევის მიხედვით, მმართველ პარტიის მხარდაჭერა 37%-მდე შემცირდა (სამი კვირის წინ - 39%).

გამოკითხულთა დაახლოებით 26% ჯერ კიდევ ვერ ასახელებს, ვის მისცემს ხმას.

კვლევა 23-28 მარტს ჩატარდა და მასში 1500 ადამიანი მონაწილეობდა.

კიდევ გამოკითხვა, რომელიც გამოცემა „24.ჰუ"-მ ჩაატარა, ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტიზას მხარს 40% უჭერს, ხოლო „ფიდესს" - 28%.

ლავროვი-სიიარტოს სკანდალი

ანალიტიკოსთა შეფასებით, მმართველი პარტიის რეიტინგზე შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს რუსეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის ჩანაწერმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

  • სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, ხელისუფლებაში 16 წლის განმავლობაში მყოფი პრემიერ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი" საშუალოდ 10%-ით ჩამორჩება მთავარ კონკურენტს - პარტია „ტიზას", რომელსაც ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა აქვს.

„იუთუბზე" ატვირთულ და საგამოძიებო რესურს „ინსაიდერის" მიერ გავრცელებულ 94-წამიან ჩანაწერში, სერგეი ლავროვი პეტერ სიიარტოს სთხოვს, რომ დაეხმაროს ევროკავშირის სასანქციო სიებიდან ცნობილი რუსი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას ამოღებაში.

„ალიშერის თხოვნით გირეკავთ და მან უბრალოდ მთხოვა შეგახსენოთ, რომ მის დასთან დაკავშირებით რაღაცას აკეთებდით", - ეუბნება ლავროვი სიიარტოს.

უნგრელი მინისტრი კი პასუხობს: „სლოვაკებთან ერთად, ჩვენ ევროკავშირს წარვუდგენთ წინადადებას მისი სიიდან ამოღების შესახებ".

ჩანაწერი 2024 წლის 30 აგვისტოსაა გაკეთებული და აღსანიშნავია, რომ აქედან ორიოდე თვეში გულბაჰორ ისმაილოვა მართლაც ამოიღეს ევროკავშირის სასანქციო სიიდან.

ამასთან, ეს ჩანაწერი გავრცელდა იმ პერიოდში, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო სკანდალში გაეხვა, მას შემდეგ, რაც „ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა, რომ მან ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრებზე რუსეთს კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×