
თეირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმებისა და ირანის მიერ ორი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების პარალელურად, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები ჩიხში შევიდა. ოფიციალური თეირანი უარყოფს როგორც 48-საათიან ზავის წინადადებას, ისე დონალდ ტრამპის მტკიცებას, რომ ირანული მხარე დეესკალაციას ითხოვდა.
ისრაელის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათ 3 აპრილს თეირანში საჰაერო თავდაცვის ობიექტებსა და რაკეტების საცავებს დაარტყეს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს. ერთ-ერთი სამიზნე ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი დაქვემდებარებაში არსებული ობიექტიც იყო, სადაც რაკეტები ინახებოდა.
მანამდე გავლენიანი გამოცემები წერდნენ, რომ ირანი აშშ-ის 48-საათიან ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას არ დათანხმდა.
ამ წყაროების ცნობით, ირანმა შუამავლებს აცნობა, რომ მზად არ არის ისლამაბადში ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შესახვედრად, სადაც ცეცხლის შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილათ. ამ ფონზე, რეგიონული შუამავლები, მათ შორის ეგვიპტე და თურქეთი, კონფლიქტის დასრულების ალტერნატიულ გზებს ეძებენ.
„უოლ სტრიტ ჯორნალის" ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიმდინარე მცდელობები ჩიხში შევიდა. გამოცემა შუამავლებზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკებების ამ საკითხზე ფაქტობრივად შეჩერებულია.
ანონიმურმა წყარომ პარასკევს ირანის ოფიციალურ სააგენტო „ფარს ნიუს ეჯენსის" განუცხადა, რომ თეირანმა აშშ-ის მიერ შეთავაზებული 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო.
ირანი ასევე აცხადებს, რომ ვაშინგტონის მოთხოვნები შეთანხმების მისაღწევად „მიუღებელია", რითაც მოლაპარაკებების წინა რაუნდებში გაჟღერებულ პოზიციას იმეორებს.
„უოლ სტრიტ ჯორნალი" წერს, რომ შექმნილი ჩიხის დასაძლევად თურქეთი და ეგვიპტე გამოსავლის მოძებნას აქტიურად ცდლობენ, მათ შორის მოლაპარაკებებისთვის ახალ ლოკაციებს - დოჰასა და სტამბოლს განიხილევან,. შუამავლების ინფორმაციით, განიხილება ახალი წინადადებებიც.
ამავე გამოცემის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის მცდელობები კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც კატარმა შეთანხმებაში მთავარი შუამავლის როლი შესრულებაზე უარი განაცხადა.
გარდა ამისა, ირანი უარყოფს დონალდ ტრამპიის განცხადებას, რომ თეირანმა ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კვირის დასაწყისში სოციალურ ქსელ დაწერა, რომ ირანი მზად იყო ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუმცა ირანის ოფიციალურმა პირებმა ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს და „მცდარ და საფუძველმოკლებულ" განცხადებად შეაფასეს.
- „არა, არანაირად. ეს ომია. ჩვენ ომში ვართ", - დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება ირანთან მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს.
შაბათს ირანში ორი ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამერიკული მედიის ცნობით, თავდაპირველად ირანმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში „ეფ-15"-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო. ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა - ერთის გადარჩენა მოხერხდა, მეორე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. „სიბიეს ნიუსის" ცნობით, მეორე თვითმფრინავის - „ა-10 თანდერბოლტის" ჩამოგდება ამერიკელთა სამაშველო ოპერაციის დროს მოხდა, როდესაც ამერიკელები „ეფ-15"-ის პილოტების მოძიებას ცდილობდნენ. ამ შემთხვევაში პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ხელისუფლება ჯილდოს სთავაზობს ყველას, ვინც დაკარგულ ამერიკელ სამხედრო პირს ცოცხლად დააკავებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ამერიკულ ჯგუფებს ცეცხლი გაუხსნეს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდება ირანთან მოლაპარაკებებზე გავლენას არ მოახდენს.
„არა, არანაირად. ეს ომია. ჩვენ ომში ვართ", - აღნიშნა ტრამპმა „ენბისი ნიუსთან" სატელეფონო ინტერვიუში.
გარდა ამისა, გამოცემა „ინდეფენდენტის" კითხვაზე, რას გააკეთებს, თუ ჩამოგდებული თვითმფრინავის ეკიპაჟის მეორე წევრს ირანელები იპოვიან და შეიპყრობენ, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.
„ვიმედოვნებთ, ეს არ მოხდება", - განაცხადა ტრამპმა.
- ირანის ხელისუფლება ფულად ჯილდოს სთავაზობს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც გადარჩენილ ამერიკელ პილოტებს დააკავებს და სამხედროებს გადასცემს.
საყურადღებო დეტალია, რომ ინციდენტი მოხდა იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, თითქოს ირანის დრონებისა და სარაკეტო შესაძლებლობები „განადგურებულია".
ამავე დროს, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის იერიშებმა ირანის ფოლადის წარმოების სიმძლავრის 70% გაანადგურა და ხაზს უსვამს, რომ ისრაელი და აშშ ქვეყანის „დამარცხებას" გააგრძელებენ.