
ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2026 წლის იანვარ-თებერვალში დაფიქსირებულ ეკონომიკურ ზრდას აფასებს. ექსპერტი წერს, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს, როგორც მაღალი ზრდის ტემპს, ასევე ექსპორტის გაფართოებასა და რეალური სექტორის გაძლიერებას:
„2026 წლის თებერვალში დაფიქსირებული 8.8%-იანი ეკონომიკური ზრდა, ისევე როგორც იანვარ-თებერვლის საშუალო 8.4%-იანი მაჩვენებელი, საქართველოს აშკარად გამოარჩევს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. სამხრეთ კავკასიაში, მაგალითად, სომხეთი ბოლო წლებში ინარჩუნებდა შედარებით მაღალ ზრდას, თუმცა 2025-2026 წლებში ტემპი გარკვეულად ნელდება და პროგნოზი საშუალოდ უფრო დაბალ 5%-იან ნიშნულზეა, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში. აზერბაიჯანი კი ტრადიციულად უფრო ზომიერი ზრდით ხასიათდება (დაახლოებით, 2-4%), რაც დიდწილად ნავთობზე დამოკიდებულ ეკონომიკურ სტრუქტურას უკავშირდება.
გაცილებით ფართო რეგიონულ ჭრილში, თურქეთი კვლავ ინარჩუნებს შედარებით მაღალ ეკონომიკურ აქტივობას, თუმცა მისი დინამიკა ხშირად მერყევია მაღალი ინფლაციისა და მაკროეკონომიკური დისბალანსების ფონზე. ამასთან, რუსეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის შეზღუდული გეოპოლიტიკური ფაქტორებისა და სანქციების გავლენით, რაც მას საქართველოსთან შედარებით უფრო დაბალ დინამიკაში ტოვებს.
თუ აღმოსავლეთ ევროპასაც შევადარებთ, უკრაინა კვლავ აღდგენის პროცესშია და მაღალი ზრდა უფრო „დაბალი ბაზის ეფექტით“ აიხსნება, მაშინ როდესაც რუმინეთი და ბულგარეთი სტაბილურ, მაგრამ შედარებით ზომიერ (3-4%) ზრდას ინარჩუნებენ.
ნიშანდობლივია, რომ საგარეო სექტორში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ექსპორტი წლიურად 26.6%-ით გაიზარდა და 546.3 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, მაშინ როდესაც იმპორტი შედარებით ზომიერი ტემპით - 8.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა ძირითადად საქონლის ფიზიკური მოცულობის მატებით იყო განპირობებული და არა გაცვლითი კურსის ეფექტით, რაც რეალური სექტორის გაძლიერებაზე მიუთითებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის მკვეთრი ზრდა (71.8%), რომლის მოცულობამ 346.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, მისი წილი მთლიან ექსპორტში 63.5%-მდე გაიზარდა, რაც ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
ამასთან, ექსპორტის ზრდა მიმდინარეობდა ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში - ლარი აშშ დოლართან მიმართებით 4.9%-ით გამყარდა. როგორც წესი, ვალუტის გამყარება ექსპორტს აფერხებს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ზრდა მაინც შენარჩუნდა, რაც კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
ინფლაციის თვალსაზრისით, 2026 წლის თებერვალში ფასების დონე ზომიერად გაიზარდა: თვიური ინფლაცია 0.2% იყო, ხოლო წლიური - 4.6%. ინფლაციურ პროცესებში გადამწყვეტი როლი ითამაშა სურსათის გაძვირებამ (9.5%), რომელმაც საერთო ინფლაციის ზრდის დაახლოებით 70% განაპირობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ინფლაცია კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ეკონომიკებში, როგორიცაა აშშ (2.4%) და ევროკავშირი (2.1%), რაც იმპორტდამოკიდებულებას უკავშირდება. ამასთან, ორივე შემთხვევაში, ინფლაცია კვლავ აღემატება მიზნობრივ 2%-იან ნიშნულს.
ზემოთ აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს ეკონომიკური დინამიკა გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით; მაღალია, როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ ჭრილში; მეტწილად ეფუძნება რეალურ სექტორსა და ექსპორტის გაფართოებას და არა მხოლოდ ერთჯერად ფაქტორებს; ეკონომიკა მნიშვნელოვნად 1.5 ჯერ აღემატება პანდემიამდელ დონეს, რაც ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად დამახასიათებელი არ არის, ხოლო გლობალური ეკონომიკის პოსტპანდემიური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 23 % შეადგენს.
საბოლოოდ, 2026 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ზრდის ტემპს, ექსპორტის გაფართოებასა და რეალური სექტორის გაძლიერებას. თუმცა, ინფლაციური ზეწოლა და იმპორტზე დამოკიდებულება კვლავ საჭიროებს ყურადღებას, რათა ეკონომიკური ზრდა იყოს არა მხოლოდ სწრაფი, არამედ გრძელვადიანად მდგრადიც“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.