მარიამ ვეკუა
05.04.2026

კვირას „ნასამ" მისიის „არტემის II"-ის ფარგლებში გადაღებული პირველი მაღალი გარჩევადობის ფოტოები გაავრცელა. კადრები ეკიპაჟმა მას შემდეგ გადაიღო, რაც კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტას გასცდა და მთვარისკენ აიღო კურსი - ეს არის მომენტი, რომელმაც 1972 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირა ადამიანის დაბრუნება ღრმა კოსმოსში.

„ნასამ" დედამიწის პირველი მაღალი გარჩევადობის ფოტოები გაავრცელა,, რომლებიც „არტემის II" მისიის ფარგლებში ეკიპაჟმა გადაიღო,მისიის მეთაურმა, ასტრონავტმა რიდ უაიზმენიმა „შთამბეჭდავი" კადრები გადაიღო მას შემდეგ, რაც ხომალდი მთვარეს მიუახლოვდა.-წერს ბიბისი.

„ნასას" მონაცემებით, ფოტოების გადაღების მომენტში კოსმოსური ხომალდი „ორიონი" დედამიწიდან დაახლოებით 142,000 მილით (228,500 კმ), ხოლო მთვარიდან 132,000 მილით იყო დაშორებული.

პირველ ფოტოზე, სახელწოდებით „გამარჯობა, სამყაროვ" ატლანტის ოკეანის უზარმაზარი ლურჯი სივრცე ჩანს.

სურათზე დედამიწა ამობრუნებულად ჩანს: მარცხნივ დასავლეთ საჰარა და იბერიის ნახევარკუნძულია, მარჯვნივ კი სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილი.

„ნასამ" დაადასტურა, რომ ქვედა მარჯვენა ნაწილში გამოსახული კაშკაშა პლანეტა ვენერაა.

ფოტოები გადაღებულია მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა „ტრანსლუნარული ინექციის" მანევრი წარმატებით შეასრულა - საუბარია ძრავის იმპულსზე, რომელმაც კოსმოსური ხომალდი დედამიწის ორბიტიდან გამოიყვანა.

ამ მანევრის შედეგად „ორიონი" დედამიწის ორბიტას გასცდა, ხოლო ბორტზე მყოფი ოთხი ასტრონავტი მთვარემდე 200 000 მილზე (320 000 კმ) მეტი მანძილის დაფარვას გეგმავს.

მისია „არტემის II" ახლა იმ ტრაექტორიაზეა, რომელიც ეკიპაჟს მთვარის შორეულ მხარეს შემოატარებს და კვლავ დედამიწისკენ დააბრუნებს. ეს პირველი შემთხვევაა 1972 წლის შემდეგ, როდესაც ადამიანები დედამიწის ორბიტას გასცდნენ.

კოსმოსური ხომალდი კენედის კოსმოსური ცენტრიდან (ფლორიდა) გაუშვეს. გეგმის მიხედვით, ეკიპაჟი 6 აპრილს მთვარის უკანა მხარეს ჩაუვლის, ხოლო 10 აპრილს დედამიწაზე დაბრუნდება და წყნარ ოკეანეში დაეშვება.

მანევრის დასრულების შემდეგ ეკიპაჟი „ფანჯრებს მიეკრო" და ფოტოების გადაღებას შეუდგა, ამის შესახებ მისიის სპეციალისტმა ჯერემი ჰანსენი ჰიუსტონში მდებარე მართვის ცენტრს აცნობა

„ვხედავთ დედამიწის ბნელ მხარეს, რომელსაც მთვარის შუქი ანათებს. ეს მართლაც ულამაზესი ხედია", -აღნიშნა მან.

მოგვიანებით მისიის მეთაურმა რიდ უაიზმენიმა მართვის ცენტრს უკვე პრაქტიკული კითხვით მიმართა - როგორ გაეწმინდათ ხომალდის ფანჯრები, რადგან კოსმოსის ხილვის ენთუზიაზმმა ასტრონავტებს ისინი საგრძნობლად დაუბინძურა.

 

  • ჯერემი ჰანსენი: „ვხედავთ დედამიწის ბნელ მხარეს, რომელსაც მთვარის შუქი ანათებს. ეს მართლაც ულამაზესი ხედია".

 

უაიზმენიმა თავდაპირველად აღნიშნა, რომ კოსმოსური ხომალდიდან დედამიწის გადაღება რთული აღმოჩნდა, ვინაიდან ასეთი დისტანციიდან ფოტოს გადაღებისას ექსპოზიციის სწორად დაყენება პრობლემას წარმოადგენდა.

„ეს იმას ჰგავს, როცა საკუთარ ეზოში გადიხარ და ცდილობ მთვარის გადაღებას," - განუცხადა მან ჰიუსტონის მართვის ცენტრს: - „ზუსტად ასეთი შეგრძნებაა ახლა."

თუმცა, მოგვიანებით ეს სირთულე უკვე აღარ არსებობდა.

ერთ-ერთ კადრში, რომელიც უაიზმენმა გადაიღო, დედამიწა დღე-ღამის საზღვრით არის გაყოფილი. ეს ზონა, სადაც სინათლე სიბნელეს ეჯახება, ტერმინატორის სახელით არის ცნობილი.

მოგვიანებით „ნასამ" კიდევ ერთი ფოტო გაავრცელა, სადაც დედამიწა თითქმის სრულ სიბნელეშია მოქცეული, ხოლო ბნელ მხარეს ადამიანთა მიერ შექმნილი ელექტრული განათებები ციმციმებს.

სააგენტომ ასევე წარმოადგინა კონტრასტული კადრიც - 2026 წელს გადაღებული დედამიწის გამოსახულება და ანალოგიური ფოტო, რომელიც „აპოლო 17"-ის ეკიპაჟმა 1972 წელს გადაიღო - ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა.

„ბოლო 54 წლის განმავლობაში ძალიან დიდი გზა გავიარეთ, თუმცა ერთი რამ არ შეცვლილა - ჩვენი სახლი კოსმოსიდან კვლავ ულამაზესად გამოიყურება!" - წერს „ნასა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×