რეზონანსი
05.04.2026

აფგან სადიგოვის საქმეში ფორსირებულმა, რამდენიმე საათში ინიციირებულმა და გვიან ღამის საათებში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა „ფორმალურ-სამართლებრივი" ილუზიის შექმნა სცადა, რასაც ევროპული კონვენცია ეწინააღმდეგება , - ამისშესახებ სოციალურ ქსელში წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ონიანი და ეხმაურება ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილებას.

როგორ ოცნიანი აღნიშნავს, ვერანაირი სამართლებრივი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლას და „კანონიერების ილუზიის" შექმნას, ვერ გაამართლებს სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას.

„ევროსასამართლო ხშირად იმეორებს, რომ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები არ უნდა იქცეს ილუზორულად.

შესაბამისად, ვერანაირი სამართლებრივი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლას და „კანონიერების ილუზიის" შექმნას, ვერ გაამართლებს აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევებას იქ, სადაც თავად ღონისძიების გამოცემის ფაქტი მიუთითებდა „გამოუსწორებელი ზიანის მიყენების გარდაუვალ რისკზე".

დროებითი ღონისძიების გამოცემა ნიშნავს სიცოცხლისთვის ან წამების/არასათანადო მოპყრობის რეალური და გარდაუვალი საფრთხის დეკლარირებას. ამ საფრთხის შეფასების ვალდებულება კი სახელმწიფოს აქვს თავადაც, მიუხედავად იმისა, გამოცემულია თუ არა ღონისძიება. ეს მისი კონვენციური ვალდებულებაა, რომლის შეუსრულებლობისთვისაც, ასევე, დგება პასუხისმგებლობა.

ამიტომაც, აფგან სადიგოვის საქმეში საქართველო უკვე იყო სტრასბურგის სასამართლოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო ფორსირებულმა, რამდენიმე საათში ინიციირებულმა და გვიან ღამის საათებში ჩატარებულმა სასამართლო პროცესმა, რომელმაც უგულებელყო ეს კონტექსტი და კონვენციის სტანდარტები, სწორედ იმ „ფორმალურ-სამართლებრივი" ილუზიის შექმნა სცადა, რასაც ევროპული კონვენცია ეწინააღმდეგება", - წერს ონიანი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4:00 საათზე მიიღო.

საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×