ნატალია ჯვარიძე
05.04.2026

უფასო სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დაკავებულმა პირებმა დანაშაული აღიარეს და სასამართლომ ისინი გირაოთი გაათავისუფლა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს სკანდალი არა კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ხელისუფლებაში შიდა კლანური დაპირისპირებაა, რომლის მიზანიც თბილისის მერის, კახა კალაძეზე გასვლაა. თავად კალაძე ამბობს, რომ ამას მასთან კავშირი არ აქვს.

სუს-ის ინფორმაციით, შპს „ალადაშვილი ანდ კო"-ს დირექტორი შპს „გიდს", შპს „ბადეს" და შპს „ალიონთან" ერთად, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.

უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის არაკეთილსინდისიერად მომსახურებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მეია მელქაძემ მიიღო. უფრო კონკრეტულად კი, შპს „ალადაშვილი ანდ კო"-ს დირექტორს, რეზო ალადაშვილს 100 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, მის კიდევ ერთ თანამშრომელსა და 3 ქვეტკონტაქტორი კომპანიის დირექტორს კი, 50 000-50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდათ.

  • კახა კალაძე: „თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ დანაშაულში შემჩნეულნი, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა - მათ დააკავებდნენ".

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ზიანი აანაზღაურონ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ, პროკურატურამ ეს გარემოებები გაითვალისწინა და საპატიმრო გირაოს დაეთანხმა.

„ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი ყველა შემთხვევაში კახა კალაძემდე მიდის. მისი თქმით, ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას არავინ დაიჯერებს, მანამ, სანამ „ეს ბრძოლა არ შეეხება კახა კალაძეს, როგორც ყველაზე სამარცხვინო კორუფციონერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში".

„თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში, 100%-ით დადასტურებულად, აუცილებლად მიდის კახა კალაძემდე. თუ ამჯერადაც, ისევე როგორც ეს ბაღების საკითხში იყო, გვერდს აუვლიან კახა კალაძეს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უბრალოდ „კლანური" დაპირისპირება გრძელდება და ერთი „კლანის" კადრების წმენდა მიმდინარეობს მეორე „კლანის" მიერ.

„შეუძლებელია ბაგა-ბაღების, სხვადასხვა ტენდერების მერე, კიდევ ერთი შემთხვევა მოხდეს, რომელიც ეხება თბილისის მერიას, რომელიც თავიდან ბოლომდე, თბილისის მერიის პასუხისმგებლობაა და ისევ კახა კალაძე გამოძვრეს აქედან მშრალი. ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას არავინ დაიჯერებს, მანამ, სანამ ეს ბრძოლა არ შეეხება კახა კალაძეს, როგორც ყველაზე სამარცხვინო კორუფციონერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში," - განაცხადა დათუნაშვილმა.

  • ახტანგ ძაბირაძე: „რამდენად შეეხებიან კალაძეს, რთული სათქმელია. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს - შეეხებიან, თუ არა და ალბათ თავიანთ კადრებს გამოაცლიან და კალაძე იქნება თავისი ამალის გარეშე."

თავად კალაძე ამბობს, რომ ამ კორუფციულ სკანდალს მასთან კავშირი არ აქვს.

„დედაქალაქში 64 უფასო სასადილო გვაქვს. დანაშაულში კონკრეტული კომპანიები გამოვლინდა. პროდუქციის მიღება-ჩაბარება, ბენეფიციართა აღრიცხვა და სხვა სწორედ კონტრაქტორ კომპანიას ევალება. ეს ხელშეკრულებაშია გაწერილი. თუ გამგეობის თანამშრომლები იყვნენ დანაშაულში შემჩნეულნი, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა - მათ დააკავებდნენ. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ.

შიდა დაპირისპირების შედეგი?

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ცილს სწამებს.

„მათ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ, ანუ ვიცით, სააკაშვილის დროს როგორი ელიტარული კორუფცია იყო ჰგონიათ, რომ ახლაც ასე ხდება. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება ვიღაც ასე არ მოიქცეს. კარგად იციან, რომ ცილს სწამებენ", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსს ვახტანგ ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ბრძოლა მიდის ძველი კადრების, ახლებით ჩანაცვლებით.

„როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმის დროს, როცა პირველი პირი იცლება, იცვლება მთელი ვერტიკალი, გადაწყობა და კადრების ჩანაცვლება ხდება. საერთოდ, ავტორიტარული რეჟიმი იმით გამოირჩევა, რომ კორუფციული სისტემაა. სულ რომ არავის უნდოდეს კორუფციაში მონაწილრობა, აზრი არ აქვს. ან თავი უნდა დაანებოს მუშაობას, ან ჩაერთოს. სისტემა წარმოშობს კორუფციას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს ხომ არ არის დაბალ დონეზე დაწყებული რაღაც პროცესი? ვხედავთ, რომ მინისტრები, სუს-ის უფროსი და სხვები დააკავეს. „ქართული ოცნების" დღევანდელი ლიდერებისთვის არის ბრძოლა, რომ ძველი კადრები ახლებით ჩაანაცვლონ. მერე ყველაფერი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

„რამდენად შეეხებიან კალაძეს, რთული სათქმელია. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს - შეეხებიან, თუ არა და ალბათ თავიანთ კადრებს გამოაცლიან და კალაძე იქნება თავისი ამალის გარეშე. თუმცა, როგორც წესი, ამ სისტემებში ჩანაცვლება ხდება სრულად და არა ნაწილობრივ.

„აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ კორუფციასთან ბრძოლა გამოყენებულია, როგორც სხვა კადრების გაშვებისა და მათი საკუთარი გუნდის წევრებით ჩანაცვლების მეთოდი. ეს არის მთელი ფილოსოფია და ამის რეალიზებას რაც სჭირდებაა, ხელისუფლება ყველაფერზე წავა. თუ საჭიროა კალაძეს გადააყენებენ და დაიჭერენ კიდეც, თუ არადა არც იზამენ", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×