
მმართველი პარტია აპრილში აშშ-დან დელეგაციის ვიზიტს აანონსებს. მათი შეფასებით, ამერიკელების ჯგუფი ადგილზე სიღრმისეულად შეისწავლის პროცესებს და ამის საფუძველზე გადაიდგმება პარტნიორობის კუთხით შემდგომი ნაბიჯები. განცხადება დაგეგმილი ვიზიტის შესახებ იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ოპოზიციური ალიანსის ლიდერები თავად ემზადებიან აშშ-ში ვიზიტისათვის.
ჯერჯერობით უცნობია და არც „ქართულ ოცნებაში" არ აკონკრეტებენ, თუ რა ჯგუფზეა საუბარი და ვისგან იქნება ის დაკომპლექტებული. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ, სავარაუდოდ, ეს იქნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია და რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, შესაძლოა მასში პენტაგონის წარმომადგენლებიც ვიხილოთ.
აშშ-დან ჯგუფის ვიზიტზე ინფორმაცია 4 აპრილს ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გააჟღერა. თუმცა, მანამდე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პემიერ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შემდეგ, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემაც განაცხადა, რომ „სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისთვის აპრილის თვე დასახელდა".
- ლევან მახაშვილი: „თითოეული ვიზიტით და შეხვედრით ეტაპობრივად, კონკრეტული დღის წესრიგით ვცდილობთ ურთიერთობების თავიდან, ნულიდან აღდგენას."
„ამერიკის მხარის პოზიციაა, რომ, როგორც აქამდე განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი, აპრილშიც აპირებენ ცალკე ჯგუფის გამოგზავნას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე პროცესები და გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, სადაც გამოიკვეთება საერთო ინტერესები. საზოგადოება ხედავს, რომ თითოეული ვიზიტით და შეხვედრით ეტაპობრივად, კონკრეტული დღის წესრიგით ვცდილობთ ურთიერთობების თავიდან, ნულიდან აღდგენას. საზოგადოებაში იყო გარკვეული წუხილებიც, ხომ არ არსებობს რაიმე ფარული დღის წესრიგი, თუმცა მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის ნაკარნახევი იყო საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
რა ჯგუფზეა საუბარი და ვინ შევა მასში
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძოა ჯგუფი სახელმწიფო დეპარტამენტიდან გამოგზავნონ, თუმცა მთავარია ვისგან იქნება დაკომპლექტებული.
- პაატა ზაქარეიშვილი: „ის ამერიკელი ჩინოვნიკი, რომელიც ანაკლიაშიც იყო, ოპოზიციასაც შეხვდა, სადაც ითქვა, რომ ნუ გეშინიათ, სამხრეთ კავკასიაში სამ სახელმწიფოს ვხედავთ და არა ორსო. ეს განცხადება თავისთავად ძალიან უცნაურია."
„ალბათ მახაშვილს რაღაც ინფორმაცია აქვს და ვიზიტი იქნება, თორემ რომ არ ჩამოვიდნენ, მაშინ უხერხულ მდგოარეობაში ჩავარდებიან. საინტერესოა, აშშ საქართველოს როგორ უყურებს - როგორც პარტნიორ სახელმწიფოს, რომელიც სტრატეგიული თანამშრომლობის იმ პრინციპებს ასრულებს, რაც დიდი ხანია მოწერილი აქვს, თუ როგორც ტერიტორიას. ჯერჯერობით მხოლოდ ტერიტორიაზეა საუბარი - ანაკლიაზე, ფოთის პორტზე, გზებზე, მილსადენებზე და ა.შ.
„ტრამპი აზერბაიჯანის პრეზიდენტს და სომხეთის პრემიერს ორჯერ შეხვდა ძალიან მაღალ დონეზე, ჩახუტებებით, ხელმოწერებით და მთელი ამბებით. ასე იშვიათად მიუღია ვინმე, არცერთხელ არ ჩასულან საქართველოდან პოლიტიკური პირველი პირები, პირველ რიგში კობახიძე. ვიდრე კობახიძე ტრამპს ოვალურ კაბინეტში არ შეხვდება, მანამდე აშშ საქართველოს უყურებს, როგორც ტერიტორიას და არა როგორც სახელმწიფოს.
„ის ამერიკელი ჩინოვნიკი, რომელიც ანაკლიაშიც იყო, ოპოზიციასაც შეხვდა, სადაც ითქვა, რომ ნუ გეშინიათ, სამხრეთ კავკასიაში სამ სახელმწიფოს ვხედავთ და არა ორსო. ეს განცხადება თავისთავად ძალიან უცნაურია. გაერო-სა და ყველა ორგანიზაციის წევრი ვართ და ასე არ უნდა ეთქვა, რაკი თქვა, ფიქრობს, რომ საქართველო მაინც სხვა კლასშია, არასანდოა, ვიდრე აზერბაიჯანი და სომხეთი.
„რადგან გვამშვიდებენ, რომ სახელმწიფო ვართ, ნიშნავს, რომ ჩვენთან არა სახელმწიფოს, არამედ ტერიტორიას ხედავენ. ირანი ახლოსაა, ომი რაც არუნდა დღეს-ხვალ დასრულდეს, დიდი ხანი საკითხი მოუგვარებელი დარჩება და კავკასია ანგარიშგასაწევი იქნება.
„შესაძლოა ჯგუფი სახელმწიფო დეპარტამენტიდან იყოს, თუმცა, მთავარია როგორ იქნება დაკომპლექტებული - თუ ინფრასტრუქტურის სპეციალისტებისგან იქნება, მაშინ ჩამოვლენ ტერიტორიისთვის, თუ პოლიტიკური ფიგურებისგან, მაშინ სახელმწიფოს მიმართ ინტერესი იქნება.
„ქართულმა ოცნებამ" ალბათ არ იცის ეს ჯგუფი რა მანდატით ჩამოვა. ეს ვიზიტი შეიძლება გამოიყენონ ლეგიტიმაციის ცნობისთვის, თუნცა მათთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა და ლეგიტიმაცია მხოლოდ „სამკაულია", მაგრამ ვაითუ ასე არ მოხდეს და მხოლოდ ტერიტორიისთვის ჩამოვიდნენ. ამიტომ წინასწარ თავს იზღვევენ და არ აკონკრეტებენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, დელეგაცია სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქნება და მასში პენტაგონის წარმომადგენლობაც ჩაერთვება.
„დიდი ალბათობით, ეს იქნება ჯგუფი სახელმწიფო დეპარტამენტიდან, შესაძლოა პენტაგონის წარმომადგენლებიც იყვნენ - ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ სამხედრო ინტერესი გაიზარდა. ალბათ იქნება სიტუაციის ყოვლისმომცველი შეფასება და ამის საფუძველზე ის ძირითადი მიდგომები ჩამოყალიბდება, რაც ჩვენთან მიმართებაში აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას ექნება. საქართველოს ხელისუფლებაც ალბათ საკუთარ ინტერესებს და მოთხოვნებს წარუდგენს, რომ ცალმხრივ ინტერესებზე დაფუნებული ურთუერთობა არ იყოს.
- ზაალ ანჯაფარიძე: „შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ საქართველო სჭირდებათ და ალბათ მაინც „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან აპირებენ საერთო ენის გამონახვას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით".
„ფაქტიურად, ფაქტების დამდგენი მისია იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ანდრეოლის ჩამოსვლა საკმარისი არ იყო და ახლა ის თავისი დაკვირვების საფუძველზე, უფრო ფართო შემადგენლობის ჯგუფს აგზავნის, რომ ყველა საკითხი იყოს მოცული და შესწავლილი. ამის მერე ამ ვიზიტის შედეგებს უნდა ველოდოთ და ვნახოთ რა მიმართულებით წავა ურთიერთობები.
„რატომღაც ვიტოვებ იმედს, რომ აშშ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე (ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი და ევროპასთან დაძაბული ურთიერთობები), საქართველოს მაინცდამაინც არ მიაწვება იმ საკითხებზე, რაზედაც ევროკავშირი ინტენსიურად აწვება. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ საქართველო სჭირდებათ და ალბათ მაინც „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან აპირებენ საერთო ენის გამონახვას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
აპრილის ვიზიტი, როგორც „სიურპრიზი"?
პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ ძნელია თქმა ნამდვილად ამ ვიზიტს გულისხმობდნენ თუ არა „ოცნების" ლიდერები, როდესაც აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით აპრილში „სიურპრიზს" აანონსებდნენ.
„არ ვიცი, კალაძის თავში ვერ ჩავიხედები, თუმცა, ჩემთვის ის იქნება სიურპრიზი, როცა კობახიძე ვაშინგტონში ჩავა და ოვალურ კაბინეტში ტრამპს შეხვდება, მანამდე ყველაფერი ტექნიკური საკითხია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ „სიურპრიზში" ალბათ „ოცნება" გულისხმობდა იმ დარტყმას, რასაც ეს ვიზიტი ოპოზიციას მიაყენებს.
„სავარაუდოდ, „ოცნებას" ალბათ უკვე ჰქონდა წინმსწრები ინფორმაცია, რომ ეს დელეგაცია საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა. შესაძლოა იმას გულისხმობდნენ, რომ ოპოზიციისთვის „ქართული ოცნების" ნებისმიერი საერთაშორისო კონტაქტი ძალიან უსიამოვნო სიურპრიზია. მათი მთავარი მიზანი საერთაშორისო არენაზე „ოცნების" დელეგიტიმაციაა, რომ მის იზოლაციას შეუწყოს ხელი და როცა „ოცნებას" მაინც ელაპარაკებიან აშშ-ში, ევროპაში და გარკვეულ დონზე კონტაქტი მაინც ნარჩუნდება, ეს არის დარტყმები ოპოზიციისთვის.
„ახლა (ოპოზიციონერები) ვაშინგტონში რომ მიდიან, ვვარაუდობ, რომ შეეცდებიან დაგეგმილი ვიზიტის საბოტაჟი მოახდინონ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.