ნატალია ჯვარიძე
06.04.2026

წვევამდელის გამოძახება, შესაძლოა, როგორც უწყების ჩაბარებით, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით - მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით განხორციელდეს. აღნიშნული ცვლილება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე განმარტავს როგორ იმოქმედებს კანონი იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ქვეყანაში არ იმყოფება და ამბობს, რომ მას გონივრული ვადა მიეცემა, რათა საქმე დაასრულოს.

"როგორც აქ სტუდენტის სტატუსი არის გადავადების საფუძველი, როდესაც წარმოადგენენ ცნობას, რომ საზღვარგარეთ სწავლობს, ბუნებრივია, ეს გადავადებას ექვემდებარება. გარდა იმისა, რომ კანონში რაც არის საფუძვლები გადავადების, თუ ადამიანს აქვს ინდივიდუალური შემთხვევა ისეთი, რომ გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს, მაგალითად, მისი ჯარში წასვლას, ამ შემთხვევაში ჩვენთან არსებობს კომისია, რომელიც იხილავს ინდივიდუალურ "ქეისებს" და იღებს გადაწყვეტილებას გადავადებასთან დაკავშირებით. რამდენიმე წელია უკვე ეს მექანიზმი არსებობს. ამ შემთხვევაში არცერთი „ქეისი" არ გვაქვს, რომ რაიმე პრობლემური „ქეისი" ყოფილიყო", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გრიგოლ გიორგაძის თქმით, თუ წვევამდელის სავალდებულო გამოცხადება გარკვეულ პრობლემებს უქმნის მის კარიერას, ცხოვრებას, სწავლას, ინდივიდუალური შესწავლა მოხდება.

"რაც შეეხება გამოცხადებას, ინდივიდუალურად შეფასდება: თუ ის გარკვეულ პრობლემებს უქმნის მის კარიერას, ცხოვრებას, სწავლასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად შევისწავლით.

"დაუყოვნებლივ ჩამოსვლა" არსად წერია, ეს არის გონივრული ვადა. გონივრული ვადა ფასდება ინდივიდუალურად იმისათვის, რომ დაასრულოს რაიმე საქმე თუ აქვს - როცა დაასრულებს ამ შემთხვევაში დაგეგმოს თავისი ვალდებულების მოხდა", - განმარტა გრიგოლ გიორგაძემ.

კითხვაზე, თუ საზღვარგარეთ წასული წვევამდელი ვალდებული საზღვარგარეთიდან არ დაბრუნდება, როგორი იქნება რეაგირება, გიორგაძემ უპასუხა, რომ "ისე როგორც საქართველოში ხდება". "ჩვეულებრივ, როგორც საქართველოში ხდება. საქართველოშიც არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხდება თავის არიდება და ბუნებრივია, რაც არის შემდეგ რეაგირების მექანიზმი. ჯარიმა არის გათვალისწინებული 1000 ლარი", - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

რაც შეეხება ჯარში გაწვევის შეტყობინებასთან დაკავშირებულ, წესს გიორგაძის თქმით, სიახლე არც შეტყობინების კუთხით ინერგება, რადგან ის აპრობირებულია სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. მისივე თქმით, დღეს კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს, საიტი კი ბოლო პროცედურაა. გიორგაძის განცხადებით, შეუძლებელია ადამიანი ვერ იპოვო და ვერ დაუკავშირდე.

"ჩვენ საიტზე ატვირთვის რაიმე სიახლე არ შემოგვაქვს. წლებია უკვე ეს მექანიზმი არსებობს როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში, ასევე თავდაცვის სამინისტროშიც. [თუ წვევამდელი შეტყობინებას ვერ ნახავს, მაშინ გასაჩივრებას ექვემდებარება. შესაძლებელია მართლაც იყოს ობიექტური მიზეზი, რომლის გამოც ეს ცნობილი არ გახდა და მაშინ ამაზე უნდა იმსჯელოს შემდეგ სასამართლომ ინდივიდუალურად.

დღეს არსებობს უამრავი კომუნიკაციის საშუალებები, საიტი არის ბოლო პროცედურა და პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანი ვერ იპოვო და ვერ დაუკავშირდე იმდენი კომუნიკაციის საშუალება არსებობს. თუ უკვე შეგნებულად თავის არიდებას ემსახურება, სწორედ ამიტომაა ეს მექანიზმი შემოღებული, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს",- აცხადებს გიორგაძე.

კანონის პროექტი, რომელიც წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანასთან და წვევამდელის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს ეხება, თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის მიხედვით, წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევა შემდეგი თანმიმდევრობით მოხდება: - პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს;

ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც უკუკავშირით და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით დადასტურდება. კანონის პროექტის თანახმად, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო ოფიციალურ ვებ-გვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას აქვეყნებს, რომელიც გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა.

ამ შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში გამოცხადდეს. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება, რომ შეტყობინება/უწყება ჩაბარდეს. გარდა ამისა, თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული რიგი საკითხები ახლებურად დარეგულირდება. კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით გადის, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება, თუ კონტრაქტის შეწყვეტისას, მას ნამსახურები აქვს 12 თვე, ხოლო ამ ვადის გაუსვლელობის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას - 6 ან 8 თვის ვადით.

ცვლილების მიხედვით, პროფესიულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, თუ მას არა აქვს გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ასევე მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიული სამხედრო სამსახურის კონტრაქტის პირობების დარღვევა ჯარიმის დაკისრებას იწვევს, ცვლილებები ამ მიმართულებითაც ხორციელდება. კერძოდ, პროფესიული სამხედრო სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანილ პირს, კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის გადახდის ვალდებულება 8 თვის ვადით გადაუვადდება, ხოლო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჯარიმის გადახდის ვალდებულება საერთოდ შეუწყდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×