
აშშ-ს პრეზიდენტის ულტიმატუმის ვადა ირანს სამშაბათს ეწურება, თეირანი კი თავის მხრივ სარკისებურად იმუქრება "ჯოჯოხეთის მოწყობით". ვითარების უკიდურესად გამწვავების რისკი ძალიან მაღალია, ამავე დროს, თავად დონალდ ტრამპი მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.თუმცა, დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ასეთი სწრაფი შეთანხმება 7 აპრილამდე უბრალოდ შეუძლებელია.
ირანი კვლავ არ მიდის დათმობაზე, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნას, რის ფონზეც, რამდენიმე სცენარი განიხილება, ანალიტიკოსების თქმით, პირველი ის, რომ ტრამპმა შესაძლოა კიდევ გადაავადოს ულტიმატუმის ვადა, თუმცა, ბოლომდე არც იმას გამორიცხავენ, რომ დაპირება შეასრულოს და ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყას.
ამ ფონზე კი ანალიტიკოსები ირანისგანაც ელოდებიან პასუხს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპის მუქარის შესრულების ალბათობა 10%-ია.
- ვახტანგ მაისაია : "90% ვფიქრობ, რომ აშშ არ დაარტყამს, 10% კი, კიდევ შეიძლება პრესტიჟის გამო დაარტყას, რომელსაც შეიძლება ისეთი ძლიერი ეფექტი არ ჰქონდეს"
"ორივე მხარე უბრალოდ იმუქრება - ტრამპისთვის პრესტიჟის ვარიანტია და ირანელებმაც პასუხი რომ არ გასცენ, ესეც საინფორმაციო თვალსაზრისით სისუსტის ნიშანია. ირანმა ორი სამხედრო ვერ დააკავეს საკუთარ ტერიტორიაზე და ამერიკამ წარმატებით მოახერხა მათი ევაკუაცია და ახლა ირანელების მუქარა ცოტა არასერიოზულია.
"როცა ამბობ, რომ შენ საკუთარ ტერიტორიას აკონტროლებ და იქ მფრინავებს ცხვირიდან აგაცლიან, ეს უკვე სერიოზული გამოწვევაა ირანელებისთვის. ამერიკელებსაც საკმაოდ რთულად აქვთ სიტუაცია, მარტო აუნაზღაურებელი დანაკარგების საერთო რაოდენობა 2 მილიარდ დოლარს შეადგინა. ამ სამხედრო კამპანიის პირველი-მეორე ფაზა 242 მილიარდი დოლარი დაჯდა, რაც რაც აშშ-ს დღევანდელი ბიუჯეტის ერთი მესამედია.
"შესაძლოა პრესტიჟის ვარიანტში ტრამპმა ერთ-ორ ობიექტს დაარტყას, თუმცა, რასაც იმუქრება ჯოჯოხეთს მოუწტყობს, ეგრე არ მგონია. ტრამპი ცდილობს, რომ ამ კრიზისიდან როგორმე გამოვიდეს და რაღაცნაირად ტაიმ-აუტი აიღოს. ორივე მხარეს გამოფიტვის ელემენტები ეტყობა და ძალების აღდგენისთვის ორივეს რაღაც დრო უნდა. ამ ეტაპზე სახმელეთო ოპერაცია თავიდან ბოლომდე გამორიცხულია.
"სამშაბათს 8 საათზე თითქმის არაფერს არ ველოდები, ეს ჩვეულებრივი მუქარაა, რაც ტრამპისგან ბევრი გაგვიგონია. 90% ვფიქრობ, რომ აშშ არ დაარტყამს, 10% კი, კიდევ შეიძლება პრესტიჟის გამო დაარტყას, რომელსაც შეიძლება ისეთი ძლიერი ეფექტი არ ჰქონდეს",- განაცხადა მაისაიამ.
შავი ღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ტრამპმა მუქარა კვლავ გადაავადა, ეს მას სისუსტეში ჩაეთვლება და ამიტომ დიდია ალბათობა, რომ დაარტყამს.
"ჰორმუზის სრუტეში დღეში სადღაც 10-15 გემი გადის, მშვიდობიანობის დროს სრუტეს 100 გემამდე კვეთდა. ირანს ჯერ კიდევ აქვს სარაკეტო მარაგების 50% დარჩენილი, შეიძლება გამწვავებაზე კიდევ წავიდეს და ჰორმუზი არ გახსნას. ულტიმატუმის ვადის ამოწურვისას, არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-მა უკან არ დაიხიოს და შეასრულოს მუქარა, რადგან გადავადება ტრამპსაც სისუსტედ ჩაეთვლება.
"თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ირანმა აშშ-ს საპასუხოდ განახორციელოს დარტყმები სპარსეთის ყურის ნავთობ ინფრასტუქტურაზე, რათა ამ ქვეყნებს დამატებით პრობლემა შეუქმნას. ახლა თითქოს ომი გამოფიტვაზე მიდის. აშშ-ს კონგრესი ქვეყნის თავდაცვითი ხარჯებისთვის ტრილიონ 500 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.
- ნიკა ჩიტაძე: "ულტიმატუმის ვადის ამოწურვისას, არ გამოვრიცხავ, რომ აშშ-მა უკან არ დაიხიოს და შეასრულოს მუქარა, რადგან გადავადება ტრამპსაც სისუსტედ ჩაეთვლება"
"არის შანსი, თუმცა მცირე, რომ მორატორიუმი გამოაცხადოს და იქნებ ირანის დაყოლიება სცადოს მოლაპარაკებებზე. თუმცაღა, უფრო მგონია, რომ ტრამპი დაარტყამს",- განაცხადა ჩიტაძემ.
მხარეთა პოზიციები
ტრამპმა 5 აპრილს დაწერა, რომ თუ ტეირანი ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის, ის ირანს ჯოჯოხეთს მოუწყობს. მან ახალი ვადაც დაუწესა, "სამშაბათი (7 აპრილი) აღმოსავლეთის დროით საღამოს 8:00 საათი".
"სამშაბათს ირანში ელექტროსადგურისა და ხიდის დღე იქნება, ყველაფრის ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ. უბრალოდ უყურეთ! დიდება ალაჰს", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ტრამპის განახლებულ მუქარას ირანიდან უპასუხეს, პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს საკუთარი ქვეყანა და ახლო აღმოსავლეთი „ჯოჯოხეთისკენ" მიჰყავს.
„თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები შეერთებული შტატების ყველა ოჯახს ცოცხალ ჯოჯოხეთში ითრევს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან თქვენ ნეთანიაჰუს ბრძანებების შესრულებას დაჟინებით ცდილობთ", - დაწერა ღალიბაფმა "იქს"-ზე ინგლისურენოვან პოსტში.
ის აღნიშნავს, ერთადერთი გამოსავალი "სახიფათო თამაშის დასრულებაა" .
"არ შეცდეთ: ომის დანაშაულებით ვერაფერს მოიგებთ. ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა", - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.
ამის შემდეგ ტრამპმა "ფოქს ნიუსს" განუცხადა, რომ დიდი შანსია ირანთან შეთანხმებას დათქმულ დრომდე მიაღწიონ. აშშ-ს პრეზიდენტი ამბობს, რომ განიხილავს ირანში „ყველაფრის აფეთქებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას", თუ ომის დასრულების შეთანხმებას სწრაფად არ მიაღწიეს.
„ისინი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ", - დასძენს ტრამპი.
შუამავავლები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის
ამასთან, "აქსიოსი" ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ, ირანი და რეგიონალური შუამავლების ჯგუფი ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის პირობებს განიხილავენ, რამაც შეიძლება ომის სამუდამოდ დასრულება გამოიწვიოს. წყაროების თქმით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში ნაწილობრივი შეთანხმების მიღწევის შანსები მცირეა, თუმცა, ეს უკანასკნელი მცდელობა ერთადერთი შანსია ომის დრამატული ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ ინფორმირებული ოთხი წყაროს განცხადებით, მოლაპარაკებები პაკისტანელი, ეგვიპტელი და თურქი შუამავლების მეშვეობით, ასევე ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით მიმდინარეობს.
ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლო დღეებში ირანს რამდენიმე წინადადება წარუდგინა, თუმცა ირანელმა ოფიციალურმა პირებმა ისინი არ მიიღეს. წყაროების ცნობით, შუამავლები მხარეებთან განიხილავენ ორფაზიანი შეთანხმების პირობებს; პირველი ფაზა გულისხმობს 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის დროსაც ომის სამუდამოდ დასრულებაზე მოლაპარაკებები გაიმართება.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს, თუ მოლაპარაკებებისთვის მეტი დრო იქნება საჭირო.
მეორე ფაზა იქნება შეთანხმება ომის დასრულების შესახებ. წყაროების ცნობით, შუამავლები ფიქრობენ, რომ ჰორმუზის სრუტის სრული გახსნა და ირანის მაღალგამდიდრებულ ურანთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა - ქვეყნიდან მისი გატანის ან განზავების გზით - მხოლოდ საბოლოო შეთანხმების შედეგი შეიძლება იყოს.
გამოცემის წყაროების ცნობით, შუამავლებმა ირანელ ოფიციალურ პირებს განუცხადეს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების ტაქტიკის დრო აღარ არის და ხაზი გაუსვეს, რომ მომდევნო 48 საათი მათთვის ბოლო შესაძლებლობაა შეთანხმების მისაღწევად და ქვეყნისთვის მასობრივი განადგურების თავიდან ასაცილებლად.
ირანელი ოფიციალური პირები საჯაროდ კვლავ უკიდურესად მკაცრ პოზიციას იკავებენ და უარს აცხადებენ ნებისმიერ დათმობაზე. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებმა კვირას განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება ომამდე მდგომარეობას არასდროს დაუბრუნდება, განსაკუთრებით აშშ-სა და ისრაელისთვის.