ნატალია ჯვარიძე
06.04.2026

ტელეკომპანია „იმედის" დარბევაზე ექსპრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი 6 აპრილს, სასამართლოზე მოწმის სტატუსით წარსდგა, სადაც ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებას. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. მათი გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ.

სააკაშვილმა ნოღაიდელს სხვა რამდენიმე კითხვითაც მიმართა, მათ შორის კითხვა ეხებოდა სახლს, რომელშიც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს, ასევე, ბადრი პატარკაციშვილისა და მისი გარემოცვის რუსეთთან კავშირებს.

„მინდა მოგმართოთ პროკურატურას და სასამართლოს, რომელსაც არ ვცნობ, მაგრამ ამას საზოგადოებასთან მისამართად ვიყენებ. დღეს რა მოისმინეთ, ისეთი ამ ჩვენებაში, რის გამოც ამის უკან უნდა ვიჯდე? დღესავით ნათელია, რომ თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეთითხნილი ბრალია.

ზურა ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამას ვადასტურებ. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში იყო წესრიგის დასამყარებლად გამოყვანილი, ეს არის სიცრუე. ჯარი იყო, რადგან მტრისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო ცოცხალია და თავის თავის დაცვა შეუძლია.

ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?[...] მოიცა, პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო „ეფესბეს" აგენტი?" - მიმართა მას სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის რუსეთიდან დევნილი იყო.

ამასთან, სააკაშვილი დაინტერესდა და ნოღაიდელს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ „ტვ იმედი" შეიქმნა რუსული ფულით," რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ „შეიძლება კი".

ასევე, ყოფილმა პრეზიდენტმა მას კვლავ ჰკითხა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მას ვასილ მაღლაფერიძემ უთხრა. სააკაშვილი დაინტერესდა, აღნიშნულის ჩანაწერი თუ გააკეთა მაღლაფერიძემ, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამას სასამართლო გაარკვევდა.

„ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?" - ჰკითხა მას კვლავ სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა უთხრა, რომ არ იცოდა. გარდა ამისა, მან ნოღაიდელს ისიც ჰკითხა, რუსეთში ყოფნისას ჰქონდა თუ არა შეხვედრა პრეზიდენტთან.

„პუტინთან იყავი თუ არა რუსეთში შეხვედრაზე? მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს „ეკაჩავე", „ებლატავე", თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა.

დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება. ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს. ეს არის რუსეთის, პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასამართლებლად, ერთი რუსი მოწმე აგერ დგას და მეორე რუსის დაწერილი ბრალით მასამართლებენ", - მიმართა სააკაშვილმა ნოღაიდელს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. მათ შორის ნოღაიდელმა მიხეილ სააკაშვილ რამდენჯერმე მიმართა სიტყვებით: „დაეგდე მანდ".

სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. სიტუაცია ისე დაიძაბა, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ.

სააკაშვილმა გამოსვლის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა, მოსამართლეთა კოლეგიამ კი დარბაზში მყოფები და ბრალდებული გააფრთხილა, თუკი წესრიგს არ დაიცავდნენ, სხდომას დახურავდნენ. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას,

ტელეკომპანია „იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა. სასამართლო სხდომის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ლაჩარი სააკაშვილი, რომელიც 2008-ში მიწაზე ფორთხავდა, შენიშვნებს მე ვერ მომცემს".

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ჰქონდა მას პუტინთან სალაპარაკო, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ "საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები". „საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობაზე. ეს ასჯერ გაქვთ მოსმენილი", - განაცხადა ნოღაიდელმა. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სწორედ ეს შეაფასა სააკაშვილმა ღალატად, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ რასაც მასზე ფიქრობდა, სხდომათა დარბაზში უთხრა.

„სააკაშვილზე არ მათქმევინოთ, რასაც ვფიქრობ. რასაც ვფიქრობ, ვუთხარი სხდომათა დარბაზში. ლაჩარი სააკაშვილი, რომელმაც საქართველო ამ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც ფორთხავდა მიწაზე 2008-ში, შენიშვნებს მე ვერ მომცემს, ვერ და ვერც მოღალატეს ვერ დამიძახებს",- განაცხადა ნოღაიდელმა.

მას ჟურნალისტი ჩაეკითხა, „რატომ იყო ეს ფორთხვა, თუკი თავდასხმის დროს ის დაცვის სამსახურმა დაიცვა". ჟურნალისტის თქმით, რასაც ნოღაიდელი ამბობდა, „რუსული პროპაგანდა" იყო. „არ უნდა ეფორთხა. არ არის ეს რუსული პროპაგანდა, ეს ჩემი პროპაგანდაა, დაიცვა არა ის. არ უნდა იფორთხო. მთავარსარდალი უნდა დაიცვან ოღონდ, ღირსეული მთავარსარდალი. ღირსეული არ იყო", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სააკაშვილზე მაშინაც ასე ფიქრობდა თუ არა, მან ასე უპასუხა: „2008-ში აღარ იყო ღირსეული, მანამდეც ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში".., - განაცხადა ნოღაიდელმა. ჩაკითხვაზე, ომის შემდეგ პუტინთან რატომ წავიდა შეხვედრაზე, ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ „ეს არ არის მთავარი საკითხი დღეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×