
რეგიონში შექმნილი სიტუაცია და მშვიდობის მნიშვნელობა, საქართველოსა და აზერბაიჯანის როლი სამხრეთ კავკასიაში, შუა დერეფანი, ეკონომიკური ურთიერთობები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რაზედაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტისას მხარეებმა მიმოიხილეს.
ილჰამ ალიევი მის მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასა და დელეგაციასთან ერთად საქართველოს 6 აპრილს ეწვია, მას აეროპორტში საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევი პირისპირ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს. მანამდე, პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ამის შემდეგ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ალიევს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრები შედგა, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. რის შედეგაც ლიდერებმა მედიისთვის გააკეთეს განცხადებები.
მანამდე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად გმირთა მემორიალი და ჰეიდარ ალიევის მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
ასევე, ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო და უმასპინძლა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ალიევის ჩამოსვლა მოულოდნელია და დაანონსებული არ ყოფილა.
რა თქვა კობახიძემ
პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მის დელეგაციას სტუმრობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დასძინა,რომ ვიზიტისას განიხილება,როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ისე რეგიონში შექმნილი ვითარება.
აღნიშნა, რომ საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ყოველთვის იყო, არის და იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი.
"დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს. ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.
- ირაკლი კობახიძე: "შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს"
"საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს. ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს",- აცხადებს კობახიძე.
პრემიერის თქმით,სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად რეგიონისთვის.
"ჩვენ ვაკვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ზრდის "შუა დერეფნის" მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას.
"ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას. საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში",- აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერი ამბობს, რომ აზერბაიჯანი კვლავ საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, კობახიძის სიტყვებით, შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და არის მოლოდინი, რომ ამ და სხვა სფეროებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
რა თქვა ალიევმა
თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კობახიძეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი დამატებიტ იმპულსს მისცემს ურთიერთობების განვითარებას.
"ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება. მეგობრული, მეზობლური და ძმური ურთიერთობებით ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გილოცავთ ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენ და თქვენს მთავრობას თქვენს მიღწევებს.
"საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა აქვს ძალიან თვალსაჩინო. თქვენ ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რომ ამ წარმატებაში დამატებითი წვლილი შეიტანონ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას.
"თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები თანმიმდევრულად და დინამიურად ვითარდება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩვენი საზღვრების ურღვევობას. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც", აღნიშნა ალიევმა.
ალიევი ამბობს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი მიღწევებია და "ზრდა არის შთამბეჭდავი".
"3.6 მლრდ დოლარია უკვე ინვესტირებული საქართველოს ეკონომიკაში ჩვენი ქვეყნიდან და დღეს საუბარი გვქონდა ახალ შესაძლებლობებზე, ახალ საინვესტიციო პროექტებზე. ჩვენ, შესაძლოა განვიხილოთ მე-3 ქვეყნებში ერთობლივი ინვესტიციები. ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებაზე, არსებულ მდგომარეობაზე. გამონაკლისი არ ყოფილა ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში.
"ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს",- ამბობს ალიევი.
- ილჰამ ალიევი:"გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები თანმიმდევრულად და დინამიურად ვითარდება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ჩვენი საზღვრების ურღვევობას"
რაც შეეხება ენერგეტიკას, ალიევის თქმით, დღეს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი 16 ქვეყანაში გადის ექსპორტზე და საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის გავლით აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო არსებულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე შუა დერეფანზე,რომელიც "ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ".
"ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება, გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის",- ამბობს პრეზიდენტი.
ოპოზიციის შეფასებები
"ქართული ოცნება" ალიევის ხელისუფლებასთან გამუდმებული შეხვედრების მიუხედავად, არასდროს გვეუბნება მკაფიოდ, თუ რა საკითხებს განიხილავს, ლობირებს თუ არა რაიმე კუთხით ეროვნულ ინტერესებს - ძალიან საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, ახლა მაინც, მეასედ შეხვედრისას განიხილეს თუ არა გარეჯის საკითხი", - ამბობს „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გირგოლ გეგელია ალიევის ვიზიტის შეფასებისას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარია კი "პალიტრანიუსთან" ამბობს, რომ ალიევის ვიზიტი მოულოდნელი იყო.
„მესამე წელია პრეზიდენტი ალიევი საქართველოში არ ყოფილა. ბოლოს ის 2023 წელს იყო თბილისში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობდა. მისი ჩამოსვლა საკმაოდ მოულოდნელია, წინასწარ არ ყოფილა ეს დაანონსებული. ეს გარკვეულწილად მიჩენს განცდას, რომ ერთ მხრივ, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს ირანის კრიზისს. მეორე საკითხი არის ის ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც ტრამპის მშვიდობით და ახალი დერეფნების მშენებლობის პროცესში აზერბაიჯანს გააჩნია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან," - განაცხადა აქუბარდიამ.