
პირდაპირ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ პრეზიდენტი ალიევი არის საქართველოში, რაც არ ჰგავს ფორსმაჟორულ ვიზიტს, ეს დამალულ ვიზიტს ჰგავს , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.
გიორგი შარაშიძის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა არის „გზავნილი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არის და იქნება".
„არ მახსენდება მაღალი დონის ვიზიტის ასე გვიან დაანონსება. ფაქტობრივად დაანონსებაც არ ერქვა ამას, პირდაპირ ფაქტის წინაშე დავდექით, რომ პრეზიდენტი ალიევი არის საქართველოში. მე ნამდვილად არ მახსენდება სხვა არცერთი ასეთი შემთხვევა, როგორც წესი, მინიმუმ რამდენიმე დღით ადრე ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია. მით უმეტეს, პირველი ლედია მასთან ერთად, პროგრამაა გაწერილი და ა.შ. ეს არ ჰგავს ფორსმაჟორულ ვიზიტს, გუშინ წინ რომ გადაწყვეტილიყო და დღეს უკვე ჩამოსულიყო, ამას არ ჰგავს, უფრო დამალულ ვიზიტს ჰგავს. ამის ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს.
მთავარი არის ის, რომ ეს ვიზიტი არ იყო იმიტომ, რომ ალიევი ყაველაშვილს შეხვედროდა, არც იმიტომ, რომ კობახიძეს შეხვედროდა, ეს ვიზიტი იყო იმიტომ, რომ შეხვედროდა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ვიზუალური გამოვლინება იმისა, ვინ არის ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები. კარგად ჩანს, რა პოზიციას იკავებს კობახიძე და როგორ არიან წინა პლანზე ივანიშვილი და ალიევი. მოგეხსენებათ, რომ ივანიშვილი არ არის არცერთ ოფიციალური სტატუსისა და თანამდებობის მქონე პირი.
ალიევის და ივანიშვილის შეხვედრა არის გზავნილი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არის და იქნება და ვისაც სურს „ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობის დალაგება, უნდა მიიღოს „ოცნება" ისეთად, როგორიც არის. სავარაუდოდ ეს არის ამის მორიგი დემონსტრაცია. ჩემი აზრით, ეს ნაკლებად არის [შიდა მოხმარების გზავნილი] უფრო მეტად საერთაშორისო, ყველაზე მეტად აშშ-სთვის", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.