
დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.
როგორც მან მედიასთან აღნიშნული თემის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო მზად არის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, თუმცა ეს ყველაფერი აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.
„ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რასაც აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის, გაჟღერებული „მესიჯები“ და ა.შ. შესაბამისად, დაველოდოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკულ მხარესთან თითოეული შეხვედრით საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.