რეზონანსი
07.04.2026

გრიგოლ ლილუაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება - სუს-ის ექს შეფის ეტაპირება რუსთავის ციხიდან ამ წუთებში მიმდინარეობს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. ახლა მთავარი კითხვაა, გახსნის თუ არა მოსამართლე ნატო ხუჯაძე პროცესს საქმეზე, სადაც ლილუაშვილს უკანონო „ქოლ-ცენტრების“ მფარველობას და დიდი ფულის გათეთრებას ედავებიან.

როგორც ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი „TV პირველს“ ეუბნება, დაცვის მხარის სურვილია, რომ სასამართლოს სხდომები დახურულ რეჟიმში არ წარიმართოს. უფლებადამცველის თქმით, მისთვის უცნობია, ისარგებლებს თუ არა დაკავებული მაღალჩინოსანი სიტყვით დღევანდელ პროცესზე. 

„ეს არის წინასასამართლო სხდომა, საცა იცით, რომ იხილება მხარეების მიერ მომზადებული მტკიცებულებების დასაშვებობების საკითხი. ასევე აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი, რა თქმა უნდა, თუ ჩაითვალა რელევანტურად. მე როგორც ვიცი გრიგოლ ლილუაშვილი პროცესს დაესწრება. თუ რაიმე განცხდების გაკეთება უნდა, ვერ გეტყვით, მაგრამ არ ველოდები რაიმე განცხადების გაკეთებას.  რაც შეეხება საქმის გახსნის საკითხს, სხვა ყველა ანალოგიური საქმე, რომელიც განხილვაში იყო, იცი, რომ ყველაზე პროკურატურამ იშუამდგომლა დახურვის თემა და ალაბთ, აქაც ასე იქნება. ეს ახლა პროკურატურის გადასაწყვეტია. ჩვენ, დაცვის მხარეს არ მიგვაჩნია სწორად სასამართლოს დახურვა და რა თქმა უნდა, ეს განხილვის თემაა და ჩვენ ჩვენს პოზიციას წარმოვადგენთ“, - განაცხადა ადვოკატმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექს-მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 2025 წლის 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×