
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, მე-4 მუხლის კონსულტაციების ფარგლებში, 25 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში საქართველოში შეხვედრები გამართა.
დღეს ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა. მისიის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაჟდენბერგმა განაცხადა, რომ გონივრული მაკროეკონომიკური მართვისა და პოლიტიკის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია.
„გონივრული მაკროეკონომიკური მართვისა და პოლიტიკის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური შედეგები მყარია. ამავდროულად, გლობალური გაურკვევლობის ზრდის ფონზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის გათვალისწინებით, პერსპექტივის მიმართ გამოწვევები იზრდება. კონფლიქტი მოკლევადიანი თუ იქნა, ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს, თუმცა უფრო ზომიერი ტემპით. ეს იქნება ბოლო წლების გონივრული მართვის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ სურსათისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო მთლიანმა ინფლაციამ სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა, საბაზო ინფლაცია შეზღუდული რჩება. საგარეო პოზიცია გაძლიერდა, რამეთუ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა და საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ფისკალური პოლიტიკის დისციპლინა შენარჩუნებულია, სახელმწიფოს ვალი დაბალია, თუმცა მზარდია ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გეოპოლიტიკური რისკები: მათ შორის, ახლო აღმოსავლეთის ომის შესაძლო გახანგრძლივების გამო. საქართველო უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად, ძლიერი მაკროეკონომიკური საფუძვლით და პოლიტიკის ბუფერებით. სამომავლო პოლიტიკა უნდა მიიმართოს მაკროფინანსური სტაბილურობისა და დიდი შრომით მიღებული სანდოობის შენარჩუნებაზე. ძლიერი ზრდის შენარჩუნებისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით, სტრუქტურული რეფორმები უნდა აჩქარდეს“, - აღნიშნა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.