
ანალიტიკოსები თქმით კრიზისი უფრო ფართო ეკონომიკურ და პოლიტიკურ არასტაბილურობაში გადაზრდით იმუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ომმა შეარყია ენერგეტიკული ბაზრები მთელ აზიაში, რეგიონის ერთ-ერთი კუთხე განსაკუთრებით ძლიერ დაზარალდა. ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ სამხრეთ აზიის დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთის საწვავსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფულად გზავნილებზე, რეგიონის ზოგიერთი ყველაზე მოწყვლადი ეკონომიკის კოლაფსის ზღვარზე დაყენებით იმუქრება, რადგან კონფლიქტს ენერგომატარებლებისა და სურსათის ფასები მრავალწლიან მაქსიმუმამდე აჰყავს.
შრი-ლანკასთვის, ბანგლადეშისა და პაკისტანისთვის, რომელთა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების პროგრამები და არასაკმარისი საბიუჯეტო რეზერვები ზღუდავს მათ შესაძლებლობებს, დაიცვან მოქალაქეები ომით გამოწვეული საფასო შოკებისგან, კრიზისი უფრო ფართო ეკონომიკურ და პოლიტიკურ არასტაბილურობაში გადაზრდით იმუქრება..
ანალოგიური ეფექტის საფრთხეა ნეპალში, სადაც გასულ წელს მასობრივმა სტუდენტურმა პროტესტებმა მთავრობა დაამხო. ბანგლადეშსა და შრი-ლანკაში 2024 და 2022 წლებში ასევე მოხდა ახალგაზრდების მიერ ინიცირებული მასობრივი აჯანყებები, შესაბამისად,
„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მწვავდედ იგრძნბა მისი შედეგები“, — განაცხადა პერლ პანდიამ, Armed Conflict Location and Event Data-ს, კონფლიქტების მონიტორინგის დამოუკიდებელი გლობალური ორგანიზაციის უფროსმა ანალიტიკოსმა სამხრეთ აზიის საკითხებში.
„რეგიონი ძლიერ არის დამოკიდებული სპარსეთის ყურესა და ირანზე ნავთობის, გაზისა და სასუქების მიწოდების კუთხით, მაშინ როდესაც მრავალრიცხოვანი დიასპორების ფულადი გზავნილები – განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნეპალი და ბანგლადეში – ეკონომიკისთვის შემოსავლის უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩება“.
ენერგომატარებლებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა 28 თებერვალს ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ: ეტალონური Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა და 100 დოლარს გადააჭარბა ბარელზე, ხოლო ბუნებრივი აირის სპოტ-ფასებმა ბოლო წლების განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია, რადგან თეირანი ზღუდავს საწვავის მიწოდებას სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.
როდესაც ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ერისადმი მიმართვაში ირანზე „უკიდურესად მკაცრი“ ახალი დარტყმებით დაიმუქრა, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები მკვეთრად გაიზარდა და მცირე ხნით 105 აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია.
მაშინაც კი, თუ ომი რამდენიმე კვირაში დასრულდება – როგორც ადრე ტრამპმა განაცხადა – ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანი საბრძოლო მოქმედებებზე მეტხანს გასტანს. ანალიტიკოსები იმავეს ამბობენ ომის გავლენაზე სამუშაო ადგილებზე, რომლებზეც დამოკიდებულია სამხრეთ აზიის მილიონობით მუშის საარსებო წყარო.
„შესაძლოა, ჩვენ გავხდეთ მოწმე იმისა, თუ როგორ იმძლავრებს ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული არეულობა“, — თქვა პანდიამ. „ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ ხალხს მობილიზაციისთვის საფუძვლიანი მიზეზები ჰქონდა“.
ქარხნები ჩერდებიან
ბანგლადეშში სამკერვალო მრეწველობა – ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა – კრიზისს განიცდის: ვრცელდება ინფორმაცია ფაბრიკების მასობრივი გაჩერების, წარმოების შემცირებისა და მზარდი ფინანსური ზარალის შესახებ.
ეს სახიფათო სიტუაციაა ქვეყანაში, სადაც სტუდენტურმა პროტესტებმა ცოტა ხნის წინ მთავრობა დაამხო, რადგან, როგორც პანდიამ აღნიშნა, „ხალხი თვლიდა, რომ ეკონომიკა მათზე არ მუშაობდა“.
ნეპალში, სადაც ანალოგიურმა პროტესტებმა ბოლო თვეებში ასევე გამოიწვია რეჟიმის შეცვლა, შეინიშნება ეკონომიკური სასოწარკვეთის იგივე ფარული ტენდენცია, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების შემცირების ფონზე.
ამავდროულად, პაკისტანი ორმაგი პრობლემის წინაშე დგას.
როგორც ირანის ფარგლებს გარეთ შიიტური უმრავლესობის მქონე ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა, ის უნდა გაუმკლავდეს რელიგიათშორისი არეულობის რისკს სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლასთან ერთად.
თუმცა, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, რომლებიც ფუნქციობენ სსფ-ის ფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მკაცრ შეზღუდვებს აწესებენ სახელმწიფო ხარჯებზე, მის ლიდერებს ეკრძალებათ საბიუჯეტო რესურსების გამოყენება გაზრდილი ხარჯების შთანთქმისთვის სუბსიდიების მეშვეობით ან მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების გაცემა შედეგების შესამსუბუქებლად.
„შრი-ლანკა, ბანგლადეში და პაკისტანი იძულებულნი არიან გაამკაცრონ თავიანთი ფისკალური პოლიტიკა“, — განაცხადა ბიშვაჯიტ დჰარმა, ნიუ-დელის სოციალური განვითარების საბჭოს ეკონომიკის პროფესორმა.
„მთავრობის თეორიული შესაძლებლობები ინფლაციური ზეწოლის გასაკონტროლებლად შემცირდება... მაშინ როგორ ჩააქრობენ ისინი ინფლაციურ ხანძრებს? ეს გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას“.
გასულ თვეში რელიგიათშორისი დაძაბულობა გამწვავდა, როდესაც პაკისტანის არმიის სარდალმა, გენერალმა ასიმ მუნირმა შიიტ სასულიერო პირებს განუცხადა, რომ ისინი, ვისაც „ასე ძალიან უყვარს ირანი“, იქ უნდა წავიდნენ, მას შემდეგ რამდენიმე დღეში, რაც ამერიკელებისა და ისრაელელების მიერ უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის შემდეგ პროტესტი იფეთქა. პაკისტანის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმი სუნიტია.
ხამენეის მკვლელობამ ასევე გამოიწვია პროტესტი ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში, რამაც ხელისუფლებას უბიძგა უსაფრთხოების ძალების განლაგებისა და გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესებისკენ, განაცხადა პანდიამ. გაჭიანურებული ომი ირანში განსაკუთრებით დიდ ზიანს მიაყენებს სოფლის მეურნეობას – რეგიონის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს – რადგან გამოიწვევს სასუქების ფასების ზრდას. ბანკ ANZ-ის მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთზე მოდის სასუქებით მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 30 პროცენტი და მიწოდების შეფერხებამ უკვე დაიწყო გავლენის მოხდენა ხელმისაწვდომობაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი და რუსეთი ამცირებენ თავიანთ ექსპორტს.
სასუქებისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდამ „შესაძლოა გამოიწვიოს ნათესი ფართობების შემცირება და სასუქების ნაკლები რაოდენობით გამოყენება, რაც საბოლოო ჯამში ნაკლებად უხვ მოსავალს გამოიწვევს“, — ნათქვამია ბანკის ანგარიშში.
თუ ეს ხარჯები შენარჩუნდება საზაფხულო კულტურების, მაგალითად, ბრინჯის სათეს სეზონზეც, რომელიც ჩვეულებრივ მუსონური წვიმების დაწყებისთანავე ირგვება (რომლებამდეც ჯერ კიდევ ორიოდე თვეა დარჩენილი), შედეგი იქნება მარცვლეულზე ფასების ზრდა და ინფლაციური სპირალი სურსათის სფეროში, რასაც ენერგეტიკული კრიზისი კიდევ უფრო ამწვავებს.
ინდოეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არტერია
იმ პირობებში, როდესაც ირანთან ომი მეექვსე კვირას უახლოვდება, რეგიონულმა გიგანტმა ინდოეთმა გადადგა ნაბიჯები შრი-ლანკისა და ბანგლადეშისთვის საწვავის მიწოდების კუთხით გადაუდებელი დახმარების აღმოსაჩენად, და მოსალოდნელია, რომ შემდეგი რიგში ნეპალი იქნება.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც დელი ასევე მუშაობს 1,4 მილიარდზე მეტი მოსახლისთვის გაზის საკუთარი მიწოდების უზრუნველყოფაზე და მომხმარებელთა შეშფოთების ფონზე საკვების მოსამზადებელი გაზის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
პრიაჯიტ დებსარკარმა, ლონდონელმა მწერალმა, რომელიც სპეციალიზებულია სამხრეთ აზიაზე, განაცხადა, რომ ინდოეთის მეზობლები, სავარაუდოდ, დამატებითი დახმარებისთვის მიმართავენ მას, თუ ენერგეტიკული კრიზისი გახანგრძლივდება.
მან აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის რეგიონში სასტუმრო ბიზნესისა და უძრავი ქონების სფეროში სამუშაო ადგილების დაკარგვის ირიბი შედეგები პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.