
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებში „არსებობენ ელემენტები“, რომლებიც ცდილობდნენ ჩარევას, როგორც ამერიკულ, ისე უნგრულ არჩევნებში.
ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვენსის თქმით, აშშ აცნობიერებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებში არიან ელემენტები, რომლებიც ცდილობენ გავლენის მოხდენას ამერიკის, ასევე, უნგრეთის არჩევნებზე.
„ეს უბრალოდ ის არის, რასაც აკეთებენ. ეს არის ფასი, რომლის გადახდაც გვიწევს მათი სისტემის გარკვეულ ელემენტებთან თანამშრომლობისთვის. ვცდილობ, საკუთარ თავს შევახსენო, რომ უკრაინა, ისევე როგორც შეერთებული შტატები, ძალიან რთული ქვეყანაა. არიან კარგი ადამიანები და ცუდებიც. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევას და არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამბობენ: „ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტის ყველასთვის და სწორედ ამას ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჯეი დი ვენსმა ასევე თქვა, რომ უკრაინულ სისტემაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დემოკრატებთან ერთად აწარმოებდნენ კამპანიას 2024 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
„ამ ყველაფერს ვაცნობიერებ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანი მათ აძლევს საშუალებას, გავლენა მოახდინონ მასზე. მე არ ვაძლევ მათ ამის საშუალებას. და რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ჩემზე ან სხვაზე უკრაინული სისტემის გარკვეული ელემენტები, ნამდვილად მჯერა, რომ უკრაინის, ევროპისა და უნგრეთის, ასევე, შეერთებული შტატების ინტერესებშია, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.