
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომს კვლავ „აბსოლუტურ წარმატებად" ახასიათებს და სულ ახლახან, ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საქმეები „დაუჯერებლად კარგად" მიდის, ხოლო თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ თეირანი აშშ-ის ძალების მიერ „შერცხვენილი და დამცირებულია", - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.
თუმცა, ირანის მიერ გამანადგურებელ F-15E-ს ჩამოგდებამ და მაღალი რისკის მქონე სამაშველო ოპერაციამ აჩვენა, რომ თეირანი კვლავ ინარჩუნებს აშშ-ის სამხედრო პერსონალისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობას.
აშშ-ის ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების თქმით, ამან ეჭვქვეშ დააყენა ჰეგსეტის მიერ ბოლო კვირებში გავრცელებული სტატისტიკა, რომლითაც ის ირანის ცაზე „სრულ კონტროლსა" და „დაუბრკოლებელ საჰაერო სივრცეზე" ტრაბახობდა.
ქაოტურმა, თუმცა წარმატებულმა სამაშველო ოპერაციამ ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ ჰეგსეტის არაერთგზის განცხადებები საჰაერო დომინირების შესახებ სერიოზულ დათქმებს შეიცავს.
ამან ტრამპის ადმინისტრაციაში კიდევ უფრო გაამძაფრა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ მისი გზავნილები ომის შესახებ ზედმეტად ოპტიმისტურია და არსებობს რისკი, რომ მათ შეცდომაში შეიყვანონ როგორც საზოგადოება, ასევე თავად პრეზიდენტი.
„პიტ ჰეგსეტი პრეზიდენტს სიმართლეს არ ეუბნება", - განაცხადა ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. „ამის შედეგად კი, პრეზიდენტი საჯაროდ იმეორებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას".
მიუხედავად იმისა, რომ ჰეგსეტი კვირების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ირანს „საჰაერო თავდაცვა არ გააჩნია" და აშშ-ის საჰაერო შეჭრების წინააღმდეგ „არაფრის გაკეთება" არ შეუძლია, ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა აღიარა, რომ F-15 ტიპის გამანადგურებელი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ პარასკევს ირანმა ასევე ჩამოაგდო მოიერიშე თვითმფრინავი A-10, თუმცა მისმა პილოტმა მოახერხა, ხომალდი მეგობრულ საჰაერო სივრცემდე მიეყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა უსაფრთხო კატაპულტირება.
სტიმსონის ცენტრის სამხედრო ანალიტიკოსმა, კელი გრიკომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად დაასუსტა ირანის ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები და სტაციონარული სარაკეტო თუ რადარული სამიზნეები, F-15-ის ჩამოგდება სწორედ ის შემთხვევაა, „როდესაც გაქვს საჰაერო უპირატესობა, მაგრამ არ გაქვს სრული საჰაერო ბატონობა".
ჰეგსეტის რიტორიკა მკვეთრ წინააღმდეგობაში მოვიდა გაერთიანებული შტაბების უფროსის, გენერალ დენ კეინის პოზიციასთან, რომელსაც არც კი უგულისხმია, რომ ამერიკელ პილოტებს ირანის საჰაერო სივრცის გამოყენება მტრის საფრთხეებზე დარდის გარეშე შეუძლიათ.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, რომლებიც სხვების მსგავსად ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურ საკითხებზე მსჯელობისას, შეშფოთება ჰეგსეტის სამხედრო გზავნილების გამო სცილდება მხოლოდ მის მტკიცებებს აშშ-ის საჰაერო დომინირების შესახებ.
მათი თქმით, დავის მთავარი საგანია ჰეგსეტის მიერ იმ ძალისხმევის შეფასება, რომელიც მიმართულია ირანის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამების განადგურებისკენ.
გასულ თვეში, პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო და დრონების პროგრამები „თითქმის მთლიანად განადგურებულია".
თუმცა, აშშ-ის დაზვერვის ბოლოდროინდელი შეფასებით, რომლის შინაარსიც ამ დოკუმენტში ჩახედულმა სამმა პირმა გააჟღერა, ქვეყნის სარაკეტო გამშვები დანადგარების ნახევარზე მეტი კვლავ ხელუხლებელია, ხოლო ირანის არსენალში ჯერ კიდევ რჩება ათასობით ე.წ. „კამიკაძე" დრონი.