
არ წყდება ხმაური რუსთაველის თეატრში გამართული პრემიერის გარშემო, მოგეხსენებათ, ახლახან რობერტ სტურუამ მაყურებელს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის საკუთარი ხედვა წარუდგინა. სპექტაკლი "ვეფხისტყაოსანი“ (ნაწილი პირველი: “ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”) ქართული თეატრის ლეგენდის, სანდრო ახმეტელის 140-ე წლისთავს მიეძღვნა.
სპექტაკლმა და მისმა ფრაგმენტებმა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა დიდი და არცთუ დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა ეროტიკულად და მიუღებლად მიიჩნია რიგი სცენები, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია.
რეჟისორმა სანდრო ელოშვილმა სპექტაკლთან და მის რეჟისორთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოაყვეყნა:
"შევეცდები მოკლედ ვთქვა... მე არ მინახავს სპექტაკლი “ვეფხისტყაოსანი“ და ვერც წარმომიდგენია როგორ შეიძლება დადგა ეს ნაწარმოები, ისე რომ “წიგნი“ არ ჯობდეს... ამიტომაც ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით!
იმასაც გეტყვით, რომ მე და ბატონი რობერტის ხედვები, სამყაროს თუ არა, საქართველოს მოწყობასთან დაკავშირებით, ნამდვილად რადიკალურად განსხვავდება, განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობის და კონკრეტულად ზვიად გამსახურდიას შეფასებაში...
მაგრამ! (რა ჯადოსნური სიტყვაა)
თუკი სტურუა უნდა განვსაჯოთ, როგორც რეჟისორი, გეტყვით რომ ამ პროფესიაში ისევე ბერდებიან ადამიანები, როგორც დავუშვათ ფეხბურთში და 87 წლის ადამიანს, მოვთხოვოთ ის შედეგები რაც ჰქონდა 37 წლის ასაკში ("კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III") იგივეა 70 წლის ალექსანდრე ჩივაძეს მოვთხოვოთ ისევე ითამაშოს, როგორც თამაშობდა 20 წლისას...
ერთი კი ფაქტია! “კავკასიური ცარცის წრე“, “რიჩარდ III“ და “მეფე ლირი“ ის მწვერვალებია ქართულ თეატრში, აგერ ნახევარი საუკუნე ვერავინ რომ მიუახლოვდა, გაუტოლდა...
რუსთაველის თეატრი, მცირე მასშტაბში რომ წარმოვიდგინოთ, გლობუსზე სადაც კი ლურჯი არ არის, ანუ მიწაა (ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსის გარდა) ყველგან ნამყოფია...
და სტურუას, არგენტინიდან დაწყებული ავსტრალიით დამთავრებული, ყველგან ფეხზე მდგარი უკრავდნენ ტაშს და იმის იქით მარტო სელაპებს შეუძლიათ ტაშის დაკვრა, მაგრამ, სამწუხაროდ, თეატრში არ დადიან!
ასე რომ, რობერტ სტურუა, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს და შეცდომებიც არ უნდა ჰქონდეს დაშვებული ცხოვრებაში, ქართული თეატრის “დედა ენაა“. ამიტომაც...
აი ია...
აი თითი...
აი რობერტ სტურუა"!
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე