
თეთრი სახლი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას აშშ-ს გამარჯვებად აფასებს, მაგრამ, ისრაელში ოპოზიციურ ძალებს და ანალიტიკოსთან ნაწილს მიაჩნიათ, რომ ეს არის "დიპლომატიური კატასტროფა და სტრატეგიული მარცხი". თუმცა, იმაზეც საუბრობენ, რომ სიტუაციის ესკალაცია მსოფლიოს კარგს არაფერს მოუტანდა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ულტიმატუმის ვადის ამოწურვისას, პაკისტანმა მეომარ მხარეებს 2-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ტრამპი კი წინადადებას ჰორმუზის სრუტის განხსნის პირობით დათანხმდა. მისი თქმით, ეს იქნება "ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა", ამასთან დაადასტურა, რომ ირანისგან 10-პუნქტიანი გეგმა მიიღო და რომ ეს შეიძლება იყოს "მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი".
თავის მხრივ გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანის აღსადგენად ხარჯების ანაზღაურებას, რეგიონში ყველა კონფლიქტის დასრულებას. ასევე, ირანი ბირთვული იარაღის ფლობას არ ეცდება.
პუნქტები შემდეგია: ომის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში; ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა, ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე; რეგიონში ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება; ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა; ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროტოკოლისა და პირობების დადგენა; ირანისთვის რეკონსტრუქციის ხარჯების სრულად ანაზღაურება; ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სრული ვალდებულება; შეერთებული შტატების მიერ დაკავებული ირანის სახსრებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება; ირანი სრულად იღებს ვალდებულებას, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის ფლობას;
რას ნიშნავს 2-კვირიანი პაუზა
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა კარგი გამოსავალი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესკალაცია გარდაუვალი იქნებოდა.
"ჯერჯერობით, ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, ისიც პაკისტანის მედიაციით, რაც რა თქმა უნდა, კარგი შედეგი იყო. ვპროგნოზირებდი, რომ ტრამპი დიდი ალბათობით ირანს მწვავედ არ შეუტევდა, მათ რამოდენიმე ქარხანას დაარტყეს და მწყობრიდან გამოიყვანეს.
"მხარეები უკვე გამოფიტვაზე არიან და ორივე მხარეს ტაიმ-აუტის აღება სურს. ალბათ ორი კვირის განმავლობაში სიწყნარე იქნება, ეს ცეცხლის შეწყვეტის ზავია და ეს არაა სამშვიდობო ხელშეკრულება, მაგრამ ამის მერე სიტუაცია როგორ განვითარდემა, მთავარი ეგაა. შესაძლოა ამის შემდეგ რეალური მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს.
"მე ამ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიურ კატასტროფას ნამდვილად ვერ მივაწერდი, მემგონი მსოფლიო უფრო საშინელ კატასტროფას გადაურჩა. ეს შეთანხმება ბევრად სჯობდა, ვიდრე ესკალაციისკენ წასვლა.
"ამერიკამ და ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხება შეძლეს, ასევე, რეჟიმის შეცვლა მოახერხეს, მართალია უფრო რადიკალები მოვიდნენ, მაგრამ ძველი პოლიტიკური გავლენის ძალები ნაკლებად არიან.
"მეორეს მხრივ ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნას. ჯერჯერობით ნორმალური სიტუაციაა",- განაცხადა მაისაიამ.
- ვახტანგ მაისაია: "მე ამ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიურ კატასტროფას ნამდვილად ვერ ვუწოდებდი, მსოფლიო საშინელ კატასტროფას გადაურჩა. ეს შეთანხმება ბევრად სჯობდა, ვიდრე ესკალაციისკენ წასვლა"
ევროპული ვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპმა თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიყენა და გამოსავალი ორკვირიანი ზავია.
"აშშ-მა და განსაკუთრებით დონალდ ტრამპმა თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიყენა, ის ყველა გზას ეძებდა, რომ ამ სიტუაციიდან გამოსულიყო. დასახული მიზნები ნაწილობრივაა შესრულებული, მაგრამ უფრო ის მიზნებია შესრულებული, რომელიც ისრაელს უფრო აინტერესებდა და არა აშშ-ს - ამერიკას რეჟიმის შეცვლა უნდოდა, ისრაელს კი ირანის დასუსტება, რადგან მათ ილუზია არ ჰქონდა, რომ რეჟიმი შეიძლება ფუნდამენტურად შეიცვალოს.
"დასუსტება მოხდა, მაგრამ ის, რაც ამერიკელებს უნდოდათ, რომ შეეცვალა რეჟიმი და მერე ამერიკის ინტერესები გაეტარებინა ახალ ხელმძღვანელობას, ეს არ გამოვიდა და ამ კონტექსტში ტრამპი დამარცხებული გამოდის, თავისი სავარაუდო მიზნები ვერ შეასრულა",- განაცხადა გოგოლაშვილმა.
რა იქნება 2 კვირის შემდეგ
ვახტანგ მაისაია გვეუბნება, რომ დროის ამოწურვის შემდეგ, ყველაფერი იმაზე იქნება დამკიდებული, ამ პერიოდში მხარეები რაზე შეთანხმდებიან.
"ამ დროის ამოწურვის შემდეგ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მხარეები სულს როგორ მოითქვამენ და ამ პერიოდში მოლაპარაკებები როგორ დასრულდება. როგორც ჩანს, ამ დროის განმავლობაში მხარეები შეეცდებიან ერთმანეთში მოლაპარაკებების როცესი დაიწყონ. მთავარი ამოსავალი წერტილი ის იქნება, თუ ეს პროცესი როგორ ჩაივლის.
"არ ვიცი ირანი რამდენად საბოლოოდ იტყვის ბირთვულ პროგრამაზე უარს, ამაზე პასუხისგაცემა რთულია, ესეც მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული და ამ ცეცხლის შეწყვეტას თუ მოჰყვება სამშვიდობო ხელშეკრულება და პირობებს ერთმანეთთან როგორ შეაჯერებენ",- განაცხადა მაისაიამ.
კახა გოგოლაშვილი კი გვეუბნება, რომ ორი კვირის მერე, აშშ გამწვავებისკენ აღარ წავა.
"ვფიქრობ, ამერიკა თავად შეეცდება გამწვავებისკენ არ წავიდეს, ტრამპის განცხადება უცნაური იყო, მაშინ, როცა ირანმა აშშ-ს დამამცირებელი ათი პუნქტი შესთავაზა, ტრამპმა განაცხადა, რომ ჩვენ შეიძლება ეს პირობები მოლაპარაკებების ბაზისად ავიღოთო. ანუ არც კი უარყო იქიდან მნიშვნელოვანი პუნქტები, რაც ირანს ჰქონდა წარმოდგენილი. ამიტომ მგონია, რომ აშშ-ს უბრალოდ ომის გაგრძელება არ უნდა, რადგან იცის ყველაზე მნიშვნელოვანია ოქტომბრის არჩევნებს შეხვდეს ნაკლებადსარისკო სიტუაციაში.
- კახა გოგოლაშვილი: "აშშ შეეცდება ირანი რაღაც-რაღაცეებზე დაითანხმოს და წარმოაჩინოს, როგორც გამარჯვება. ირანი ასე უბრალოდ დასამარცხებელი არაა, მის უკან ჩინეთ-რუსეთი დგანან და ამ ორ კვირას რა თქმა უნდა გამოიყენებს"
"ომი როგორც არუნდა გაგრძელდეს, აშშ-დან ძალიან დიდ დანაკარგს მოითხოვს - გაიზრდება მსხვერპლი, ფინანსური დანაკარგები, მთელი სპარსეთის ყურე ჩაიკეტება და ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს რესპუბლიკური პარტიის პოზიციას.
"ორი კვირის მერე ესკალაცია არ უნდა მოჰყვეს, უბრალოდ აშშ შეეცდება ირანი რაღაც-რაღაცეებზე დაითანხმოს და წარმოაჩინოს, როგორც გამარჯვება. აღსანისნავია, რომ ირანი ასე უბრალოდ დასამარცხებელი არაა, მის უკან ჩინეთ-რუსეთი დგანან და ამ ორ კვირას რა თქმა უნდა გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩინეთიდან დამატებითი დახმარება მიიღოს, სამხედრო ძალები გადააწყოს, პარტნიორებისგან მეტი გარანტიები მიიღოს და პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს.
"აშშ პოზიციებს ვეღარ გააძლიერებს, რადგან მას არ შეუძლია ამასობაში დიდძალი ცოცხალი ძალა სპარსეთის ყურეში გადაისროლოს. აშშ ძალიან რთულ პოზიციაში ჩავარდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთში მისი სტრატეგიული მარცხი სახეზეა",- განაცხადა გოგოლაშვილმა.