
მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმე მარნეულში ორი დღის წინ მომხდარ ანგარიშსწორებას ეხება.
გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2026 წლის 6 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების გამო, ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად, ხელკეტების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.