თამთა ჩაჩანიძე
08.04.2026

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 52.5 მლნ დოლარის დაზოგვის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 8 აპრილს განაცხადა. მთავრობაში ამბობენ, რომ დასრულებულია სამშენებლო-სამობილიზაციო სამუშაოები და უახლოეს დღეებში პორტის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო პროცესი დაიწყება.

ხელისუფლების შეფასებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და მასში სახელმწიფო კონტოლის 51%-იანი წილი იქნება დაცული. რაც შეეხება კერძო ინვესტორს, ამ დრომდე შერჩეული არაა.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის განვითარების პროექტზე საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა. ეს იყო ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

ამასთან, "ლელო" მიმართავს "ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას ტრამპის სახელი და გახდეს "ტრამპის გზის" კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც მოგვიტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას".

ანაკლიის პროექტის პერსპექტივა

ანალიტიკოსი პეტრე მარაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთადერთი ქვეყანა, ვისაც საოკუპაციო ხაზთან პორტის აშენება შეუძლია ისე, რომ რუსეთი ნაბიჯს არ გადადგამს.

  • პეტრე მამრაძე: "ამერიკამ რომ მშენებლობა დაიწყოს, პუტინი ტრამპს არაფერს არ უთმობს და აი სი ძინპინის მიმართ არც საყვედური იქნება და არც რაიმე მოქმედება, იქნება ამ ფაქტის მიღება ულაპარაკოდ და მორჩილად"

"დეტალები ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ხაზგასასმელია - ყველას გვახსოვს ტრამპის პირველი ვადის დროს პომპეოს ვიზიტი, რომელმაც საჯაროდ გამოგვიცხადა, რომ უსათუოდ ააშენეთო, ოღონდ არც რუსები არ შემოუშვათ, არც ჩინელებიო.

"ეს რომ იმის ფონზე ეთქვა, რომ ჩვენ მოვდივართ და ინვესტიციას ვდებთო, ეს სხვაა, მაგრამ ანაკლია პირდაპირ საოკუპაციო ხაზზე ზის, აშშ ამ ფონზე არც კი ფიქრობს ფულის ჩადებას, რადგან დაგიყენებენ კრეისერს რეიდზე და არავითარი მიმოსვლა აღარ იქნება.

"ერთადერთი ქვეყანაა ჩინეთი, რომელმაც ერთი იმდენი ახსენოს, რომ მეც ვმონაწილეობ, უკვე სხვა ფირმები მოდიან, მაგალითად ბელგიის დიდი კომპანია მაშინვე ტენდერში შემოვიდა და რაღაც სამშენებლო ფუნქციას ასრულებს.

"ახლა რომ აშშ-ს წარმომადგენელი ჩამოვიდა, პრესაში დაიწერა, რომ საუბარი შეეხო ანაკლიის პორტსო, დარწმუნებული ვარ შეეხო იმ მხრივ, რომ აი ჩვენ არ შემოვდივართ, მაგრამ თქვენ არ შეუშვათ ჩინელებიო, მაშინ როგორ უნდა აშენდეს? სად შეუძლია საქართველოს ასეთი პორტი მარტო აშენოს და მითუმეტეს მისი უსაფრთხო გამოყენება უზრუნველჰოს, როცა გვერდით საოკუპაციო ჯარია.

"იმედი მაქვს, რომ ბალანსი იქნება დაცული და პორტი ასე თუ ისე აშენდება, შეიძლება სწრაფად არა, მაგრამ, ამ პირობებში, რომ გლობუსზე სხვა ქვეყანა არაა, რომ თავისი ქოლგა აჩვენოს და პუტინმა არც არაფერი უთხრას და არც არაფერი საწინააღმდეგო არ გააკეთოს, ესაა ჩინეთი.

"ამერიკამ რომ მშენებლობა დაიწყოს, პუტინი ტრამპს არაფერს არ უთმობს და აი სი ძინპინის მიმართ არაფერი მსგავსი არ აქვს, არც საყვედური იქნება და არც რაიმე მოქმედება, იქნება ამ ფაქტის მიღება ულაპარაკოდ და მორჩილად",- განაცხადა მამრაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით ბუნდოვანია ვინ ააშენებს საბოლოოდ და ამჟამად რა პროცესი მიდის.

"პროექტი თითქოს შეფერხებულია, თითქოს ფინელებს უნდა ჩაედოთ გარკვეული ინვესტიცია, საოპერატორო კომპანია, რომელიც მშენებლობას უშუალოდ გაუწევდა კოორდინაციას, ის ბელგიური კომპანია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯერჯერობით პორობლემებია.

"ამ დროს, წინა პროექტის მიხედვით ანაკლიის პორტი ექსპლუატაციაში უკვე 2020 წლიდან უნდა შესულიყო, რომლის მიხედვით, წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ტონამდე ტვირთის დამუშავება და ყველა სახეობის გემის მიღება უნდა შეძლებოდა, რადგან ბათუმის და ფოთის ნავსადგურებს შეუძლიათ გემების სახეობის მხოლოდ 65%-ის მიღება.

  • ნიკა ჩიტაძე: "ანაკლიის პორტი ექსპლუატაციაში უკვე 2020 წლიდან უნდა შესულიყო, რომლის მიხედვით, წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ ტონამდე ტვირთის დამუშავება და ყველა სახეობის გემის მიღება უნდა შეძლებოდა"

"არაა გამორიცხული ანაკლიის აშენებას რუსებიც ეწინააღმდეგებოდნენ და ზეწოლას ჰქონდეს ადგილი. აქ აშშ-ს წარმომადგენელიც იყო და ვფიქრობ, რომ ანაკლიასაც შეეხო, საქართველოს გარეშე "ტრამპის გზის" პროექტი ფაქტიურად ვერ განხორციელდება, გაცილებით ნაკლები დაჯდება ტვირთების ტრანსპორტირება, თუ შავი ზღვის ნავსადგურების მიმართულებით მოხდება. შემთხვევითი არ იყო ალიევის ვიზიტი და საქართველო ყველა ვარიანტში სატრანზიტო როლს შეასრულებს",- განაცხადა ჩიტაძემ.

რა თქვა პრემიერმა

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით „სერიოზული ოპტიმიზაცია განხორციელდა".

"შევეხები ანაკლიის ინფრასტრუქტურის თემას. როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით.

სხვა ხელშეკრულებებთან ერთად, ჩვენ ასევე, გადავხედეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203,9 მილიარდი დოლარი. ასევე, გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც, შედეგად, პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა.

"კონკრეტულად, პროექტის ღირებულება შემცირდა 52,5 მილიონი დოლარით და შედეგად, უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად, მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდეს. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, 52 ნახევარი მილიონი დოლარი დაუზოგა",- განაცხადა კობახიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×