მარიამ ვეკუა
08.04.2026

ევროპელების მორიგი მცდელობა თუ უკვე ნანახი სცენარი - აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ფონზე, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და, როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, ფაქტობრივად ,კოორდინირებული ევროპული კოალიცია ჩამოაყალიბეს -ისინი მხარეებს ზავის შესრულებისა და პროცესის გრძელვადიან მშვიდობამდე მიყვანისკენ მოუწოდებენ.

ევროპელი ლიდერები აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დადებითად აფასებენ ,პარალელურად კი მხარეებს ჰორმუზის სრუტის გახსნისა და კონფლიქტის სრულად დასრულებისკენ მოუწოდებენ.

ვაშინგტონი და თეირანი ორკვირიან, პირობებზე დამოკიდებულ ზავზე სამშაბათს შეთანხმდნენ. შეთანხმება ჰორმუზის სრუტის დროებით გახსნასაც ითვალისწინებს და პაკისტანის ბოლო წუთის დიპლომატიური ჩართულობის შედეგად შედგა.

მიუხედავად ამისა, რეგიონში დაძაბულობა სრულად არ განელებულა - ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ლიბანში „ჰეზბოლასთან" დაპირისპირების ფარგლებში „საბრძოლო და სახმელეთო ოპერაციებს" აგრძელებენ, მაშინ როცა პაკისტანი ამტკიცებს, რომ ზავი ლიბანზეც ვრცელდება.

ამ ფონზე კი გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ესპანეთის ლიდერების მონაწილეობით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია სწრაფი წინსვლა მოლაპარაკებებში. მათი შეფასებით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ირანის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისთვის, ისე რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

გავრცელებულ განცხადებაში ევროპულმა ქვეყნებმა ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტოსკენ მოუწოდეს, დოკუმენტს ასევე ხელს აწერენ კანადის, დანიისა და ნიდერლანდების მთავრობის მეთაურები, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის ლიდერები.

  • პედრო სანჩესი: „მთავრობა არ დაუკრავს ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით სავსე ვედროთი ჩნდება".

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა,აღნიშნა, რომ შეთანხმებაში ლიბანიც უნდა იყოს ჩართული. მისი თქმით, „საფრანგეთის ლიდერობით", დაახლოებით 15 ქვეყანაა მობილიზებული რათა ჰორმუზის სრუტეში, რომლის გავლითაც, როგორც წესი, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის, მოძრაობა განახლდეს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, რომელიც დონალდ ტრამპის (ირანში ომის) ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი დასავლელი კრიტიკოსია, მკაფიო შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობა „არ დაუკრავს ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით სავსე ვედროთი ჩნდება".

სოციალურ ქსელ „იქსზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში სანჩესი წერს: „ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია - განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სამართლიან და მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანს. თუმცა, ეს დროებითი შვება ვერ დაგვავიწყებს ქაოსს, ნგრევას და დაკარგულ სიცოცხლეებს."

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც, პოზიციტიურად უყურებს ზავის იდეას და მხარეებს კონფლიქტის სრულად დასრულებისკენ მოუწოდებს, მისი თქმით, ახლა მთავარი მიზანია „უახლოეს დღეებში ომის დასრულებაზე მდგრადი შეთანხმების მიღწევა", რაც, როგორც მან აღნიშნა, „შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიის გზით".

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, რომელიც საუდის არაბეთში მიემგზავრება, რამდენიმე კვირიანი ესკალაციის შემდეგ, შეთანხმება „უფსკრულიდან უკან გადადგმულ ნაბიჯად" შეაფასა, „ეს ქმნის აუცილებელ შესაძლებლობას, შემცირდეს მუქარები, შეწყდეს სარაკეტო დარტყმები, აღდგეს საზღვაო მიმოსვლა და შეიქმნას სივრცე დიპლომატიისთვის, რომელიც მედგრად შეთანხმებამდე მიგვიყვანს,"- დაწერა მან „იქსზე"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამც, ყველა მხარეს მოუწოდა, რომ დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის პირობები, „რათა რეგიონში მდგრადი მშვიდობა დამყარდეს."

ორი დღით ადრე, პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გაანაცხადა, რომ „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ობიექტების მიზანში ამოღება" „არალეგალური და მიუღებელია". მისი თქმით, ეს ეხება როგორც რუსეთის ომს უკრაინაში, ისე ნებისმიერ სხვა კონფლიქტს. მიუხედავად იმისა, რომ მან ტრამპი პირდაპირ არ ახსენა, მისი ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას ირანის ენერგოობიექტებისა და ხიდების განადგურების შესახებ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×