
გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14- 14 წლით, ხოლო დემეტრე ჩიქოვანს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.
ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დემეტრე ჩიქოვანს კი პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა ნია იმნაძისაგან შეიტყო, რომ მათემატიკაში მომზადება დაიწყო გიგა ავალიანთან, რომელიც, მისივე გადმოცემით, მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. გაბაშვილი დაუკავშირდა მეგობრებს – გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანს და მათ ერთად გადაწყვიტეს გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა. ამ მიზნით დაადგინეს გიგა ავალიანის პიროვნება, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.
პროკურატურის ცნობით, 2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ თავდასხმის მოსაწყობად შექმნილი, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
გამოძიების ინფორმაციით, ზემოთ ხსენებული პირების მიერ შემუშავებული გეგმა ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ 1-ელ ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს. კერძოდ, დაახლოებით 22:20 საათზე თბილისი, ზღვის უბნის დასახლების, მე-11 მიკრო რაიონის, მე-3 კვარტლის, №56 ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც თავდასხმის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. აღნიშნულის შედეგად გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.