
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დღევანდელ სხდომაზე თქვა: "რაც მოვისმინეთ, სისასტიკეზე მიუთითებს, ბრალდებულების ბოდიში და სინანული არ მოგვისმენია - სასჯელი დამაფიქრებელი იქნება ყველა მერყევი ელემენტისთვის, ვისაც აგრესიული ქმედება ნორმად მიაჩნია".
განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ:
"მე, რა თქმა უნდა, შინაგანი მოლოდინი მქონდა მაქსიმალური სახდელის, ვიცოდი, რომ თუკი 14 წელს მიუსჯიდა, დააკლდებოდა მეოთხედი და დარჩებოდა 10 წელი და 6 თვე, მაგრამ მე მინდა აქ ერთი რამე ვთქვა - ვფიქრობდი, განა რა შეიცვლება ჩემსა და ჩემი შვილის დედაშვილობას შორის, დამნაშავეების მშობლები ისევ წავიდოდნენ სახლში, დამნაშავეებს ისევ წაიყვანდნენ ციხეში და მე და ჩემი ნიკა ისევ წავიდოდით გიგას სასაფლაოზე.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მე დღეს შემიმსუბუქა, თუ შეიძლება რამემ შეამსუბუქოს ჩემი მდგომარეობა, მე დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა თავისი [სიტყვის] ბოლო ნაწილში შემიმსუბუქა ჩვენი დედაშვილობის გაწყვეტილი ურთიერთობა, რომელსაც ვერ ვიღებ, შინაგანად ვერ ვიღებ და მე ეს დღეს რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ველოდებოდი სასჯელს იმიტომ, რომ ესენი მართლა არიან პირსისხლიანები და საზოგადოებისგან მაინც უნდა გაერიდებინა მოსამართლეს ეს ახალგაზრდები... ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბოლო ნაწილი, სადაც მან ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე, ხო, მე მართლა სპეტაკი შვილი მომიკლეს, ხო, ჩვენ ერთად ამოგვწყვიტეს... მადლობა რომეო ტყეშელაშვილს პირადად გიგა ავალიანის დედისგან, რომ მან გიგა ავალიანის ღირსეულ პიროვნებას, ღირსეულად გაუსვა ხაზი" - თქვა ეკა კუპატაძემ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან