
აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ გლობალურ ეკონომიკაზე გარკვეული გავლენა უკვე მოახდინა. პირველ რიგში, ეს დაეტყო საწვავის ფასს, რამაც კლებისკენ აიღო გეზი. სავარაუდოდ, შეჩერდება ძვირფასი ლითონის გაძვირების ტენდენციაც, თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება - ოქროს ფასი შეიძლება 5-6%-ით შემცირდეს. სასუქების და შხამქიმიკატების ბაზარზე კი, პირიქით, გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, აშშ-ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების, ომის პოტენციურად დასრულების და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენის სიახლე ინვესტორებმა უკიდურესად პოზიტიურად მიიღეს.
აზიის რეგიონში ძირითადი საფონდო ინდექსების შეფასება საშუალოდ 5%-ით გაიზარდა. ევროპული ინდექსების შემთხვევაში მატების მაჩვენებელი 4%-ს აღწევს. ამერიკული ბაზრის შემთხვევაში, ძირითადი საფონდო ინდექსების ზრდა 3%-ს შეადგენს.
დადებითი დინამიკა შეინიშნება კრიპტობაზრის მიმართულებითაც, სადაც ინდუსტრიის ზრდა 4%-იან ნიშნულში გამოიხატა. კონკრეტულად ბიტკოინის გაძვირების მაჩვენებელმა 5%-ს მიაღწია, ხოლო ეთერიუმმა თითქმის 7%-იანი მატება დააფიქსირას.
გავრცელებული სიახლე თავისებურად მიიღეს ძვირფასი მეტალების ბაზარზეც, სადაც ოქრო 2%-ით, ხოლო ვერცხლი 5%-ით გაძვირდა.
რაც შეეხება ნავთობს, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენის მოლოდინის გაჩენამ ამ მიმართულებით მკვეთრი ცვლილება მოიტანა. კერძოდ, ნავთობის ფასი - 15%-ით, 1 ბარელზე 94 დოლარამდე დაეცა. თხევადი გაზის შემთხვევაში სახეზე 17%-იანი გაუფასურებაა და 1 მგვტ/სთ-ის ღირებულება 44 ევროს შეადგენს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ფასების კუთხით არასტაბილური მდგომარეობა ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნდება, რადგან შეთანხმების მიუხედავად, კონფლიქტი შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა.
,,ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებამ ფასებზე ძალიან იმოქმედა. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდება, ნავთობის ფასი 85-90 -დოლარიან შუალედს დაუბრუნდება. ეს არ ნიშნავს, რომ ოქროს ფასიც მნიშვნელოვნად დაიკლებს, თუმცა 5-6%-იანი შემცირება მოსალოდნელია. ყველაზე ცუდი სიტუაცია შხამ- ქიმიკატებთან დაკავშირებითაა. ვფიქრობ, გაიაფება ამ მიმართულებით არ იქნება, რადგან ირანში ქიმიური ქარხნები დაბომბილია, შხამ-ქიმიკატები ასევე რუსეთსაც აქვს, მაგრამ იქ მოქმედებს სანქციები და ამ მხრივ სიტუაცია არასახარბიელოა.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობა ზოგადად ნეგატიურ გავლენის ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და ეს პროცესები სწრაფად აღწევს საქართველომდეც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პირდაპირ არ არის ჩართული კონფლიქტში, მისი ეკონომიკა, როგორც იმპორტზე დამოკიდებული სისტემა, განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარე შოკების მიმართ.
,,ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმება გაფორმდა, თუმცა არ მაქვს იმედი, რომ კონფლიქტი მალე დამთავრდება. ამ ჯერზე სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, ვნახოთ რა მოხდება, ჰორმუზის სრუტე თუ გაიხსნება, ნავთობის ფასი კიდევ დაიკლებს, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტაც ამ საკითხს უკავშირდება და ალბათ როგორმე მოგვარდება", - განუცხადა "რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.
ეკონომისტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ მიღწეული შეთანხმების პირობებშიც, როცა ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, შუა დერეფნის როლი და გავლენა არათუ შენარჩუნდება, შეიძლება, მეტადაც გაიზარდოს. როგორც ეკონომისტმა ნოდარ კაპანაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნება, რაც სერიოზული სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს.
,,დამთავრებული არაფერი არ არის, მაგრამ თუ ეს კონფლიქტი როგორმე შეჩერდება, ცხადია, ბაზრებზე პოზიტიური გავლენა იქნება. მიზეზი კი, რის გამოც ეს კონფლიქტი დაიწყო, არსად "წასულა", არაფერი დასრულებულა.
როგორც ვხედავთ, გარკვეული მიმართულებით ფასებმა კლება დაიწყო, მაგრამ სასუქების მიწოდება პრობლემურია. მთავარი მოთამაშე დარჩება რუსეთი, ვინაიდან ყატარში სასუქების მწარმოებელი ქარხნის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება, მანამდე ბაზარზე ცუდი მდგომარეობა იქნება. ეს ასახება საგაზაფხულო სამუშაოებზე, შემდეგ უკვე მოსავლიანობასა და საბოლოდ ფასებზე, მოკლედ, ეს ყველაფერი მოსალოდნელი ინფლაციის ეფექტია, რომელიც მოსახლეობას შემდეგში ,,დაარტყამს". სავსებით რეალურია, რომ ასე მოხდება.
გადაზიდვების კუთხით თუ შევაფასებთ მოვლენებს, მსოფლიო ეკონომიკისთვის ჰორმუზის სრუტიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნავთობპროდუქტების, თხევადი აირის და სასუქების მიწოდება. ჯერჯერობით ამ მხრივ პრობლემები შენარჩუნდება.
ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ის, რომ შუა დერეფნის მასშტაბი უფრო აქტუალური გახდება. ლოჯისტიკა ასე მოკლე პერიოდში არ იცვლება. ასე რომ, საქართველოსთვის პრობლემის ნაცვლად, ხელსაყრელი ვითარებაც წარმოიშობა, სერიოზული სამუშაოები გასატარებელი, გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას ნოდარ კაპანაძემ.
გუშინდელი ფასების ვარდნა, 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ, ნავთობის ბაზარზე ფასის ყველაზე დიდ შემცირება წარმოადგენს. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 24 საათში ინვესტორთა განწყობა სრულად შეიცვალა და ახლა უკვე ბაზარი მოელის, რომ ირანის ომი საბოლოოდ დასრულდება და გლობალური ეკონომიკა ზრდის ბუნებრივ ტრაექტორიას დაუბრუნდება.