
აშშ-ს პრეიზდენტის დონალტ ტრამპის მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, ახლო აღმოსავლეთში საჰაერო იერიშები მაინც გრძელდება, რაც აჩვენებს იმას, რომ დაანონსებული ორი კვირა მთლად სტაბილური ვერ იქნება და ამერიკის მოკავშირეებშიც გეგმაზე მთლად ერთიანი პოზიცია არაა.
ზავის გამოცხადებიდან მალევე, ოთხშაბათს ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" მასიურად შეუტიეს, რის შედეგადაც 300-მდე ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაიჭრა, ამის საპასუხოდ კი ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტა. გემების მონიტორინგის სერვისის ინფორმაციით, ზავის გამოცხადების შემდეგ, სრუტის გავლა მხოლოდ ორმა ტანკერმა მოახერხა.
ისრაელი და აშშ აცხადებენ, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ზავი ლიბანზე არ ვრცელდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ლიბანი ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ არის. თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ასევე განაცხადეს, რომ შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება.
"ჰეზბოლას" განცხადებით, "ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის საპასუხოდ, ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლა".
„ეს პასუხი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის აგრესია არ შეწყდება", - ნათქვამია „ჰეზბოლას" განცხადებაში.
რასთან გვაქვს საქმე
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ეს შეთანხება ამერიკელ მოკავშირეებში მაინცდამაინც პოპულარული არაა.
"მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა შეთანხმება დაადასტურა, ეს ამერიკის მოკავშირეებში მაინცდამაინც პოპულარული არაა, განსაკუთრებით, ისრაელში, საუდის არაბეთსა და კიდევ რამდენიმე მოკავშირეში, რომლებიც კოალიციაში შედიან. მათ ეს ვალდებულებები პირდაპირ არ აუღიათ. აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი.
- კორნელი კაკაჩია: "მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა შეთანხმება დაადასტურა, ეს ამერიკის მოკავშირეებში პოპულარული არაა, განსაკუთრებით, ისრაელში, საუდის არაბეთსა და კიდევ რამდენიმე მოკავშირეში"
"თვითონ აშშ-შიც ყველა არაა კმაყოფილი შეთანხმების ამ გეგმით. შეთანხმების მომავალიც ძალიან ბუნდოვანია, თუ მხარეებმა უფრო მდგრადი და ცოტა უფრო დიდ პერიოდზე ორიენტირებული ახალი სამშვიდობო ხელშეკრულება არ წარმოადგინეს.
"ხშირად ხდება ხოლმე, რომ ხელშეკრულების დადების მიუხედავად, მხარეები ბოლომდე თავიანთ ერთგულებას ვერ, თუ არ ინარჩუნებენ-ხოლმე და ამიტომ ეს (დარტყმები) არაა გამორიცხული, ამას ვხედავთ კიდეც. ალბათ რაღაც დრო დასჭირდება, რომ მხარეებმა მიიღონ შეთანხმება. ისინი ჯერ არ არიან დარწმუნებულები მომავალში რა იქნება, ალბათ ამ ორი კვირის განმავლობაში უფრო გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ.
"ახლა ამერიკის მოკავშირეებს უბრალოდ არ სჯერათ, რომ ირანი გულწრფელია, როგორც ეს ბევრჯერ მომხდარა",- დასძინა კაკაჩიამ.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე ირანი და აშშ ისე შეთანხმდნენ, რომ მოკავშირეებთან მოლაპარაკებები არ მიდიოდა. ვაშინგტონი კი ამ გეგმაზე სწრაფად იმიტომ დათანხმდა, რომ ტრამპის მუქარის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.
"ცეცხლი ყოველგვარი მომზადების გარეშე შეწყდა, პრაქტიკულად მოპალარაკებები არ მიმდინარეობდა, მხარეებს ისეთი მოთხოვნები ჰქონდათ, რომელიც ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელი და შეუსრულებადი იყო.
"ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-მა გადაწყვეტილება ასე სასწრაფოდ მიიღო, ტრამპის გაუაზრებელი მუქარა იყო, რომლის სისრულეში მოყვანაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან მაშინ ეს იქნებოდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული - ცივილიზაციას გავანადგურებო, მთელ ენერგოსისტემას დაგინგრევთო და ა.შ. და რაღაც მიზეზი უნდა მოეძებნათ, რის გამოც ტრამპმა ეს არ გააკეთა, თორემ ის იქნებოდა ჰაერში გასროლილი მუქარები, რომელიც სასაცილოდ გამოვიდოდა.
"ამიტომ განაცხადეს, რომ ვითომ რაღაცაზე შეთანხმდნენ და ვითომ შეაჩერებენ, სინამდვილეში და განსაკუთრებით ის პუნქტი, რომელიც ეხებოდა ირანის პროქსი ძალების მიმართ ლიბანში ისრაელის მხრიდან ყოველგვარი მოქმედებების შეჩერებას, ეგ შეუსრულებადია. სანამ ლიბანში "ჰეზბოლა" არსებობს, ისრაელი ცეცხლს არავითარ შემთხვევაში არ შეაჩერებს, რადგან არც იქიდან არ შეაჩერებენ.
"საფუძვლად პრაქტიკულად შეუსრულებადი პუნქტები დადეს და ამის გამო რა თქმა უნდა დაირღვა. ირანის არმიაც აბსოლუტურად დეცენტრალიზებულია და შეიძლება ზოგიერთები არც კი ემორჩილებიან, ცენტრალური ხელისუფლებაც დაქსაქსულია და ძლიერი სადავეებიც აღარ აქვს.
"ამ ორ კვირის განმავლობაში მგონია, რომ დარტყმების ინტენსივობა უნდა შემცირდეს, მაგრამ ამერიკელებისთვის ახლა ყველაზე პრობლემატური ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა. ალბათ ყველანაირად ეცდებიან, რომ ამაზე მაინც მოილაპარაკონ, რომ გაიხნას.
"ამერიკამ ეს ომი გაუაზრებლად დაიწყო და არ ჰქონდა სტრატეგიული მიზნები კარგად ჩამოყალიბებული, არც ჰორმუზის სრუტის ამბავი გაითვალისწინა და ხალხი რატომღაც დაარწმუნა, რომ ირანი ვერ ჩაკეტავდა და ასე არ მოხდა, ამიტომ, პრაქტიკულად ამერიკული მხარე ჩიხში შევიდა.
- კახა გოგოლაშვილი: "ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-მა გადაწყვეტილება ასე სასწრაფოდ მიიღო, ტრამპის გაუაზრებელი მუქარა იყო, რომლის სისრულეში მოყვანაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ეს იქნებოდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული"
"ირანის ხელისუფლებას კი იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ უკანდასახევი არ აქვს და ბრძოლის გარდა სხვა გზა არ დარჩენია. ამიტომ ძნელია რამის თქმა როგორ გაგრძელდება, იმედია რაღაცას მიაღწევენ და ცეცხლი მაინც შეჩერდება",- განაცხადა გოგოლაშვილმა.
რას ამბობს ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალები ირანის გარშემო დარჩება.
"აშშ-ის ყველა ხომალდი, თვითმფრინავი და სამხედრო პერსონალი, დამატებითი საბრძოლო მასალით, იარაღით და ყველაფრით, რაც უკვე მნიშვნელოვნად დეგრადირებული მტრის განადგურებისთვის მიზანშეწონილი და საჭიროა, თავის ადგილას და ირანის გარშემო დარჩება იქამდე, ვიდრე მიღწეული ნამდვილი შეთანხმება სრულად დაცული არ იქნება", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
მისი თქმით, თუ შეთანხმების პირობების დაცვა არ მოხდება, მაშინ აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანს კვლავ დაარტყამს.
"თუ რაიმე მიზეზით ეს ასე არ მოხდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ "სროლა დაიწყება" იმაზე დიდი მასშტაბით და ძლიერად, ვიდრე ვინმეს ოდესმე უნახავს. შეთანხმება დიდი ხნის წინ მოხდა და ყალბი რიტორიკის მიუხედავად - არანაირი ბირთვული იარაღი არ იქნება და ჰორმუზის სრუტე ღია და უსაფრთხო იქნება. ამასობაში კი ჩვენი ძლიერი არმია იარაღით იტვირთება, ისვენებს და მის შემდეგ დაპყრობას მოუთმენლად ელის. ამერიკა დაბრუნდა!" - აცხადებს ტრამპი.