
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
9 აპრილის მემორიალთან გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი მივიდა. დიპლომატმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. გერმანიის ელჩის მემორიალთან მისვლის დროს, ადგილზე მყოფი მოქალაქეების მხრიდან ისმოდა შეძახილები, „მადლობა, მადლობა".
მანამდე მემორიალთან სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი.
გარდა ამისა, 9 აპრილის მემორიალთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები მივიდნენ.
მათ გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან მოჰყვა შეძახილები: „რუსებო", „ქვეყნის გამყიდველებო", „მონებო!" ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს.
მანამდე 9 აპრილის მემორიალთან სამართალდამცავები მივიდნენ და მემორიალის გარშემო განლაგდნენ. სამართალდამცავებმა მოქალაქეებს მემორიალის გარშემო ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია.
გარდა ამისა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ადგილზე უცნობი პირი მივიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა: „ნაცებო, ნაცებო". აღნიშნულმა ფაქტმა, ისინი გააღიზიანა, რის გამოც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
სიტუაციის განმუხტვა ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა სცადეს. მათ ერთი მოქალაქე პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს.
გამოხმაურებები
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ფეისბუქზე" 9 აპრილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს. როგორც პაპუაშვილი ამბობს, დამოუკიდებელი სახელმწიფო "მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე" გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით,
"მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით",მაგრამ ყოველ ჯერზე წამოვდექით. "ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული.
9 აპრილის ხსენებისას, უპირველესად, ვიხსენებთ 1989 წელს. ვინც იმ წელს მოესწრო, ახსოვს, რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთო ტკივილმა და ბრაზმა. თუმცა, ტრაგედიას, ძალიან მალე, სულ ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს, პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა.
უკვე 35 წელია, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე, ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მივუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ყოველ ჯერზე წამოვდექით. არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძენით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35 წლიანი მონაგარი. "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!", - წერს პაპუაშვილი.
ამასთან, პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას მოითხოვს. 9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!
9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია. მადლობა თავისუფლებისთვის! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!" - აღნიშნავს ყაველაშვილი.
რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ასე იქნება პროტესტის გზაც.
„არავის არ ელოდება ქართველი ხალხი იმისთვის, რომ მივიდეს 9 აპრილის მემორიალთან, პატივი სცეს დაღუპულთა ხსოვნას. ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გასცეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს არის ჩვენი ხვედრი, ჩვენ ამას გავაგრძელებთ.
ყველასთვის, ეს დამოუკიდებლობა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასია. ამაზე არც უფიქრიათ ერთ წუთი იმ ადამიანებს, რომლებიც აქ იყვნენ. ბოლომდე იდგნენ ყველა, გაფრთხილების მიუხედავად. იდგნენ და დარჩნენ. ასე იქნება პროტესტის გზა, რომელიც ბოლომდე იდგება, რადაც არ უნდა დაუჯდეს. იმიტომ, რომ ამათი გაშვება არ იქნება. No pasarán - ეს არის ჩვენი გზავნილი. რაც არ უნდა აქ მოვიდნენ და ვითომც და პატივი სცენ, თუნდაც დაიჩოქონ, არაფერი ეშველებათ.
ესენი [„ქართული ოცნება"] არიან ისინი, ვინც საქართველოს ყიდის, საქართველოს დამოუკიდებლობას ყიდიან და არიან მზად იმისთვის, რომ თავიანთი გამდიდრებისთვის, ძალაუფლებისთვის, რომელიც არ გააჩნიათ, ყველაფერი გასცენ და ყველაფერი მისცენ რუსებს. ეს მემორიალი არის სწორედ ის მემორიალი, სადაც ვერ უნდა მიდიოდნენ. არ კი არა, ვერ უნდა მიდიოდნენ. ნათელია რამდენი პოლიციელი სჭირდებათ იმისთვის, რომ აქამდე მოვიდნენ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს: „ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ. ლიეტუვა პატივს მიაგებს იმ ადამიანების სიმამაცესა და თავგანწირვას, რომლებიც იბრძოდნენ და კვლავ იბრძვიან დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის", - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.