,,ახალი კანონმდებლობის ამოქმედებით მიღებულ შედეგებს დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ მოვიმკით"
ირმა ჩიტაია
09.04.2026

ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ავტოდილრერებს პრობლემები უკვე შეუქმნა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც რეგულაცია ძალაშია, თუმცა სექტორში აცხადებენ, რომ ისინი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. უკვე ფინანსური ზარალიც სახეზეა. შეუმცირდათ ტვირთბრუნვა და რეგიონებში არსებული ფილიალების დახურვაც დაწყებულია. რამდენიმე თვეში ბაზარზე სერიოზული ცვლილებები აშკარად გამოჩნდება.

განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ იმ კომპანიებს, რომლებიც მხოლოდ შიდა ბაზარისთვის მუშაობენ. მომავალში გამორიცხულ არაა, ისინი ბიზნესს გამოეთიშონ კიდეც. მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ საქართველო მოქალაქეები დამალმსყიდველუნარიანები არიან და ახალი კანონმდებლობა მათზე ნაკლებად მორგებულია. 

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ბაზარზე არსებულმა ფირმებმა, რომელთაც გაყიდვის ოფისები რეგიონებშიც ჰქონდათ გახსნილი, უკვე დახურეს.  

,,ახალი კანონმდებლობის ამოქმედებით მიღებულ შედეგებს დაახლოებით 6-7 თვის შემდეგ მოვიმკით. მოგეხსენებათ, წინასწარ შეძენილი ავტომობილების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე გზაშია. ბაზარი კი ჯერჯერობით გაჯერებულია და დასკვნების გაკეთება ნაადრევია. მოქმედი კომპანიების მფლობელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ რეგიონებში გახსნილი გაყიდვის ოფისების დახურვა მოუწევთ, ზოგმა უკვე გააუქმა კიდეც. მოგეხსენებათ, ამ ოფისებში ისევ საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულნი, რაც ბიზნესზე დამატებით წნეხს ქმნის. სხვა საქმეზე გადაწყობა და სამუშაო ადგილის მოძებნა მარტივი არ არის. მოგეხსენებათ, განებივრებული არა ვართ  სამუშაო ადგილებით ქვეყანაში. 

რაც შეეხება ბაზარზე ჭარბი მიწოდების გაჩენის მოლოდინს, შეიძლება მოკლევადიან პერიოდში ასეც მოხდეს. მოგეხსენებათ, ავტომობილების დიდი რაოდენობა გზაშია. თუ მათი უმეტესობა დილერების მირ არის შეძენილი და  გასაყიდად გამიზნულია, ბუნებრივია, ჭარბ მიწოდებას შექმნის. კიდევ ვიმეორებ ეს იქნება ძალიან მცირე დროით და უახლოეს თვეებში შეიძლება ღირებულების შემცირება გამოიწვიოს, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად დაიწყება გაძვირება", - განაცხადა ,,რეზონანსთან" ნონიაძემ. 

ცხადია, არსებული ცვლილების ფონზე დილერები თავს შეიკავებენ 2020 წლამდე მანქანის შემოყვანისგან. გაოთხმაგებული განბაჟების ფონზე დილერებს აღარ უღირთ 6 წელზე ასკოვანი ავტომობილების შემოყვანა. ნონიაძე ფიქრობს, რომ ძვირად განბაჟებული მანქანის შეძენის სურვილი და შესაძლებლობა ქართველ მომხმარებელს ვერ ექნება, რადგან ჩვენი მოქალაქეები მსყიდველუნარიანობა დაბალია.

,,რეექსპორტზე ჩამოყვანილი მანქანის ერთადერთი დაცვის მექანიზმი არის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა. 6 წელზე ზემოთ ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, ყაზახები და ყირგიები დაელოდებიან ვადის გასვლას და შემდეგ ეცდებიან მის შეძენას განახევრებულ ფასად. წინააღმდეგ შემთხვევაში მფლობელებს განბაჟება მოუწევთ, რაც საკმაოდ ძვირია, ხოლო ძვირად განბაჟებული ავტომობილის შეძენის სურვილი და შესაძლებლობა ქართველ მომხმარებელს ვერ ექნება. ამიტომ, ასეთ ავტომობილებზე მოთხოვნა შიდა ბაზარზე მნიშვენლოვნად შემცირდება. 

ასეთ დროს იმპორტიორი იძულებული იქნება ან განაბაჟოს ძვირად, ან ნაკლებ ფასში მისცეს უცხოელ დილერს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი დილერი, ცხადია, იზარალებს კიდეც, რაც სხვებსაც ჯაჭვურად გადაეცემა და თავისთავად უარს იტყვიან წლოვანი ავტომობილის შემოყვანაზე. მსგავსი პრობლემა არ უდგათ უცხოელ დილერებს. 

საქართველოში კომპანიების 70%-ზე მეტი ექვს წელზე ზევით ავტომობილების სეგმენტში ფუნქციობდა. ამდენად, გამოდის რომ ბაზარს მთლიანად  გადავაბარებთ უცხოელ დილერებს. მათ არ ეხებათ განბაჟების ვალდებულება, ისინი რეექსპორტზე არიან ორიენტირებული. სირთულეები ექმნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ავტომობილს შიდა მოხმარებისთვის ყიდულობს," - განუცხადა ,,რეზონანსს" ნონიაძემ.

ქართულ ავტობაზარზე შექმნილ პრობლემებზე და სირთულეებზე საუბრობს  ,,კაუკასუს ავტოს" დამფუძნებელი გიორგი სურგულაძე. მისი აზრით, ახალი კანონმდებლობა დიდ პრობლემებს შეუქმნის შედარებით წვრილ მონაწილეებს, თუმცა მოსალოდნელ ზარალს ვერც დიდი კომპანიები გაექცევიან.

,,ახალი კანონპროექტის ამოქმედებამ ბაზარზე გარკვეული პრობლემები უკვე შექმნა. ცხადია, შემცირებულია ბრუნვა. შეზღუდული წლოვანების მანქანებს, ფაქტობრივად, ვერავინ ყიდულობს. ფასების მატებაც ალბათ დაიწყო. სავარაუდოდ, ბევრი წვრილი კომპანია, რომელსაც საქმიანობა დივერსიფიცირებული არა აქვთ, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. 

რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ დილერებმა და მანქანის შეძენით დაინტერესებულებმა თადარიგი წინასწარ დაიჭირეს და ბევრი ავტომობილი ჩამოდის, ბაზარზე ეს სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.  მოთხოვნა  მაღალია და რაც არ უნდა ჭარბი რაოდენობით შეესყიდათ მანქანები, ის ბაზარს ვერ გადააჯერებს. მოგეხსენებათ, როცა ხელოვნურად შეზღუდავ, მოთხოვნა არსად წავა და მაინც რჩება.

საბოლოო ჯამში, შედარებით წვრილი კომპანიებისთვის ეს კანონპროექტი მძიმედ გადასატანი იქნება, ხოლო შედარებით მსხვილი მოთამაშეებისთვის, ალბათ ნაკლებად.  თუნდაც ჩვენს მაგალითზე ვიტყოდი, რომ ბრუნვა შეგვიმცირდა, დანაკარგიც გვექნება, მაგრამ რვა ქვეყნის ბაზარზე ვართ წარმოდგენილი და მაინც მოვახერხებთ, რომ არსებული სირთულეები დავძლიოთ. ისინი კი, ვინც მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან", - განუცხადა ,,რეზონანსს" სურგულაძემ. 

ახალი ცვლილების თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კბ/სმ-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 4.5 ლარის ოდენობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×