თამთა ჩაჩანიძე
10.04.2026

ირანის ელჩი, რომლის გამონათქვამებმა რამდენიმე დღს წინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. ოღონდ ამჯერად მისი რიტორიკა უფრო კეთილგანწყობილია, ვიდრე სკანდალური. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია, ხოლო საქართველოს საგარეო მიმართულება აქტიური განხილვის საგანია. სეიედ ალი მოუჯანი ამბობს, რომ თეირანს ანგარიშს წარუდგენს და მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შესთავაზებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ირანთან ურთიერთიბების გააქტიურება და ზოგადად საგარეო კურსი მოცემულ ტურბულენტურ სიტუაციაში საჭიროებს ფრთხილ ბალანსს.

განცხადებაში ალი მოლიჯანი საუბრობს რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ასევე საქართველოს როლზე რეგიონში. აღნიშნავს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული და ტრანზიტული მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს და შესწევს უნარი მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეასრულოს.

როგორც ირანის ელჩი აცხადებს, ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარუდგენს, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შესთავაზებს იმ იმედით, რომ ეს გზები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, რეგიონალური სტაბილურობის გაძლიერებას და ხალხებს შორის კავშირების განვითარებას.

ის ასევე ახსენებს, რომ „ირანის თავდაცვისუნარიანობა საზღვრებიდან ორი ათასი კილომეტრის რადიუსში ადასტურებს, რომ ის არ არის სახელმწიფო, რომლის გლობალური წონასწორობიდან გამორიცხვა შესაძლებელია".

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტურბულენტურ პერიოდში შევდივართ სადაც ფრთხილი ბალანსია საჭირო.

„ირანის ხელისუფლება და მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს გამარჯვებას ზეიმობს, თვითონ ეს ფაქტი, რომ გაუძლეს და სახელმწიფო სტრუქტურები არ ჩამოიშალა, მათთვის უკვე გამარჯვებაა და ისიც, მთელ არაბეთის ნახევარკუნძულს დაუმტკიცეს, რომ შეუძლიათ ნებისმიერ წერტილს მისწვდნენ, თუ დაინახეს, რომ ეს ქვეყნები აშშ-სთან თანამშრომლობენ. ამ ფონზე, ირანის ელჩის ვრცელი განცხადება განმსჭვალულია იმით, რომ საქართველო არ მოიაზრება, როგორც თუნდაც ირანის პოტენციური მტერი.

„ის 10 პუნქტი აშშ-სთვის კატეგორიულად მიუღებელია, ამაზე მოაპარაკება ვერ შედგება, ხოლო ირანი უკან არ დაიხევს. ამ ფნზე, აშშ რეგიონში მეტი ძალის კონცენტრაციას ახდენს, რომ ირანის წინააღმდეგ გამოიყენონ და სახმელეთო ოპერაცია ალბათ მაინც იქნება. შესაბამისად, ტურბულენტურ პერიოდში შევდივართ და არ იქნება სწორი, თუ რომელიმე მხარის მიმართ მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება. ნეიტრალური საგარეო პოლიტიკა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სურს, საქართველო არავის საზიანოდ ნაბიჯს არ გადადგამს",- განაცხადა მან.

კითხვაზე, ამ ფონზე რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს აპრილში დაანონსებულ დელეგაციის ვიზიტზე, მამრაძემ გვითხრა:

„თვითონ დელეგაციის ჩამოსვლის ფაქტზე არა, გააჩნია მერე რა განცხადებები გაკეთდება მხარეების მიერ, ანდა რა ინფორმაცია გაჟონავს."

ამბობს, რომ აქაც, როგორც წინა განცხადებაში იგივე აქცენტები იკითხება.

  • პეტრე მამრაძე: „ირანის ელჩის ეს ვრცელი განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიანაც გვინდა საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს, მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოზეა დამოკიდებული ეს მოხერხდება თუ არაო. ირანი ჩვენგან არაფერს არ ითხოვს, გარდა იმისა, რომ აქტიურად არ ჩავებათ მათი მტრების მხარეს"

„ირანისთვის ჩვეული დიპლომატიური ფორმით, პირდაპირ შეტევით და ულტიმატუმის ფორმით არა, მაგრამ როგორც მარკო რუბიოს ზარის შემდეგ მაშინვე გაკეთდა ელჩის განცხადება, აქაც ეს ელემენტი, რა თქმა უნდა, არის, რომ თუ საქართველო შესაბამისად არ იმოქმედებს, მაშინ ცხადია ირანიც ასეთ დამოკიდებულებას შეცვლის.

„განცხადებაში 2 ათას კილომეტრიანი რადიუსია ნახსენები, ანუ ბალისტიკური რაკეტები, რომლითაც დიდი არმიის მქონე საუდის არაბეთსაც კი მისწვდა. ტრამპის ადმინისტრაციის საშუალო რგოლში ბაიდენის ადმინისტრაციის ხალხი ბევრია დარჩენილი. იქ პოზიცია ასეთია, თქვენ თუ პარტნიორობის აღდგენა გინდათ, მაშინ ნაბიჯები უნდა გადმოდგათო და ახლა რა ნაბიჯებს ითხოვენ? პირიქით, საქართველო უნდა ელოდებოდეს ნაბიჯებს, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უნდა გადმოდგას, რომ ბაიდენის ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და ახლა ჩვენ უკვე მზად ვართ.

  • მამრაძე: „განცხადებაში 2 ათას კილომეტრიანი რადიუსია ნახსენები, ანუ ბალისტიკური რაკეტები, რომლითაც დიდი არმიის მქონე საუდის არაბეთსაც კი მისწვდა"

„კონგრესსა და სენატში უკვე იმპიჩმენტზეა საუბარი, ტრამპის რეიტინგი ყველა პრეზიდენტზე დაბალ ნიშნულზეა. ლაპარაკია, რომ ნოემბერში რესპუბლიკელები კატასტროფულად წააგებენ. ამ ვითარებაში ტრამპს ისრაელთან ერთად რაღაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, ამიტომაც ძალიან მძაფრი მომენტია.

„არავითარ შემთხვევაში რაღაცა ქველმოქმედება ამერიკისგან არ იქნება. დღეს უფრო დიდი სიფრთხილეა საჭირო და ვფიქრობ ირანის ელჩის ეს ვრცელი განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიანაც გვინდა საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს, მაგრამ რა თქმა უნდა საქართველოზეა დამოკიდებული ეს მოხერხდება თუ არაო. ირანი ჩვენგან არაფერს არ ითხოვს, გარდა იმისა, რომ აქტიურად არ ჩავებათ მათი მტრების მხარეს."

რას აცხადებს ირანის ელჩი

სეიედ ალი მოუჯანი ამბობს, რომ თეირანს საქართველოსთან თანამშრომლობის ასდღიან გეგმას წარუდგენს.

„როდესაც ირანის მთავრობამ ელჩის რანგში ჩემი თბილისში გამოგზავნა გადაწყვიტა, პრეზიდენტ ფეზეშქიანისგან მკაფიო მითითება მივიღე - მემუშავა ურთიერთშემავსებელი და რეგიონალური ეკონომიკის ფორმირების მიმართულებით; თანამშრომლობაზე, განვითარებასა და მშვიდობიან თანაარსებობაზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის.

„მთელი ამ 90 დღის განმავლობაში, სხვადასხვა შეხვედრებზე თქვენი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, პარტიათა წარმომადგენლებთან თუ ცალკეულ პიროვნებებთან, ყურადღებას ვამახვილებდი კონსტრუქციული და პასუხისმგებლიანი დიალოგის, ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის, რაციონალურობის, სარგებლისა და დანაკარგის გათვალისწინების პრინციპებზე საერთაშორისო ურთიერთობებში.

„პრინციპები, რომელთაც საქართველოს, როგორც დერეფნის როლის და ირანის უნიკალური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ფართო რეგიონის, კერძოდ, აზიისა და ევროპის ორი კონტინენტის სტაბილურობასა და განვითარებას.

„დღეს ირანი, ასრულებს რა მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საზღვაო გასასვლელის, ჰორმუზის სრუტის მართვაში, ომანის სასულთნოსთან ერთად, ახალ გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ინაცვლებს.

„ირანის თავდაცვისუნარიანობა საზღვრებიდან ორი ათასი კილომეტრის რადიუსში ადასტურებს, რომ ის არ არის სახელმწიფო, რომლის გლობალური წონასწორობიდან გამორიცხვა შესაძლებელია.

„ამჯერად საქართველოში ჩემი მისიის პირველი ეტაპი ამ 90 დღის გამოცდილებით დასრულდა.

„ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ, იმ იმედით, რომ ეს გზები ხელს შეუწყობს მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას, რეგიონალური სტაბილურობის გაძლიერებას და ხალხებს შორის კავშირების განვითარებას.

„ეტიკეტი მოითხოვს, ამ 90 დღიანი ციკლის დასასრულს მადლობა გადავუხადო ყველა ოფიციალურ პირს, ეკონომიკური და სოციალური სფეროს აქტორებს, მეცნიერებს, მკვლევრებს და

„ადამიანებს, ვინც ქუჩებში, ბაზრებში გავიცანი, და ასევე უცხოელ დიპლომატებს თბილისში თავიანთი გამოცდილების გულუხვად გაზიარებისათვის", - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×