
ნატო-ს ევროპელი მოკავშირეებით განაწყენებულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯავრი ალიანსის გენმდივან მარკ რიუტეზე იყარა.„პოლიტიკოს" ინფორმაციით თეთრ სახლში გამართულ დახურულ შეხვედრაზე სიტუაცია ძალიან დაიძაბა და ტრამპი ერთი საათის შეუსვენებლივ აკრიტიკებდა რიუტეს, რაც ალაგ-ალაგ ლანძღვასა და შეურაცხყოფაში გადადიოდა. გენმდივანი კი, თუ „პოლიტიკოს" წყაროებს დავუჯერებთ, ამას უდრტვინველად იტანდა.
მანამდე ტრამპს ირანის ომში ჩართვაზე ყველა მოკავშირემ უარი უთხრა, რაზე არაერთხელ გააკეთა მწვავე განცხადება და ალიანსის დატოვებითაც დაიმუქრა. ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი კი, რომელიც მანამდე ტრამპმა არაერთხელ საჯაროდ დაამცირა, იქამდე მიდის, რომ ამერიკის პრეზიდენტს პუტინთან აიგივებს.
„ყველაფერი ცუდად წავიდა. საუბარი მხოლოდ შეურაცხყოფების ტირადა იყო", - უთხრა პოლიტიკოს" ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.
ორი მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, ამ დროისთვის ალიანსის ბრიუსელის შტაბ-ბინაში მყოფ ნატო-ს ქვეყნებს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და არც სრუტის ხელახლა გახსნისთვის სამხედრო აღჭურვილობის განლაგების განხილვა დაუწყიათ.
- ვახტანგ მაისაია: „ტრამპის ქმედებები უკვე არაპროგნოზირებადი ხდება და დასკვნების გაკეთება რთულია"
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმასე, თუ რა მოხდება მაისში.
„ტრამპის ქმედებები უკვე არაპროგნოზირებადი ხდება და დასკვნების გაკეთება რთულია. მან ნატოს მოსთხოვა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაში მონაწილეობა მიეღო, რაზეც მარკ რიუტემ თქვა, გარკვეულწილად მოთხოვნებს გაითვალისწინებდა. სხვათაშორის, ნატოს ასეთ ოპერაციაში მონაწილეობა უკვე მიღებული აქვს, მაგალითად შავ ზღვაში ნაოსნობის სამხედრო უსაფრთხოების ოპერაციაში. ალიანსის საზღვაო ძალებს ეს შეუძლიათ.
„მაისში დაგეგმილია ნატოს თავდაცვისა საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რის მერეც ნატოს სამიტი გაიმართება და გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. თუმცაღა ჯერჯერობით ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოესი სამი კვირის განმავლობაში.
„დღეს დაიწყო პაკისტანში მოლაპარაკება ამერიკასა და ირანს შორის, სადაც აშშ-ს მხრიდან ჯეი დი ვენსი მონაწილებს. ის ეწინააღმდეგებოდა ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებას და მისი წვლილი დიდია, ტრამპმა დიდ საჰაერო დარტყმებზე უარი რომ თქვა. ასევე, აბას არაღჩი ირანის თეოკრატიულ რეჟიმში გამოირჩევა მშვიდობისა და თანამშრომლობის კუთხით. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ რამეზე შეთანხმდებიან. თუმცა, როგორც ვთქვი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება მაისში. თუ მშვიდობაზე შეთანხმდებიან, ნატომ შეიძლება ტვირთვებისა და ნავთობმზიდების დაცვის პასუხისმგებლობა აიღოს, რისი გამიცდილებაც აქვს", - განაცხადქა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
ამავდროულად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი კირ სტარმერი ამბობს, რომ დაიღალა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ქმედებებით, რაც საწვავის ფასს არნახულად ზრდის.
„დავიღალე იმით, რომ ქვეყნის მასშტაბით ოჯახები ხედავენ, როგორ იზრდება და იკლებს მათი ენერგიის გადასახადები, ისევე როგორც ბიზნესის ხარჯები, პუტინის ან ტრამპის მოქმედებების გამო მსოფლიოში. და ჩვენ ვეუბნებით ხალხსა და ბიზნესს: „უბრალოდ უნდა შევეგუოთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ვართ დამოკიდებული."
აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე დიდი ბრიტანეთი ენერგეტიკულად დამოუკიდებელი უნდა გახდეს.
„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და მისი მიღწევის ერთადერთი გზა განახლებად ენერგიაზე კიდევ უფრო სწრაფად გადასვლაა, რადგან ჩვენ მას საერთაშორისო ბაზარზე ვერ მივიღებთ."