
სააფთიაქო ქსელებში, ბავშვთა კვების პროდუქციაზე შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვან ფასდაკლებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
„საკვები პროდუქტებისგან განსხვავებით, მედიკამენტების ნაწილში მიწოდების ჯაჭვი მოკლეა, ორკომპონენტიანი. აფთიაქის მფლობელები დისტრიბუციასაც თავად ახორციელებენ, აქვთ ლოჯისტიკური ცენტრები. პროცესი არის შემდეგნაირი: მწარმოებელი იქნება თუ იმპორტიორი მედიკამენტები მიაქვს ლოგისტიკურ ცენტრებში და შემდეგ თვითონ აფთიაქების ქსელი ახდენს დისტრიბუციას. რეფრენტული ფასების ნაწილი რაზეც ვრცელდება, იმ 7 ათას მედიკამენტზე ფასები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. შესაბამისად, საუბარია, იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს დანარჩენ მედიკამენტებზე და პარაფარმაციაზე (არამედიკამენტებზე, რომელსაც სააფთიაქო ქსელები ყიდიან), რათა ამ პროდუქტებზეც ხელმისაწვდომი ფასები იყოს.
ამ მიმართულებით განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ ბავშვთა კვებაზე. ამ ნაწილში რამდენიმე ინიციატივა გვაქვს, გვინდა ვიმუშაოთ სააფთიაქო ქსელებთან, რათა კიდევ უფრო დავამოკლოთ ეს ჯაჭვი და ქსელებმა პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძინონ ბავშვთა კვების პროდუქტები. ჩვენი მიზანია, ქსელებს დავეხმაროთ შეძლონ მწარმოებლისგან იმპორტიორის გარეშე ამ პროდუქტების შეძენა, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვან ფასდაკლებას მივაღწიოთ“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ, ჯამში 9 სამუშაო შეხვედრა გამართა. 16 მარტს, დასრულდა FMCG სექტორში მოქმედი ბიზნეს-ოპერატორების მოსმენა, რომლის ფარგლებშიც მოუსმინეს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებისა და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს. კომისიის ფარგლებში უკვე მოუსმინეს ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებსაც, როგორც მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს, ისე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს.
რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს. ცნობისთვის, ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა განცხადება პირველად 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩაერთო.