თამთა ჩაჩანიძე
13.04.2026

12 აპრილის არჩევნებით უნგრეთში ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა, პეტერ მადიარის "ტისა"-მ 15%-იანი სხვაობით დაამარცხა "ფიდესი" და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. ორბანმა კი მთავარ კონკურენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მარცხი აღიარა.

უნგრეთის არჩევნები მსოფლიო ყურადრების ქვეშ მოექცა, შეფასებები იყო მათ შორის თბილისიდან - ოპოზიცია ამბობს, რომ ორბანის დამარცხებით ევროკავშირში რუსეთისთვის სასარგებლო გავლენა შესუსტდა.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ის პარტნიორობა, რომელიც ორბანის მთავრობასთან ჰქონდათ, აუცილებლად გაგრძელდება. აქვე აღსანიშნავია, რომ "ოცნების" დეპუტატები უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდნენ. ირაკლი მეზურნიშვილი, დავით მათიკაშვილი, ვიქტორ სანიკიძე და გიორგი კახიანი უნგრეთში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

უნგრეთის ასამბლეაში უმრავლესობის მოსაპოვლებად 100 მანდატია საჭირო, ხოლო კვალიფიცური უმრავლესობისთვის კი 133. ამ დროისთვის შედეგები ასე გამოიყურება - პიტერ მადიარის პარტია "ტისა" - 53.07%(138 მანდატი); ვიქტორ ორბანის "ფიდესი" - 38.43% (55 მანდატი); ლასლო ტოროცკაის პარტია "ჩვენი სამშობლო" - 5.83% (6 მანდატი).

პიტერ მადიარი ამბობს, რომ მისი პარტიისთვის "უდიდესი პატივია ჩამოაყალიბოს მთავრობა ისტორიაში ყველაზე მეტი ხმით და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თავისუფალი, ევროპული და ჰუმანური უნგრეთისთვის იმუშაოს". მან რუსეთთან დიალოგიც არ გამორიცხა.

„კარგი იქნებოდა, გვყავდეს მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხის რეალურ პრობლემებს მოაგვარებს. თუ ასეთი ვითარება იქნება, მაშინ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს.

"არც უნგრეთის და არც რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულებაც გარკვეული დროის განმავლობაში შენარჩუნდება. საჭიროა დივერსიფიკაცია, მაგრამ ეს ერთ დღეში არ ხდება. თუ საჭირო იქნება მოლაპარაკებებს გავმართავთ, მაგრამ მეგობრები არ გავხდებით", - განაცხადა მადიარმა.

  • პიტერ მადიარი: „კარგი იქნებოდა, გვყავდეს მთავრობა, რომელიც უნგრელი ხალხის რეალურ პრობლემებს მოაგვარებს. თუ ასეთი ვითარება იქნება, მაშინ რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს"

განცხადებას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთი უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების გაგრძელებას ელის.

„უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან ჩვენი პრაგმატული კონტაქტების გაგრძელებას ველით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები დიალოგის სურვილის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე ბუდაპეშტისთვის.

"არ მიმაჩნია, რომ ამას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის განვითარებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. ეს სხვადასხვა პროცესებია, ამიტომ რაიმე სახის კავშირს ვერ ვხედავ", - განაცხადა პესკოვმა.

შეფასებები "ოცნებაში"

პრემიერი ირაკლი კობახიძე მადიარს გამარჯვებას ულოცავს.

"ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის გამორჩეული, მტკიცე მხარდაჭერისთვის.

"საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება", - წერს კობახიძე.

  • ირაკლი კობახიძე: "ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის"

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებმა ნორმალურ გამეროში ჩაიარა და აქტივობა მაღალი იყო.

"დასრულდა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვიმყოფებოდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ვაკვირდებოდით ამ არჩევნებს. არჩევნებმა ზოგადად ჩაიარა საკმაოდ მშვიდ გარემოში, მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი ნება გამოეხატა თავისუფლად, ზედმეტი ბარიერების, შეზღუდვების გარეშე. იყო უპრეცედენტო მონაწილეობა, ისტორიაში ყველაზე მაღალი მონაწილეობა მოსახლეობის მხრიდან...

"საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებმა ჩაიარა ნორმალურ გარემოში, საარჩევნო პროცედურები იყო დაცული და მოსახლეობამ თავისი აზრი გამოხატა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით",- განაცხადა მახაშვილმა.

არჩევნებს აფასებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილიც.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ უნგრეთთან გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა. წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე. მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი, ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა, რათა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მართოს უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს",- ამბობს მათიკაშვილი.

შეფასებები ოპოზიციაში

"ოპოზიციური ალიანსი" ულოცავს უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია "ტისას" გამარჯვებას, რაც მათი შეფასებით, " ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად".

  • ოპოზიციური ალიანსი: "იმედს გამოვთქვამთ, რომ უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა"

"უნგრეთი წარმოადგენს ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს, რაც ვიქტორ ორბანის მხრიდან მარცხის აღიარებაშიც მკაფიოდ გამოიხატა: ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დემოკრატიული ტრადიციის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. უნგრეთის მყარი და მკაფიო პოზიცია რუსეთთან და თავისუფალი სამყაროს სხვა მტრებთან მიმდინარე დაპირისპირებაში უაღესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი თავისუფალი სამყაროსთვის.

"ვუსურვებთ უნგრეთის ახალ მთავრობას წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ უნგრელი ხალხის არჩევანით შექმნილ ახალ რეალობაში არსებითად შესუსტდება ევროკავშირში და მთლიანად თავისუფალ სამყაროში პუტინის რუსეთისთვის სასარგებლო ძალების გავლენა და გაღრმავდება უსაფრთხოების სფეროში თავისუფალ ერთა თანამშრომლობა", - ნათქვამია განცხადებაში.

მადიარს გამარჯვებას "საქართველოსთვის" ლიუდერი გიორგი გახარიაც ულოცავს.

"ეს არის გამარჯვება ევროპული დემოკრატიისა და მთლიანად დემოკრატიული სამყაროსთვის! დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა მასშტაბური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელსაც ორბანის მთავრობა ავრცელებდა და რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებდა საარჩევნო პროცესის სანდოობას.

"მსოფლიოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა შეისწავლონ უნგრეთის მაგალითი და ისწავლონ მისი წარმატებიდან, თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ დაშალონ ორბანის მიერ შექმნილი პოპულისტურ-ავტოკრატიული ქსელები" , - წერს გახარია "იქს"-ზე.

"ლელო - ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ დემოკრატიული ცვლილებები საქართველოშიც გარდაუვალია.

"გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები უნგრელების მსგავსად კიდევ ერთხელ გააკეთებენ არჩევანს ევროპული მომავლის სასარგებლოდ, რადგან ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!

"როგორც უნგრეთში, ასევე საქართველოში, დემოკრატიული ცვლილებები გარდაუვალია თუ საზოგადოება მტკიცე და ერთიანია. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა, ამ მოთხოვნას ღირსეულად ვუპასუხოთ.

"უმთავრესი გაკვეთილი ცხადია: ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ! დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის მაგიერ! პოლიტიკის დაბრუნება ხალხისთვის და მისი ჩაყენება ადამიანების სამსახურში! ეს იყო, არის და იქნება "ძლიერი საქართველო - ლელოს" მთავარი რწმენა ჩვენს ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ.

"არჩევნებით ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი უთანასწორო სისტემაშიც კი!" - ნათქვამია განცხადებაში.

"დიქტატორები მიდიან ერთი მეორეს მიყოლებით! ვინ მშვიდობიანად ( მაინც ზრდილი ევროპელები) ვინ მახვილით და ომით! მაგრამ მიდიან! უსასრულო არაფერია ამ ქვეყნად! აღდგომის ნიშანიც ეს არის: სიკვდილის და უსამართლობის შემდეგ სიცოცხლე და ნათელი დღე! გილოცავთ!", - წერს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

საერთაშორისო გამოხმაურებები

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მადიარს გამარჯვებას ულოცავს და ამბობს, რომ ისტორიული მომენტია ევროპასა და უნგრეთისთვის.

„მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის", - წერს სტარმერი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა გააღრმაოს თანამშრომლობა უნგრეთთან.

"მზად ვართ შეხვედრებისა და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ქვეყნის, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკეთილდღეოდ", - აცხადებს ზელენსკი.

მადიარს გამარჯვებას ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.

„მოლდოვა მოუთმენლად ელის უნგრეთთან პარტნიორობის გაღრმავებას, იმ მეგობრობის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ხალხებს აერთიანებს და ასევე, ერთად მუშაობას უფრო ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ევროპისთვის", - ამბობს სანდუ.

უკიდურესად უარყოფითი შეფასება აქვს ამერიკელ მილიარდერ და ტრამოთან დაახლოებულ ილონ მასკს.

"სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო", - წერს მასკი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ამბობს, რომ მადიართან თანამშრომლობისთვის მზადაა.

"ჩვენ უნგრეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ერთგულები ვართ. სლოვაკეთის მთავრობა მხარს უჭერს „ვიშეგრადის ჯგუფის" ფორმატის აღდგენას. მხარს ვუჭერთ უნგრეთთან ერთად ჩვენი ენერგეტიკული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით ერთობლივ მიდგომას. მჯერა, რომ სლოვაკეთის, უნგრეთისა და მთლიანად ცენტრალური ევროპის მხრიდან „დრუჟბას" ნავთობსადენის მუშაობის აღდგენის მიმართ კვლავ დიდი ინტერესი არსებობს", - აცხადებს ფიცო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×