
ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში იმყოფება.
მათიკაშვილის თქმით, უნგრელმა ხალხმა თავისი არჩევანი გამოხატა და ისეთ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა, ვისაც ენდობა.
„დასრულდა საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ვიცით, დათვლილია ხმების 99%. დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციურმა გაერთიანება „ტისამ". როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა გამარჯვებულ ძალას, ქართველი ხალხისა და ჩვენი ხელისუფლების სახელით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მეგობარ უნგრეთთან გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა. წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. მოქალაქეების ძალიან მაღალი აქტივობა იყო. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე. მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა გამოხატა თავისი არჩევანი, ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა, რათა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მართოს უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.
კიდევ ერთხელ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, რომელიც ასევე სადამკვირვებლო მისიით იმყოფება უნგრეთში, აღნიშნა, რომ არჩევნებზე უპრეცედენტოდ მაღალი მონაწილეობა დაფიქსირდა.
„დასრულდა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვიმყოფებოდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ვაკვირდებოდით ამ არჩევნებს. არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი ნება გამოეხატა თავისუფლად, ზედმეტი ბარიერების, შეზღუდვების გარეშე. იყო უპრეცედენტო მონაწილეობა, ისტორიაში ყველაზე მაღალი მონაწილეობა მოსახლეობის მხრიდან და საბოლოო ჯამში, ოპოზიციურმა გუნდმა მიიღო გამარჯვება და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთო/ოდირის დასკვნების პირველადი მონაცემები და შეფასებები დღეს, თბილისის დროით 17:00 საათისთვის იქნება გამოქვეყნებული, ხოლო ორი თვის თავზე უკვე საბოლოო შეფასება გაკეთდება
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნებმა ჩაიარა ნორმალურ გარემოში, საარჩევნო პროცედურები იყო დაცული და მოსახლეობამ თავისი აზრი გამოხატა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მახაშვილმა.