
რომის პაპმა ლეომ განაცხადა, რომ მას ტრამპის ადმინისტრაციის „შიში არ აქვს" და ომის წინააღმდეგ საჯაროდ გამოსვლას გააგრძელებს. ეს განცხადება მან მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ირანთან დაკავშირებული მისი პოზიციის გამო უჩვეულოდ მწვავე კრიტიკა გამოთქვა.
დონალდ ტრამპმა პონტიფიკი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში „კრიმინალთან ბრძოლაში სუსტ" და საგარეო პოლიტიკაში „საშინელ" ფიგურად მოიხსენია. მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის „პაპის დიდი გულშემატკივარი არ არის".
პაპმა ჟურნალისტებს ალჟირისკენ მიმავალ გზაზე განუცხადა, რომ მას არ სურს ტრამპთან დებატებში შესვლა, თუმცა, მშვიდობის იდეის მხარდაჭერას გააგრძელებს. იგი ირანთან ომის ერთ-ერთ მკვეთრ კრიტიკოსად რჩება და ტრამპის მუქარას ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ „მიუღებელს" უწოდებს.
ზოგადად, იშვიათია, რომ პაპი მსოფლიო ლიდერების განცხადებებს პირდაპირ პასუხობდეს. შეერთებულ შტატებში 70 მილიონზე მეტი კათოლიკე ცხოვრობს, რაც მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. მათ შორის არის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
ტრამპის განცხადებები პონტიფიკის 11-დღიანი აფრიკული ვიზიტის დაწყებას დაემთხვა ეს მისი მეორე მნიშვნელოვანი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც გასულ წელს აირჩიეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა კვირას გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ პაპმა „საქმეები უნდა მოაწესრიგოს" და თქვა, რომ ის „სუსტია ბირთვულ იარაღთან მიმართებით", სავარაუდოდ, იგულისხმა თეირანის მცდელობები ბირთვულ ძალად ქცევასთან დაკავშირებით, რაც აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება.
მან ასევე მიანიშნა, რომ პონტიფიკი „იმიტომ აირჩიეს, რომ ამერიკელია და ეგონათ, რომ ეს პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპთან გასამკლავებლად, საუკეთესო გზა იქნებოდა". „თუ მე თეთრ სახლში არ ვიქნებოდი, ლეო ვატიკანში არ იქნებოდა," - დაწერა მან.
ჟურნალისტების მიერ პოსტის განმარტების თხოვნის პასუხად, ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა: „არ მგონია, რომ ის ძალიან კარგად ასრულებს თავის საქმეს, მგონი, კრიმინალი მოსწონს."
ამის საპასუხოდ, პაპმა ჟურნალისტებს ალჟირისკენ მიმავალ თვითმფრინავში განუცხადა, რომ საკუთარ როლს პოლიტიკოსად არ აღიქვამს და მის მისიას მშვიდობის გზავნილის გავრცელება წარმოადგენს.
„მე არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის, და არც ხმამაღლა საუბრის , იმ სახარების გზავნილზე, რაც ჩემი რწმენით არის ჩემი და ეკლესიის დანიშნულება," - განაცხადა მან ჟურნალისტებთან. „არ მინდა ტრამპთან დებატებში შევიდე," - დაამატა პონტიფიკმა.
"დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება. ძალიან ბევრი უდანაშაულო იღუპება. და ვფიქრობ, ვიღაცამ უნდა თქვას, არსებობს უკეთესი გზა ამის გასაკეთებლად," -განაცხადა მან.
ტრამპის განცხადებებმა მსოფლიოს სხვადასხვა კათოლიკური წრეებიდანაც უკმაყოფილება გამოიწვია.ერთმა ექსპერტმა აღნიშნული კომენტარები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პაპის ფაშისტურ დიქტატორებთან ურთიერთობასაც კი შეადარა.
„არც ჰიტლერს და არც მუსოლინის არასდროს ასე პირდაპირ და საჯაროდ არ ჰქონია მცდელობა პაპს თავს დასხმოდა", - განაცხადა მასიმო ფაჯიოლიმ როიტერსთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ პაპი მრავალ საჯარო გამოსვლაში გლობალურ კონფლიქტს ღიად გმობს. როდესაც ტრამპი ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით გაქრება", პაპმა ეს განცხადება „ნამდვილად მიუღებლად" შეაფასა.
პაპმა ასევე გააკრიტიკა ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა.
მიიჩნევა, რომ პაპი ლეო თავისი წინამორბედის, პაპ ფრანცისკეს ჰუმანიტარულ ხაზს აგრძელებს, რომელმაც 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის ანტიიმიგრაციული რიტორიკა „არაქრისტიანულად" შეაფასა.
დონალდ ტრამპმა კი გარდაცვლილ პაპს „სამარცხვინო" უწოდა.