
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გააკრიტიკა და „იქსზე" დაწერა, რომ ერდოღანი მხარს უჭერს ირანის რეჟიმს და ქურთებს ხოცავს. „ჩემი ხელმძღვანელობით, ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას ირანის ტერორისტულ რეჟიმთან და მის მოკავშირეებთან; მაშინ როცა ერდოღანი მხარს უჭერს მათ და ხოცავს საკუთარ ქურთ მოქალაქეებს",- წერს ნეთანიაჰუ.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის პრეზიდენტს „ქაღალდის ვეფხვს" უწოდებს და უკმაყოფილოა იმით, რომ ირანს პასუხი არ გასცა.
„ერდოღანი, რომელმაც არ უპასუხა ირანიდან თურქეთის ტერიტორიაზე რაკეტების გაშვებას და გამოავლინა, რომ ის ქაღალდის ვეფხვია, ანტისემიტიზმს მიმართავს და თურქეთში ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საველე სასამართლო პროცესებს აცხადებს",- წერს ისრელ კაცი.
ისრაელის ამგვარ განცხადებებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და გენოციდში ბრალი დასდო.
„ნეთანიაჰუ ცნობილია იმით, თუ ვინ არის და რა წარსული აქვს. ნეთანიაჰუ ჩვენი დროის ჰიტლერია თავისი დანაშაულების გამო. ის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ომის დანაშაულებისა და გენოციდის ბრალდებით გასამართლდა. მის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერი გაიცა".- ნათქვამია განცხადებაში.
თურქული მედია „დამოუკიდებელი თურქეთი" მიანიშნებს, რომ ასეთი მკაცრი ტონი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ახალ და აშკარა პიკს წარმოადგენს. გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა მედიასთან განაცხადა:
„ისრაელს მტრის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ირანის შემდეგ ნეთანიაჰუ თურქეთის ახალ მტრად გამოცხადებას აპირებს".
როცა ჰკითხეს, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს რეგიონში მიმდინარე პროცესი და შესაძლებელია თუ არა უფრო ფართომასშტაბიანი, უფრო ხანგრძლივი კონფლიქტები, ფიდანმა უპასუხა:
„ეს შესაძლებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ისევ იმავე მდგომარეობაში ვართ. ამჟამად, 7 ოქტომბრის შემდეგ დაწყებული პროცესის ფარგლებში, ისრაელის ექსპანსიონისტური პოლიტიკა, რომელიც ხშირად იყენებს ამერიკას და ზოგჯერ სხვა ქვეყნებს ინსტრუმენტებად, მისი დაჟინებული მოთხოვნა ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე, რეგიონში არსებულ გარკვეულ ნაპრალებს, ისედაც მყიფე ნიადაგს, კიდევ უფრო მყიფეს ხდის".
ისრაელელი ანალიტიკოსი იონი ბენ მენახემი ამბობს, რომ თურქეთი შეიძლება იქცეს „ახალ ირანად" ისრაელისთვის - ანუ მთავარ რეგიონულ მეტოქედ. მისი აზრით, ერდოღანი ცდილობს შექმნას სუნიტური ბლოკი, რომელიც გავლენას გააძლიერებს ახლო აღმოსავლეთში და დაუპირისპირდება ისარელს. „უსაფრთხოება კონტექსტში"-ის უფროსი მკვლევარი, მენდი ტერნერი ამბობს: „თუ შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის განადგურებას მოახერხებენ, შესაძლოა, შემდეგი თურქეთი იყოს. ეს აღარ არის პროვოკაცია, ეს უკვე რეალურია".