“ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ბევრს გადაწყვეტს - ჩვენ დასავლეთ-აღმოსავლეთის გზაზე ვართ და გზის საკითხიც ამ შეხვედრაში გაირკვევა”
თამთა ჩაჩანიძე
13.04.2026

მმართველი პარტია აპრილში კვლავ ელოდება შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტს, რაც მათი შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობის გააქტიურების პერსპექტივას უკავშირდება, ვიზიტის ზუსტი დეტალები და ჯგუფის შემადგენლობა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა, "ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ შეხვედრები ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებას ხელს შეუწყობს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში აშშ-ს საელჩო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აშშ-დან "გამოსაცხადებელი ვიზიტი არ არის".

ნიკოლოზ სამხარაძის მეთაურობით საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ში საფინანსო და განათლების ჯგუფები გაემზგავრნენ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.

აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივა

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოლო პროცესებიდან ჩანს, რომ თითქოს აშშ-სთან "ჩანგრეული ხიდი ნელ-ნელა იგება".

"თითქოს ნელ-ნელა ხიდი იგება, რომელიც ბაიდენის პოლიტიკის გამო იყო ჩანგრეული და ბაიდენს იგივე პოლიტიკა ჰქონდა, რაც დღევანდელ ევროკავშირს, რომ კავკასიის კარიბჭე კი არის საქართველო, მაგრამ იქ ხელისუფლება სასურველია რომ შეიცვალოსო. ნათქვამიც კი იყო ის ფრაზა, რომ 2012 წლამდე დემოკრატიის პრობლემა არ გვედგაო და 2012-ის მერე უკუსვლა შეიმჩნევაო.

"ბაიდენის ადმინისტრაცია ასეთი რიტორიკის ფონზე აწარმოებდა და ბუნებრივი იყო, რომ ურთიერთობა გაფუჭდებოდა. ამჟამად ამ ჩანგრეული ხიდის ამოშენება ხდება და სავარაუდოდ ხდება სწორედ იმ მოსაზრებათა გაუვნებელყოფით, რაც ზემოთ აღვნიშნე და ალბათ ორივე მხარეს ამ ხაზის გასწორება მოუწევთ სწორედ იმისთვის, რომ მომავალი ურთიერთობა უფრო პროდუქტიული იყოს.

  • რამაზ საყვარელიძე: "ნელ-ნელა ხიდი იგება, რომელიც ბაიდენის პოლიტიკის გამო იყო ჩანგრეული...ამჟამად ამ ჩანგრეული ხიდის ამოშენება ხდება... აშშ-დან ვიზიტები ალბათ იქნება უფრო ფართე, რამდენიმე პროფილით და ცალკეულ მიმართულებებს ჩაუყრის საფუძველს"

"აშშ-დან ვიზიტები ალბათ იქნება უფრო ფართე, რამდენიმე პროფილით და ცალკეულ მიმართულებებს ჩაუყრის საფუძველს და არა ზოგად პოლიტიკურ ხაზს. ასეთ ზოგადი პოლიტიკური განცხადებების გარეშე დაიწყო ურთიერთობის ჩამოყალიბება კონკრეტული მიმართულებებით ჩვენი მხრიდან და როგორც ჩანს ამერიკის მხრიდანაც.

"რუბიოს ზარამდე ამერიკის ინიციატივით ჩამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც ანაკლიის პორტი მოინახულა, თვითინ რუბიოს ზარიც ამერიკული მხარის ინიციატივით შესრულდა, ასე, რომ აშშ ამ შემთხვევაში პასიური მხარე არაა",- განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, ამ ზარის შემდეგ, რამდენად მოსალოდნელია რუბიო-კობახიძის შეხვედრა, საყვარელიძემ გვითხრა:

"ჯერჯერობით არ მაქვს ასეთი ზოგადი პოლიტიკური განაცხადის მოლოდინი, რადგან ასეთი შეხვედრა ზოგადპოლიტიკურ განაცხადს გულისხმობს, რომ აი ჩვენს ქვეყნებს შორის იწყება ეს და ეს, მემგონი ამერიკისთვის ეს საკითხი დაკონკრეტდება მაინც ჩინეთთან ურთიერთობის გარკვევის მერე.

"ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ბევრ რამეს გადაწყვეტს. ჩვენ დასავლეთ-აღმოსავლეთის გზაზე ვართ და გზის საკითხიც ამ შეხვედრებში გაირკვევა, ჩვენ კი არ ვართ მთავარი თემა, გზა არის მთავარი თემა",- განაცხადა საყვარელიძემ.

სამუშაო ვიზიტები აშშ-ში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე შეხვდება ევროპული სახელმწიფოების განათლებისა და მეცნიერების სფეროს ლიდერებსა და გაეროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

მინისტრი პენსილვანიის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრს ეწვევა. ასევე აშშ-ში მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს.

გივი მიქანაძე ორმხრივ ფორმატში შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და განათლების სახელმწიფო დეპარტამენტში.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.

„ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან.

სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.

ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება.

ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები.

ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×