"ვიცით, რომ დიდი მუშაობა მიმდინარეობს და რამდენიმე კვირაში მომხმარებლებს ექნება შესაძლებლობა, უფრო სამართლიანი და დაბალანსებული ფასები იხილონ"
ქეთო გოგოხია
13.04.2026

მსოფლიოში ვითარება სულ უფრო იძაბება, მაგრამ მთავრობის დაპირება სურსათისა და მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება. აპრილის ბოლომდე ზუსტად 2 კვირა რჩება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება გატარდება, რაც სავაჭრო ქსელებისა და დისტრიბუციის მაღალ მოგებას შეამცირებს. კონტროლის მექანიზმი კი გაძლიერდება.

ფასების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის  შოთა ბერეკაშვილის განცხადებით,  უნდა არსებობდეს ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს საცალო ქსელებს, რომლებსაც გავლენა აქვთ ბაზარზე. კონტორლის ფუნქცია შესაძლოა,  კონკურენციის სააგენტოს დაეკისროს.

,,ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია სწორი მონიტორინგი. ფასწარმოქმნის ჯაჭვში ყველაზე გავლენიანი არის საცალო ქსელები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეგვეძლოს მონიტორინგი. კარგი იქნება, რომ ქსელებმა მაგალითად, ყოველ სამ თვეში ერთხელ ზედამხედველს ფინანსური რეპორტინგი მიაწოდონ.

მიგვაჩნია, რომ სექტორის გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიზნესპროცესებს, ხოლო კომერციული ჩარჩოს შექმნა სექტორს გახდის პროგნოზირებადს და კონკურენტუნარიანს, რაც საუკეთესო ფასის ფორმირებაში გამოიხატება. უნდა არსებობდეს ორგანო, რომელიც გაუწევს მონიტორინგს იმ ქსელებს, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვთ ბაზარზე და ფასის დამწესებლები არიან.

ამ რგოლში ქვემოთ არსებული დისტრიბუტორისთვის, მწარმოებელისა თუ იმპორტიორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რომ გადახდა ხორციელდებოდეს კონკრეტული კომერციული პირობების შესაბამისად. ამას სჭირდება მონიტორინგი. ჩვენ არ ჩავერევით კომერციულ ურთიერთობაში, თუ ორმა მხარემ მოილაპარაკა, რომ გადახდის პირობა არის 60 დღე ან 35 და 40, მაგრამ ხშირია გადაცდენა და ასეთი შემთხვევები ბევრია. სავაჭრო ქსელებს აქვთ ცდუნება რომ გაახანგრძლივონ გადახდის ვადები. ასეთ შემთხვევაში 1 დღის გადაცდენაც კი 0,5 მილიონიდან 4 მილიონამდე დამატებით თავისუფალ კაპიტალს წარმოქმნის მათთვის. თუ 10 დღით გადასწია, 15-40 მილიონ ლარამდე ადის გაჩერებული ნაშთი. 

მიმწიდებლებს ეს თანხები აკლდებათ და იძულებული არიან დამატებითი რესურსი მოიზიდონ, რომელიც საბოლოოდ პროდუქტის ღირებულებაში აისახება და ეს ჯაჭვი მუდმივად დამატებით ხარჯებს წარმოშობს. არის 120-დღიანი და უფრო მეტი დარღვევებიც - ეს რომ გაასწორონ, ამას კაპიტალი სჭირდება და ჩვენ რაღაც პერიოდი უნდა მივცეთ, რომ მათმა ფინანსური საკითხები წესრიგში მოიყვანონ“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

ფასების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის პოზიციას ეთანხმებიან ექსპერტებიც. ანალიტიკოსი დავით ჩიხელიძე ფიქრობს, რომ მაღალი ფასნამატების შემცირება მომხმარებელს საგრძნობ შეღავათს მოუტანს და მუშაობაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, დისტრიბუტორების მიმართ სპეციალური მექანიზმი შემუშავდეს, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და მომხმარებლების ტვირთიც შემსუბუქდეს.

,,ველოდები, რომ  საცალო სექტორს რეგულაცია დაუწესდება. ახლა სხვა ცვლილება რეალურად ვერ გატარდება. რადგან ჩვენ მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ და  დამოკიდებული ვართ გლობალურ მომწოდებლებზე, ამიტომ საგარეო ფაქტორი ფასწარმოქმნაში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 

ბოლო პერიოდში სხვადასხვა პროდუქტების ფასზე ძალიან იმოქმედა საწვავის გაძვირებამ. ირანსა და აშშ-ს შორის ვერ შედგა შთანხმება და ეს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მაკორექტირებელი მექანიზმი შესამუშავებელია, რომ მომხმარებელი დავიცვათ, 

კომისიის მუშაობაც ადასტურებს, რომ კომპანიები დიდ მოგებაზე  მუშაობენ, საუბარი, რომ გადასახადი შემცირდეს ან გაუქმდეს, არასწორი იქნება, რადგან  სახელმწიფო ბიუჯეტის გამართულად ფუნქციობას დიდ საფრთხეს შეუქმნის. მეტი აქცენტი გაკეთდება კონტროლზე, დიდი ალბათობით რეგულაციები დაწესდება, ამიტომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებაც იქნება მოსალოდნელი. სახელმწიფოს სხვა ბერკეტი არ რჩება,  

აუცილებელია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც მომხმარებლების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული. თავის მხრივ, ბიზნესსაც ექნება საშუალება მოგება დარჩეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს განუხრელად მაღალი მაჩვენებელი. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ბიზნესის მოგება 10-12%-ს შეადგენს. 

სახელმწიფო მოწადინებულია, რომ ადგილობრივი წარმოება წახალისდეს. რომელსაც უამრავი ბარიერის გადალახვა უწევს. იმედია, ფასებზე ესეც დადებითად აისახება", - აღნიშნა დავით ჩიხელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას. 

სპეციალისტების ნაწილი მაღალი ფასნამატის მიზეზად ოლიგოპოლიას მიიჩნევს, აქედან გამომდიონარე, ფიქრობენ, რომ სწორედ ამ საკითხზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რაც ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას შექმნის. ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძე თქმით, მოგების დიდი მარჟიდან და ცალკეულ სასურსათო პროდუქციაზე მკვეთრად გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობაა, რომ ამ ყველაფრის უკან კარტელური გარიგებება იდგეს.

,,მთავრობის ინიციატივა ძალიან დაეხმარება კონკურენციის გაძლიერებას საცალო ქსელში ფასების დასტაბილურების მიმართულებით. შესაძლებელია, კარტელურ გარიგებასთან გვქონდეს საქმე, რაც შესწავლის საგანი უნდა გახდეს. 

სავსებით ლოგიკური და დროული გადაწყვეტილებაა მიღებული, რადგან წლიურ ინფლაციაზე ზრდის ან შემცირების მიმართულებით დიდწილად სწორედ სურსათის ღირებულება მოქმედებს. მართალია, ფასების სტაბილიზაციაზე საბოლოოდ ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, თუმცა პრემიერის ახალი ინიციატივა მხოლოდ წაადგება კონკურენციის გაძლიერებას. როდესაც ბაზრის კონცენტრაცია მაღალია, ფასებით მანიპულაციისა და მარჟების გაზრდის შესაძლებლობაც მაღალია. 

ალბათ, თვის ბოლოს ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა და კონკრეტული გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. სურსათის სიძვირე დიდი პრობლემაა და იგი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აწუხებს. იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და ბაზარზე ხელოვნურ ფასს ამკვიდრებს, სახელმწიფოს ჩართვა აუცილებელია. ვიცით, რომ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და სულ რამდენიმე კვირაში მომხმარებლებს ექნება შესაძლებლობა,  უფრო სამართლიანი და დაბალანსებული ფასი იხილონ დახლებზე, რითაც სოციალური სტაბილურობაც მიიღწევა და ეკონომიკური სამართლიანობაც დამკვიდრდება", - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. ფასების შემცირებასთან დაკავშირებით კომისიის მუშაობა აპრილის ბოლოს დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×