
საქართველოში სამშენებლო სექტორი სტაბილურობას ინარჩუნებს. ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის მიუხედავად, ბაზარზე უძრავი ქონების გაძვირების ტენდენცია ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. მართალია, დაახლოებით თვენახვევრის წინ, როცა აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, საფასო რყევა შეინიშნებოდა, მაგრამ სიტუაცია მალევე დასტაბილურდა. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ბაზარი სტაბილურია და ახლო მომავალში რაომე განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
ჯერჯერობით მხოლოდ ზოგიერთი სამშენებლო მასალა გაძვირდა, განსაკუთრებით კერამკული ნაწარმი და ფილები, რომლის იმპორტიც აქამდე, ძირითადად, ირანიდან ხორციელდებოდა. როგორც სამშენებლო სფეროს წარმომადგენელებმა "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, ეფექტი მცირეხნიანი იყო და როგორც კი ალტერნატიულ ბაზრებზე გადაერთნენ, ფასიც თანდათან დასტაბილურდა.
ინჟინერ-მშენებელმა და სამშენებლო მასალების ექსპერტმა გიორგი შვანგირაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამშენებლო მასალების მომწოდებელი რამდენიმე სახელმწიფოა, მათ შორის, რეგიონის ქვეყნები, რამაც ბაზარის სტაბილურობა უზრუნველყო. სექტორი დინამიკურად ვითარდება და გლობალური პროცესების გავლენა ამ მიმართულებით მინიმალურია.
,,ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტი მსოფლიოსთვისაც დიდი გამოწვევაა და მას თავისებური გავლენა აქვს ყველაფერზე, მათ შორისაა უძრავი ქონების ბაზარიც. გარკვეული რყევა აქაც დაფიქსირდა, მაგრამ ეს იყოს მოკლე პერიოდის ეფექტი, მალევე გამოსწორდა მდგომარეობა. შესაბამისად, რაიმე რადიკალური გავლენა არ ყოფილა. თუმცა ზოგიერთი მიმართულებით შეიცვალა ტარიფები. მაგალითად, ტრანსპორტირების ხარჯი გაიზარდა ნავთობპროდუქტების გაძვირების გამო.
რაც შეეხება ირანიდან იმპორტს. ამ ქვეყნიდან სამშენებლო მასალების მხოლოდ მცირე ნაწილი შემოდიოდა, ძირითადად, საღებავები, კერამოგრანიტები, ფილები და სხვა მსგავსი პროდუქცია, მაგრამ სხვა ბევრი ქვეყანაც ჩვენი მომწოდებელია, მათ შორის, რეგიონის ქვეყნებიც, ამიტომ ირანული სარემონტო მასალების დეფიციტს, უძრავი ქონების ბაზარზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია", - აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ.
მისივე თქმით, სტაბილურობას ხელი შეუწყო ლარის კურსმაც, რის გამოც მოხერხდა სტაბილური საფის შენარჩუნება და ამ დრომდე ცვლილებები არ მომხდარა. სავარაუდოა, ეს ტენდენცია შენარჩუნდება კიდეც.
,,ეროვნული ვალუტის კურსი სტაბილურია, გამყარდა კიდეც ბოლო პერიოდში, ამან უძრავი ქონების ბაზარზე დადებითად იმოქმედა. მცირე რყევა ისედაც არის მშვიდობიან პერიოდშიც და უშუალოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას მნიშვნელოვანი რყევა არ გამოუწვევია. რეგიონში ახლაც დიდი დაძაბულობაა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის პაკისტანში გამართული მოლაპრაკებები ჩაიშალა, თუმცა საქართველოს უაძრავი ქონების ბაზარზე ამას რაიმე ხელშესახები გავლენა არ ექნება.
თუკი ზოგიერთი დასახელების სამშენებლო მასალა გაძვირდა, ესეც ბუნებრივია. ფასის ზრდა გლობალური მასშტაბით ყველგან შეიმჩნევა. თუკი ბაზარზე მცირე დეფიციტი გაჩნდება, ეს დიდი წახალისება იქნება საქართველოში წარმოების გასაზრდელად და ადგილობრივმა ბიზნესმაც უნდა გამოიყენოს ამგვარი შესაძლებლობა", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ გიორგი შვანგირაძემ.
ამდენად, გლობალური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ჯერჯერობით სტაბილურობაა. როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, თუკი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქი გაგრძელდება და გახანგრძლივდა, მაშინ დიდი ალბათობით, უძრავი ქონების ბაზარზე გავლენა ნადვილად ექნება, რაც მოთხოვნა-მიწოდების ზრდაში აისახება.
დეველოპერი ნიკოლოზ თოფურია ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გრძელვადიანად გაგრძელება გარკვეულ გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც მოახდენს და მოთხოვნას გაზრდის, რაც, თავის მხრივ, საბაზრო ფასზეც იმოქმედებს. დღესვანდელ მდგომარეობას თოფურია პოზიტიურად აფასებს - დარგი სტაბილურად ვითარდება, დაძაბულობის მიუხედავად, მოთხოვნა ცოტათი გაიზარდა კიდეც. რაც შეეხება ფასს, ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ცვლილება არ შეინიშნება.
,,ბაზარი სტაბილურია, მოთხოვნა კვლავ მაღალია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორების ნდობა სექტორისადმი არ შემცირებულა. ეს მაშინაც კი, როცა გლობალური გაურკვევლობა ისევ აშკარაა. ირანის კონფლიქტიდან გამომდინარე, ჩვენ პრობლემა ჯერჯერობით არ შეგვქმნია. მართალია ტრანსპორტირების ხარჯი გაიზარდა და პროდუქცია გაგვიძვირდა, მაგრამ ეს პროცესი ყველა ქვეყანაშია. ჩვენთან გარკვეულ დონეზე გაძვირდა სამშენებლო მასალებიც, მაგრამ ბაზარზე მკვეთრი გავლენა არ მოუხდენია. მსგავსი მცირე რყევა კონფლიქტური სიტუაციების გარეშეც არის და მეტ-ნაკლებად ასატანია.
თვალყური უნდა მივადევნოთ იმას, თუ რა სიტუაცია შეიქნება. რა მოცემულობაც დღეს არის, სტაბილურობის მანიშნებელია და ბაზრის დინამიკურ განვითარებას მოწმობს, რაიმე ცვლილებას ამ კუთხით არ ველოდები, რა თქმა უნდა, თუკი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დაიძაბება და კონფლიქტი არ გაღრმავდება", - აღნიშნა დეველოპერმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
საინტერესოა ,,თიბისი კაპიტალის" კვლევაც, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა დამოკიდებულია საომარი მოქმედებების ხანგრძლივობასა და მასშტაბზე. იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში ამოიწურება, შესაძლოა, 2026 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს კონფლიქტამდე არსებულ საბაზისო სცენარში იყო გათვალისწინებული. ეს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთიდან პოტენციური მიგრაციით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც იმოქმედებს უძრავი ქონების მოთხოვნაზე, როგორც გაქირავების, ისე გაყიდვის კუთხით.