
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, გაათავისუფლოს დაკავებული ჭიათურელი მაღაროელები - გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი“, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევასა და ქვეყანაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცებას.
კერესელიძემ ყურადღება გაამახვილა ჭიათურაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მაღაროელები პროტესტს გამოთქვამენ შრომითი პირობების გაუარესებისა და შემოსავლის გარეშე დარჩენის გამო.
მისივე თქმით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტს ოფიციალური შუამდგომლობით მიმართავს დაკავებული მაღაროელების შეწყალების თხოვნით, რომელიც მიმდინარე საპარლამენტო სესიის დასრულებისთანავე გაიგზავნება.
„ჩემი დღევანდელი პოლიტგანცხადება მინდა დავიწყო მოწოდებით და მოთხოვნით საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რათა მოისმინოთ ჭიათურის მოსახლეობის წუხილი, მაღაროელების გასაჭირი და მათი სამართლიანი პროტესტი. ისინი ითხოვენ:
დაპატიმრებული ჭიათურელი მაღაროელების გიორგი ნეფარიძის, მერაბ სარალიძის, თენგიზ გველესიანისა და აჩიკო ჭუმბურიძის განთავისუფლებას;
შრომის რეალურ ანაზღაურებას, რის გამოც 3500 კაციდან 2000-ზე მეტი დასაქმებული მაღაროელი შემოსავლის გარეშე დარჩა;
ითხოვენ რთული და მაღალი რისკის სამუშაო პირობებიდან გამომდინარე შრომის უსაფრთხოების ნორმების მკაცრად დაცვას;
ნედლეულის მიწისქვეშა წესით მოპოვებას, ვინაიდან ჭიათურაში დღეს უკვე სახეზეა ამოწურული რესურსები და თითქმის სრულად ათვისებული ღია კარიერები, მოსახლეობისგან დაცლილი და დანგრეული სოფლები, დაბზარული სახლები, იმედგაცრუებული ახალგაზრდობა, გაზრდილი მიგრაცია, დაბინძურებული გარემო და განადგურებული ინფრასტრუქტურა.
ჭიათურელი მაღაროელები სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გამო, უწყვეტად მართავდნენ აქციებს ჭიათურაში და სხვა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, მაგრამ მათი მოთხოვნები და გასაჭირი ყურად არავინ იღო. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ჭიათურა მონოინდუსტრიული ქალაქია, სადაც მოსახლეობის უმეტესობა დამოკიდებულია მხოლოდ ერთ საწარმოზე და ამ საწარმოს მიღმა, სამწუხაროდ, დასაქმებისა და შემოსავლის ალტერნატიული წყაროები პრაქტიკულად არ არსებობს. ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჭიათურის მოსახლეობის 60% მეტი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედი საარსებო შემწეობის მიმღებია.
ჭიათურელი მაღაროელების დაკავება უკავშირდება მწვავე სოციალურ საპროტესტო ტალღას, რომელიც უკიდურესი გაჭირვების, შრომითი პირობების გაუარესების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩენის გამო „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.
სწორედ ამიტომ, ჩვენი საპარლამენტო გუნდი და ფრაქცია „საქართველოსთვის“ სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაპატიმრებულ მაღაროელებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თუ ნამდვილად გაქვთ პოლიტიკური ნება, ქვეყანაში დაიწყოს პოლიტიკური ვითარების დამშვიდება და დაძაბულობის განმუხტვა, ნუ დაიწყებთ მტყუან-მართლის გარჩევას, ნურც დანაშაულის აღიარებას მოსთხოვთ ვინმეს და ნურც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს დააბრალებთ. შეურიგდით საკუთარ ხალხს, ახალგაზრდებს და გაათავისუფლეთ პატიმრობიდან დაკავებული მაღაროელები: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და არჩილ ჭუმბურიძე. დამერწმუნეთ, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ამაყად გექნებათ უფლება თამამად ისაუბროთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დეპოლარიზაციასა და ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის დამყარებაზე. იმიტომ, რომ ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევასა და დემოკრატიული სტაბილურების აღდგენისკენ.
პრეზიდენტის სახელზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო დეპუტატების მიერ მომზადებული ოფიციალური შუამდგომლობა დაპატიმრებული მაღაროელების შეწყალების შესახებ, მომდინარეობს საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც მიმართულია მაღაროელთა უფლებების დაცვასა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ. ჩვენ მიერ მომზადებულ შუამდგომლობას მაღაროელების შეწყალების შესახებ, პრეზიდენტს გავუგზავნით მიმდინარე სესიის დასრულებისთანავე,“ - განაცხადა კერესელიძემ.
მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს კი - 4 წელი და 3 თვე.
მაღაროელებს – გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ედავებოდა.
შემთხვევა 2025 წლის 28 აპრილს მოხდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს.
მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი.