
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის მმართველ პარტიას ადანაშაულებს წარსულში „რუსეთთან დათმობების პოლიტიკის“ გატარებაში. გამოქვეყნებულ ვიდეოში ბრალდებები ისმის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკისა და პოლონეთის სეიმის სპიკერის, ვლოდზიმეჟ ჩაჟასტის მიმართ. ნავროცკიმ განაცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ისინი, რომლებიც ახლა პოლონეთის ხელისუფლებაში არიან, „რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას ატარებდნენ და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას პუტინისგან მიღებულ პრივილეგიებზე ცვლიდნენ“.
„დღეს ისინი ცდილობენ ჭკუა გვასწავლონ. არ დავუშვებთ, რომ სიცრუემ სიმართლეს სძლიოს“, - წერს პოლონეთის პრეზიდენტი.
ვიდეოში ტუსკსა და ჩაჟასტის ადანაშაულებენ „ტყუილსა და პოლონეთის პრეზიდენტზე თავდასხმებში“, რომელიც „წლების განმავლობაში იბრძვის რუსული გავლენის აღმოსაფხვრელად“.
„ვლოდზიმეჟ ჩაჟასტის, რომელიც ცნობილია თავისი კომუნისტური წარსულითა და რუსეთთან კავშირებით, და დონალდ ტუსკი, პოლონეთის ისტორიაში ყველაზე პრორუსული პრემიერ-მინისტრი, უსაფუძვლოდ უტევენ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის. ჩვენი ლიდერი წლების განმავლობაში ცდილობდა რუსული გავლენის შეზღუდვას. როგორც ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ის ანგრევდა კომუნისტურ ძეგლებს, ხოლო, როგორც პოლონეთის პრეზიდენტი, პირდაპირ უწოდებს პუტინს დამნაშავეს“, - ნათქვამია ვიდეოში.
ვიდეოში მოხსენიებულია ჩაჟასტის ბიოგრაფია, სადაც ხაზგასმულია მისი წევრობა კომუნისტურ პარტიაში. ტუსკთან დაკავშირებულ ნაწილში კი გამოთქმულია ვარაუდები მისი „პრორუსული“ საქმიანობის შესახებ. კერძოდ, ვიდეოში ნახსენებია ტუსკის წარსული შეხვედრები პუტინთან და საუბრები, რომელთა დროსაც ის, სავარაუდოდ, „კითხულობდა აზრს პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მშენებლობაზე“.
„სწორედ მისი მმართველობის დროს გახდა ჩვენი ქვეყანა დამოკიდებული რუსულ გაზზე, ხოლო თავად მას რუსული მედია „ჩვენ ადამიანად ვარშავაში“ მოიხსენიებდა. ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პირადად უსურვა ტუსკს ხელისუფლებაში დაბრუნება“, - ნათქვამია ვიდეოში.